ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2008


ფშავი

მე, ტრისტანი და ნიკო ერთ დილით,
გზას დავადექით იმ სინათლისკენ,
სად ერთურთს ხვდება ვაჟას აჩრდილი
და დაღარული მთების სიმტკიცე...

ერთმანეთს ცვლიდა ფერდობი,რიყე,
არ ნებდებოდა დაღლას სხეული,
დაღამებამდის ჩვენს გვერდით იყო
მზე ფშავის ცაზე ამაღლებული.

აქ რომ შეგვყროდა დევების ჯიში,
ბედი-შავბედი იქვე მოკლავდა,
ჩვენ არ გვიგვრძვნია დაღლა და შიში
მეგზურად გვყავდა დიდი კოპალა.

მერე ვეწვიეთ გოგოლაურთას,
იქ თურმე სტუმარს მუდამ ელიან,
და როცა ღამეს სიტყვა გაუწყდა,
მზე ამოვიდა მამლის ყელიდან...


            -----------------

აქ ფრინველები ფრენას არჩევენ,
ფშავლებს კი უყვართ ძველი ფანდური,
რომ გამოსტაცონ მთებს და ჩანჩქერებს
ლექსი ტალღებში ამოქარგული...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები