ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა კახიძე
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


ზღვა კი...

ზღვა,ისევ ისე,ლივლივებს ლურჯად...

მაგნოლიები ამღვრეულ მზეს ვნებას უცხრობენ,-
-დასანანია,ასე შორნი,ასე უცხონი...
შიშველ კენჭებზე დასრიალებს მზერა უცნობი...

ზღვა,ისევ ისე,ლივლივებს ლურჯად...

ჯიუტი სისხლის ამაო ნთხევით,
აუტანელი ტკივილთა თმენით,
ღამეთა შავთა მრავალთა თევით
და სულის თელვით,-
-ზღვა,ისევ ისე,ლივლივებს ლურჯად...

მიტოვებული,მიხრწნილ ცხედრებით,
ცისკენ აღვლენილ ლოცვა-ვედრებით,
განშორებებით,ვერშეხვედრებით,-
-ზღვა,ისევ ისე,ლივლივებს ლურჯად...

გზას მაცქერალი,მაინც,დედებით,
ავადმყოფ გულზე ხელის მიდებით
და  იმედებით,-
-ზღვა,ისე ისევ,ლივლივებს ლურჯად...

ვერდაბრუნებულ,ამაყ ბიჭებით,
დამძიმებული,მოხრილ ბეჭებით,
ქვითინით,ბოღმით,ელდით,ეჭვებით,-
-ზღვა,ისევ ისე,ლივლივებს ლურჯად...

ხატთან სანთლებით,სულთათანებით,
მლაშე ცრემლებით,დათხრილ თვალებით,
ჩამორეკილი გლოვის ზარებით
და საფლავებით,-
-ზღვა,ისევ ისე,ლივლივებს ლურჯად...

ცხელ ქვიშას აკრთობს მზერა უცნობი,
მაგნოლიები ამღვრეულ მზეს ვნებას უცხრობენ,-
-დასანანია,ასე შორნი,ასე უცხონი...
ზღვა კი...

ზღვა,ისევ ისე,ლივლივებს ლურჯად...


-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები