ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2010


ერთკაცა

    ქუჩიდან შემოსული ჩოჩქოლის ხმა მაშინ გავიგონე, როცა წიგნის მაღაზიაში თაროებთან მდგომი ახალ გამოცემებს ვათვალიერებდი.

    დილის ათი საათი რამდენიმე წუთით  იქნებოდა თერთმეტისკენ გადახრილ-გადაწეული. მაღაზია ახალგაღებული იყო. სამსახურში ცხრა საათზე მისულმა სასწრაფო თუ პირველი რიგის საქმეები მოვითავე და მაშინვე  ხუთი წუთის სავალზე მდებარე წიგნის მაღაზიას მივაშურე.

    ქუჩიდან წამოსული ხმაური თანდათან ძლიერდებოდა და მრავალფეროვანი ხდებოდა, თუმცა ავტომობილების გუგუნი ერთგვარად აძნელებდა მის აღქმას. მაღაზიის შუშებიანი კარიც მჭიდროდ დაეხურათ. ადრე გაზაფხული იყო, ჯერ კიდევ ციოდა და ალბათ, ამიტომ.

    გავიფიქრე, - ნეტავ ამ დილაუთენია, ამ პატარა ქალაქში, ვინ ვის აუხირდა, ვინ ვის გადაეკიდა-მეთქი. წიგნი თაროზე დავაბრუნე და ცნობისწადილს აყოლილი კარებისკენ წავედი.

    მაღაზია  ტროტუარს ორი თუ სამი საფეხურით უკავშირდებოდა. ტროტუარის კიდეზე კი ვეება ზომის მარადმწვანე, ტოტებგაუსხლავი ხე იდგა. ჩოჩქოლს თუ ხმაურს ამ გაბანჯგვლული ხის ტოტები გადაჰფარებოდა. არც თუ ისე ფართო  ქუჩაში ავტომობილები კანტიკუნტად და აუჩქარებლად, მაგრამ ცალმხრივად მოძრაობდნენ. ქუჩის მეორე მხარეს, გაღმა ტროტუარზე, რამდენიმე ჩემებრ ცნობისწადილს აყოლილი  ზანტად და აუღელვებლად გადაადგილდებოდა  ხმაურის მიმართულებით.

    მაღაზიის შემინული კარი ფრთხილად გამოვიხურე, რამდენიმე ნაბიჯი მარჯვნივ გადავდგი, ტოტებდაზნექილ, ფართოფოთლოვან ხეს გავცდი და  ქუჩის გაღმა ტროტუართან  ჩაყენებული მანქანების უკან, სავალ ნაწილთან ახლოს მდგომი ახალგაზრდა, გამხდარი, საშუალოზე  მაღალი, ისეთი შესახედაობის კაცი დავინახე, არც ქერა რომ არ ეთქმოდა და არც შავი. პაუზას შევესწარი... წამის მეასედებამდე გაგრძელებულ პაუზას. ახალგაზრდას შეწუხებული და ალეწილი სახე ჰქონდა. მომეჩვენა, თითქოს ეს-ესაა აუტანელი ტკივილი მიაყენეს, თავდაღწეული და გადარჩენილი ქუჩაში გამოვარდნილიყო და  მიშველეთ-მიშველეთო გაიძახოდა.  გაკვირვება თუ გაოცება დამეუფლა. ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე, იქნებ უსმელ-უჭმელობისგან გულწასულს იქვე, ტროტუარზე მდებარე კაფეში ხელი წაუცდა და პანღურით თუ კინწისკვრით გარეთ გამოაგდეს-მეთქი. ეს ფიქრები, ალბათ, ბიჭის  სუსტმა აღნაგობამ, შეუსაბამო ჩაცმულობამ და გაღმა ტროტუარზე მყოფი რამდენიმე ცნობისმოყვარის მომღიმარმა თუ დამცინავმა გამომეტყველებამ მიკარნახეს, ან იქნებ იმანაც, მათში ერთი-ორი თეთრხალათიანი მზარეულიც რომ ერია, რომლებსაც კაფე  მიეტოვებინათ და მოსეირე მსმენელების რიგებს შემატებოდნენ.

    ქუჩის გამოღმა ტროტუარზე მარტო ვიდექი; გაღმა ტროტუარზე კი ათიოდე  ცნობისმოყვარე მოგროვილიყო.

    ახალგაზრდა კაცმა პაუზა დაასრულა და საოცარი ხმით ამოიძახა: ,,...შენ ჩემთვის რა გატირებდა, მე შენთვის რა მირგიაო!...” და მაშინათვე მოაყოლა: ,,...ჰა-რა-ლა-ლი, ჰა-რა-ლა-ლო...”-ო. სუნთქვა შემეკრა, -  ჩხუბს, აყალ-მაყალს, ხალხმრავალ გაწევ-გამოწევას მოველოდი და გამხდარი, სახედალეული, სასოწარკვეთილი ხმით მომღერალი ბიჭი შემრჩა ხელთ. მსგავსი სურათი არასოდეს მენახა, - არც უფრო დიდ და მით უმეტეს, არც პატარა ქალაქებში. ბიჭს ღარიბული პიჯაკი ეცვა, ცალ ღილზე შეკრული, რომლის შიგნიდანაც ნაცრისფერი, საკმაოდ გაცრეცილი, მოკლეყელიანი სვიტერი მოუჩანდა. მის სუსტ, სასიმღეროდ გაშლილ ბეჭებს მკვლავები  მოშვებულად თუ მოდუნებულად ეკიდნენ. მაინც შემართული იდგა. იდგა და მრავალ ხმაში სათქმელ სიმღერას მარტო ამოთქვამდა, შვიდი კაცის ჭაპანს მარტო ეზიდებოდა. ლამაზი, ჟღერადი ხმა ჰქონდა, - იფიქრებდით გუნდი მღეროდაო. იქნებ სულაც ამიტომ შემექმნა ჩოჩქოლის შთაბეჭდილება, მით უმეტეს, რომ სახლები, ქუჩის კალაპოტები, გაღმა-გამოღმით აძლევდნენ  ბანს ნამღერს.

    ბიჭი ფულს არ ითხოვდა, - მის შესაქუჩებლად ჯამ-ჭურჭელი თუ სხვა რამ ატრიბუტი თან არ ჰქონდა.

    პირველი სიმღერა რომ მოათავა, შეისვენა და აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. გაღმა ტროტუარიდან ერთი-ორი მოსეირე მსმენელი გზის სავალ ნაწილზე გამოვიდა და ბიჭს ხელში რაღაც ჩასჩარა, ალბათ, ფული. ცოტა ხნის შემდეგ  შავი ,,ჯიპი” გაჩერდა. ბიჭის მხარეს, მანქანის კარებში ჩაშენებულ ბუდეში შუშის სარკმელი კომფორტულად ჩაცურდა, მძღოლი გადაიხარა, მომღერალს ქაღალდის ფული გადააწოდა, მან კი გამოართვა და მადლობა უსიტყვოდ, მხოლოდ თავის ძუნწი დაკვრით გადაუხადა.

    ისევ წამოიწყო ბიჭმა სიმღერა. ახლა ,,გაფრინდი შავო მერცხალო”-ს ამოთქვამდა თავგამეტებით. კისრის ძარღვები წარმოუდგენლად ებერებოდა და ეჭიმებოდა, სახე კი კვლავ ალეწილი ჰქონდა, - ალბათ თუ რცხვენოდა თავისი უჩვეულო ყოფისა. მონუსხული ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი. მთელი ხმით მღეროდა. აშკარა იყო, - ქუჩის ხმაურის გადაფარვას ცდილობდა. იქნებ ამიტომაც გამოდიოდა ასე დილაუთენია, ხმაურს რომ ნაკლებად შეეშალა ხელი მისთვის. მღეროდა წინანდელი გზნებით და ომახით, თავდავიწყებით. თუმცა კი ეტყობოდა, - ძალიან უჭირდა მარტოდმარტოს. გზადაგზა რამდენჯერმე გაუწყდა ხმა, თითქოს სიმღერაც გაექცა და აუტორტმანდა, მაგრამ უმალ  მოახერხა წონასწორობის აღდგენა.

    ამჯერად აღარავინ გამოუჩნდა გადამხდელი. ისევ გაიხედ-გამოიხედა, გადახდის განწყობით თავისკენ მოძრავი ვერავინ შენიშნა, რეაქტიული აჩქარებით შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა სამანქანე გზას. მომეჩვენა, თითქოს ეს უცნაურად აჩქარებული უკვე სხვა ვინმე იყო, რომელმაც ჩემ თვალწინ, იმ პირველს სახელდახელოდ შექმნილი ,,სცენა” ერთი მხარის გაკვრით თუ უხეში შეტრიალებით მიუნგრ-მოუნგრია და ახლა უკანმოუხედავად და გაგულისებით საითღაც მიაბიჯებდა.

    გაღმა ტროტუარზე მყოფი, სახტად დარჩენილი მაყურებელი ზანტადვე წავიდ-წამოვიდა.

    გამოღმა ტროტუარზე კი ისევ მარტოდმარტო ვიდექი მონუსხული და გაქვავებული. უფრო კი, - საყრდენგამოცლილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ დანარცხებული. ჩემი არსება მომხდარის გაცნობიერებას ლამობდა: როგორ არ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი ასე უცებ, ასე ნაჩქარევად დამთავრებულიყო. შეეძლო უკან გაჰყოლოდა, ასდევნებოდა და სადღაც სხვაგან, სხვა ქუჩების გზასაყარზე კიდევ ერთხელ ეხილა და მოესმინა მისთვის. არ თუ ვერ გააკეთა. სამოქმედო აზრებისგან თავისუფალი იყო, თვალები კი თავისდა უნებურად ცრემლით ჰქონდა სავსე. ვერ გეტყოდათ - მივხვდა თუ მხოლოდ იგრძნო: ხელმეორედ ამის ნახვა აღარ შეეძლო.

    მარცხნივ თავი მექანიკურად მივაბრუნე. ახალგაზრდა კაცი ჯერ ისევ მიაბიჯებდა. მე კი ნანახით გაოგნებულ-მონუსხულის თუ გაქვავებულის პოზიდან ნელ-ნელა ვიწყებდი გამოსვლას. ვგრძნობდი: დაცემულიც ვიყავი და დანარცხებულიც, მაგრამ... გადარჩენილი.

    რაღაც საშინელის მოახლოება ვიგრძენი... უცებ ჩემი არსება აქტიურ ფაზაში მყოფი ვულკანივით ამოქმედდა და პირღია კრატერიდან მანამდე ართქმული, არგაგონილი  უშვერი სიტყვების უხვი ნაკადი ამოუშვა-ამოაფრქვია. ანგარიშმიუცემლად აგინებდა იმ ექვს, რომლებმაც მეშვიდე მარტოობისა და მათხოვრობისთვის  გაწირეს. აგინებდა გათითოტყემალებულებს, გაბღენძილ-გაბერილებს, ლომობას მოწყურებულ გაფხორილ ინდაურებს, ვერდაღვინებულებსა თუ ვერდამაწვნებულებს...

    ისევ შემომესმა ნაცნობი სიმღერის ხმა, რომელსაც ჩემი ყურთასმენა ჯერ კიდევ არ მიეტოვებინა. ამჯერად შორიდან. ახალგაზრდა კაცის ლანდი ასიოდე ნაბიჯზე, შემდეგი კვარტლის დასაწყისში გზასაყარზე იდგა და ისეთივე გრძნობით და გამეტებით ამოთქვამდა. აქედან მეტი არაფერი ჩანდა. ალბათ იქაც გამოუჩნდებოდნენ ისეთივე ზანტი და აუჩქარებელი ცნობისმოყვარენი, მოსეირე მსმენელები  და  სიბრალულის გამო გროშის გამღებ-გადამხდელებიც.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები