ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2010


დროს გაუსწარი

მარტის განსხვავებული წვიმაა...
თქეშია! ღვარცოფივით მოედინება არაფრისფერი წვეთები.
ამ ბოლო დროს უფრო მეტს ვეწევი და შესაბამისად
საჩვენებელმა თითმა ძველებური ფერი ნიკოტინს შესწირა...
ძალიან ცივა... წელს სხვანაირი გაზაფხულია!
ისე ცივა, რომ ტყავის ქურთუკშიც ატანს სიცივე და ლავიწის ძვალს გრძნობას უკარგავს!
სიგარეტს ძლივს მოვუკიდე და შენს ლოდნინში, ნამწვავებით წვიმის ღვარცოფს ბარიერი შევუქმენი...

დაგინახე!
გალურჯებული ტუჩები ერთიანად გიცახცახებდნენ... გახამებულ სახეზე დაყრილი თმები კი ძველებურად ვეღარ ფარფატებდნენ.
უცნაური იყავი. (არაორდინალური)
მაკოცე და ახლაც მახსოვს სიცივენარევი სითბო ტუჩთან ახლოს...
კოკისპირულ წვიმაში სიარული გინდოდა... ჰო, შენებურად გინდოდა სეირნობა.
მაშინ რამდენჯერმე გაიმეორე: იცი?! - დავიღალე!
კითხვა არ დამისვამს, მაგრამ მიხვდი, რომ უნდა მეკითხა...
და დაკონკრეტდი: გადავიღალე - მივდივარ!
მე ირონიით გავიღიმე პირშეკრულმა, შენ კი ერთი-ორად სერიოზული იერი გედო და თითქოს არაფერზე ფიქრობდი. (უმეტყველო იერს უნარჩუნებდი ხავერდივით ბაგეს)

მტკვართან ვიდექით!
მტკვარს ძველებური ჭაობისფერი-ჭუჭყისფერში გადასვლოდა... და გაშმაგებული სვლით მტრედების ლანდებს უმკლავდებოდა.
მაშინ მითხარი: ნახე, როგორ გარბის... სწრაფია ჩემსავით. მტკვარმა „დინებასაც“ გაასწრო.
სიმართლე გითხრა არ ვიცოდი, რისი თქმა გინდოდა, უბრალოდ თავი დაგიქნიე!
თემის შეცვლა მინდოდა, მაგრამ მტკვარს ედრებოდი...
თითქოს მის სისწრაფეს დაპატრონებოდი!

სახლთან მიახლოვებისას თითქოს გადაკვირთ ამოიოხრე:
მე გავასწარი ცხოვრებას - ისე, როგორც მტკვარმა - დინებას!
მე ძველებურად გაგიღიმე... დაგემშვიდობე, ოღონდ შენი ტუჩები ახლა სხვანაირად ცივი იყო... (ხომ არსებობს თბილი ყინულიც?!)

ამოვწურე...
გადავიღალე...
გავყვები მტკვარს... მტკვარმა გაუსწრო დინებას... ვინ იცის სად?! ეგებ აჯობოს!

(სწორედ ეს ისტორია დაწერე იმ წერილში, რომლიდანაც შენი გაუჩინარების ამბავი გავიგე)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები