ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2010


სტრესი ( წერილი მეხუთე ) ციკლიდან სიჩუმის წერილები

სიგარეტის კვამლით ივსება ოთახი სადაც,
ჩემი გაშეშებული სხეული აკვირდება დროის ცვლილებას.
ისევ სიცარიელეა ირგვლივ და ისევ მესმის საოცარი ჰანგები
ჩემი სიზმრიდან, რომელშიც შენი სილუეტი ვიხილე.
ის არ ჰგავს არცერთ ჩემს მიერ აქამდე მოსმენილ მუსიკას,
ის თითქოს ზეციურია და თითქოს არც...
და მახსენდება თევზები რომლებიც, ცეკვავენ, მღერიან და
ერთ მთლიანობაში საოცარ ფერთა გამას ქმნიან,
რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ შენ თუ დახატავდი.
ნახატი...
აი ის ნახატიც შენ რომ დახატე შენი თავი სარკის წინ.
სწორედ ამ ფერთა გამას წააგავს ეს თევზები,
რომლებსაც აგერ უკვე მერამდენე საათია ვუყურებ
და მერამდენედ იღვიძებს ჩემს სხეულშიც
აქამდე უცნობი ლტოლვა შენს მიმართ...
ვბრაზდები...
ლამის სული ამომძვრეს ისე მინდა დავამსხვრიო სიშორის კედელი,
მოვიდე შენამდე და ძველებურად ჩაგიკრა გულში, გაგიზიარო
ჩემი თევზების იდეალური ფერთა გამა და გიყურო მაშინ,
როცა შენი ნაზი, საღებავებით დასვრილი შიშველი თითები
შეეხება სიფრიფანა თეთრ ტილოს.
კიდევ ერთხელ ვუკიდებ თამბაქოს,
რომელიც ორი წუთის წინ, ჩემი ხელით მოვკალი
და ჩემი ხელითვე ვაცოცხლებ მას.
ისევ ვფიქრობ შენზე და ვგრძნობ, როგორ ივსება
ჩემი ნერვების ცარიელი ქვევრი, რომელშიც ექომ
დიდი ხნის წინ დაკარგა ხმის ამოღების საშუალება.
ისევ საათები, შენი სურათი, თევზები, მუსიკა...
ვნებდები!
შენს სურათს ვისვრი იქით, სადაც ჩემი იდეალური თევზები
ცეკვავენ სიმაღლის მიხედვით, რიგ-რიგობით და ქმნიან
საოცარ ფერთა გამას.
შენ იმსხვრევი...
ირგვლივ გამვლელები მიყურებენ შეშლილი თვალებით,
გარშემო კი მხოლოდ ჩარჩოა და მთვარე,
რომლის გარშემოც ვარსკვლავები ცეკვავენ დაისს.
და ყველაფერი ნელ-ნელა, ბუნდოვნად ქრება ჩემი თვალებიდან.
ვასწრებ მხოლოდ ნაცნობ მოძრაობებს, კონვერტი, კალამი
და წარწერა:
      დიდი ბრიტანეთი
        ქალაქი ლონდონი
        ყვითელი მოედნის ქუჩა 13
                  ანნა - ემილი ჯეიმსი.

და ნელ-ნელა მივდივარ, თუმცა არც კი ვიცი სად,
მომაკვდავივით მიმაქვს ბოლო მზერა, ასახული ჩემს თვალებზე და
იმედი იმისა რომ შენგან მივიღებ საპასუხო წერილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს