ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2010


არის აქ ვინმე?! (უწერტილო განწყობით)

ისე გაჭირდა მოლოდინი, რომ ბანალურად,
იღებ ერთ ფინჯან ჩაის, კალამს და მერე იწყებ:

სოფელში, ძველი ბუხარი რომ კედელს გამურავს,
მაშინ როდესაც გარეთ თოვლი ახურავთ ფიჭვებს
და გაზაფხულის მოსვლამდეა ორი-სამი თვე,
წიგნების თაროს მტვრიან მხრებზე თითებს ახატავ,
მეასე გვერდზე გეძინება, თითქმის, ყოველთვის,

(ყოველ სიზმარში ამაღლების მიდიხარ ხატთან-
სულშეხუთული, განცდებით, რომ კვლავ არ დაეცე)

აქ უჩვეულოდ სხვანაირი ფერი აქვს რიჟრაჟს,
ნელი ქარები ჰგვანან ფარასაცდენილ მწყემსებს,
ძლიერი ქარი უფრო - პოეტს, ან სულაც გიჟს ჰგავს,

და მომდევნო დღეს დამუხტული თვალებით იწყებ,
იგივე ნირი, ხასიათი, ფერი მოლოდინს,

რადგან ვერაფრით შეირიგე შენივე სივრცე,
საკუთარ მესთან მებრძოლ გმირად რჩები ბოლომდე,
ფეხთან მიგდებულ ჩრდილს უტყდები, რას იზამ, ხდება,
რომ სუნთქვა გეკვრის, როცა ვეღარ იკავებ ტკივილს,

ცეცხლს აძლევ ფურცლებს, ნაკუწ-ნაკუწ შეგრძნებებს ხევ და
ჩაფერფლილ ფიქრსაც გადააგდებ სიგარეტივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები