ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2008


ლექს(მწერ)ი

საწყალ მწერს, ვითომ, ფეხსაც არ ვადგამთ,
მზაკვრული ცრემლი გვახრჩობს ხველებით,
ერთფეროვნება გვიღირს არაფრად,
გასართობს ვნატრობთ, განახელები.

მოძმის შეცდომას ვუწოდებთ ცოდვას,
საკუთარ ღალატს უნებურს ვარქმევთ,
ფარისევლურად ვიმორცხვებთ ცოტას,
სინანულისას კვლავ თავს ვიმართლებთ.

ზიზღით დავყურებთ მტვრიან მათხოვარს,
არსებობას რომ ებრძვის ხელებით,
ვიღაცის შურით ვეძებთ საშოვარს,
და ვამპარტავნობთ შეუსვენებლივ.

მერე, მოყვარეს ცილსაც დავწამებთ,
ან ნელა ვახრჩობთ, ღიმილ-ფერებით,
და, უფრო მეტიც, ზოგჯერ, გვაწამებს
ყურება სხვისი ბედნიერების.

თვალი გაგვირბის ცისკენ ყოველთვის,
სინდის-ნამუსს კი ხშირად ველევით,
სულით ვატარებთ ჩვენზე მძიმე ტვირთს,
ზომაზე დიდი ჭიანჭველები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები