ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2010


  ჩამოტვირთვა

წერილი ოჯახს

ღიმილიც კი ვერ გარგუნეთ ამ ოცდაორი წელით,
თუმც ვცადე ვყოფილიყავი ატმის რტოსავით წრფელი.

ოცნების ცისფერ ხვიარებს ყელზე გაბამდით რიდით
და არ მეგონა თუ ამით გაუსაძლისად გღლიდით.

შტერივით ჩავჭიდებივარ ჭრელი საუფლოს კიდეს
და რასაც ვთესავ, მგონია, სულ იმნაირებს ვმკიდე.

ჩალად არა ღირს ცხოვრება დამძიმებული გულით,
სინდისით რაც გაზომილა, დღეს იზომება ფულით.

ბინდში მიცურავს სტრიქონი ჩამოძენძილი ფრთებით,
იქნებ სულ იმის ბრალია, ზეზეულად რომ ვხმები.

გაოგნებული მივყვები სულის დამტანჯველ მორევს
და ვინც მიყვარხართ, სუყველას ღარიბ-ღატაკად გტოვებთ.

იმედის ძაფზე ვკიდივარ, წინ სივრცე მიდევს ვრცელი,
ვერც ვერას გარგებთ, გიგზავნით, ცრემლით მოქარგულ წერილს...

ღიმილიც კი ვერ გარგუნეთ ამ ოცდაორი წელით,
თუმც ვცადე ვყოფილიყავი ატმის რტოსავით წრფელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები