ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფედრა
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2010


განთიადამდე გეძებ ღმერთო(უკრავს გოთიკა)

ვთვლი გასასროლად გამზადებულ ნაღმივით და ცდა
აღარ შემომრჩა აღარცერთი,გეძებ უფალო
ვენებდაწყვეტილ სტრიქონიდან ბღავილით დამცდა,
სადღაც ხელკავით წაიყვანეს ქარში უკვალოდ

რწმენა და ისე გამოვიხარ შიგნიდან ვგონებ
დასასრულიდან მოვცოცავდე,თუმცა წილნაყარ
ქვეყნიდან მოველ,რომ მიწიდან გამოგეგონე
და გადახეულ წმინდა წერილს კრძალვით ვინახავ

არეში გულის,დავიჩოქებ მუხლებით და მეტს
შეგთხოვ არაფერს ისე წავალ ჩემებრ მთვარეულ
აღსარებიდან ვირჩევ ლექსში სტროფებით ცამეტს
და იალბუზთან მოგაბარებ რიტმაარეულ

ძგერას მიწისას მიცვალების იქიდან,რომ ჩანს
მოვისხამ სიკვდილს რომ მაკრთობდა ასე ნიადაგ
ალბათ არასდროს არ ეტყვიან ღირსებას ,,ყოჩაღ-ს"
და არც იესო აღარ მოვა გალილეადან.

უფალო,ჩვენში ყველა დედა ამორძალია
დახიე უკან წელთა კადრი იაპრილე და
ნახავ ილია ისევ წმინდა და მართალია
მდუმარ მთებივით და მისვრიან იმ სიგრილიდან,

სადაც აფარებს განდეგილის აჩრდილი თავს და
იქ,სადაც წარსულს ადევს აწმყო მძიმე ურდულად
ყორღანებიან  აკლდამებში ეშმა განთავსდა
და პოეტებიც ცეცხლისმაგვარ ხრავენ ბურთულებს

ნასროლი ტყვიის,რომ ფიცავენ ძმობას ძველებურ
ყაიდაზე კი ცვლიან ვაზნებს,რათა გამიზნულ
ესროლონ წყვდიადს,სანამ სისხლის ამოხველებურ
ხმას არ გამოსცემს გახეთქილი ფილტვით ქარიზმა.

(უკვე სინტაქსი შევიწოვე აღარ ვსვავ წერტილს)
ვგრძნობ გარეშემო შემოჯარულ აჩრდილ-წინაპართ
ვწერ და ხმა მესმის,თუმცა ბუნდად და წყვეტილ-წყვეტილ
გასროლილ ბგერებს ვკრავ კონებად და ხან წინა ვარ

ხან კი საერთოდ არ ვშობილვარ,ძვლებამდე დახრულ
წყეულებს შორის ვდგავარ ახლა მასრებით დაცლილ
იარაღიდან ვისვრი მიჯრით ლექსს ჯვარზე გაკრულს
და სულს გაბარებ შემოქმედო ფრჩხილივით აცლილს.

განთიადია,დაქანცული პოეტი ისევ
და ისევ ებრძვის,ჩასახლებულ მშიერ მირაჟებს
ღამე სიკვდილის მოპარვისთვის ბრბოს შემომასევს
რაკი წარვდგები თავდახრილი მხოლოდ წინაშე

შენი და ვფიცავ სატანებთან ართავჩაღუნულს
უკანასკნელი მჭიდივით,რომ გავტენი კალამს
საკუთარ სისხლით და თუ მხედავ წელში გაღუნულს
ერთი პოეტი მომაშველე,რომელიც ადამ_

იანად შობე..ჩქარა,ბოლო სტროფებს ვაფეთქებ,
_მოდი მედროშევ,მეომარი ისე არ გქვია,
ვამბობ მეტია რომ ქართველი პოეტი მეთქი
ვიდრე ბნელეთის მთელი დასი,იერარქია.

ვენებდაჩეხილ სტრიქონიდან ბღავილი დამცდა
სადღაც ხელკავით წაიყვანეს რწმენა უკვალოდ
მე კი ნაღმივით მოწიკწიკე წამებს ვთვლი და ცდა
აღარ შემომრჩა აღარცერთი გეძებ უფალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები