ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2010


რომ (დრო) დროდადრო

ქარი ეპყრობა ხეებს უხეშად,
ჰგვანან წუთები ცვილის ფიგურებს,
ყველა დღე ღამის კლანჭებში ხვდება,
საათი ურჩი ცენტრიფუგაა.
უკვე რამდენჯერ დასმულ ერთ წერტილს
მიემატება ორი და მერე
თუმცა იცი, რომ ვერაფერს შეცვლი,
მაინც მიამიტ ბავშვივით გჯერა,
რომ დრო დროდადრო კურნავს იარებს...
გიკვირს, რატომღაც არ იოცებდი
ადრე, შეშლად რომ არ აღიარეს
შენი სიგიჟის ასი პროცენტი.
ქარი ეპყრობა ხეებს უხეშად,
ბეტონის კედლებს ასკდება თავით,
სიმწრისგან ისე ამოიხვნეშებს,
თითქოს, სიცოცხლეს იქვე ათავებს.
შენ სივრცისფერი გაგიხდა სული,
არითმიულად ახველებს ჩანჩქერს,
ყველა ტკივილი დაგამახსოვრდა
და ყველა დარდი თვალებში ჩაგრჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები