ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2010


ზამთარი ( წერილი მეშვიდე ) ციკლიდან სიჩუმის წერილები

აგერ უკვე მერამდენე დღეა მიიწურა შემოდგომა
და გარეთ, ჩემი ოთახისფერი სამოსი ჩაიცვეს ნაცნობმა ქუჩებმა.
ისინი დამძიმდნენ თოვლის თეთრი, სიფრიფანა წვეთებით
და ელიან როდის დადგება გაზაფხულის მოთბო დღეები,
რომ ისევ გამოცოცხლდნენ, ისევ აიდგან ფეხი და
იმოძრაონ ერთი ბოლოდან - მეორე მოლომდე.
ისე, ყველა დროს თავისი სილამაზე მოაქვს თან...
გაზაფხულს - სიცოცხლე
ზაფხულს - არეულობა
ზამთარს - სიმძიმე და სითეთრე
შემოდგომას კი - სევდა, წვიმები და შენი სილუეტი,
რომელიც ასე ძალიან აკლია ჩემს გამომხმარ სხეულს.
საათიც თითქოს დამძიმდა და ნელ-ნელა ერეკება ისრებს დასასრულისკენ,
რომელიც ჯერ კიდევ საოცრად აკვირვებს ყველა გამვლელს ჩემს ირგვლივ.
მაინც რა საოცარია ადამიანის ბუნება, როგორ ადვილად შეუძლია
ყველაფრის გადატანა.
მეც თითქოს საკუთარი ოცნების ტყვეობაში  ვარ,
თითქოს დავკარგე რეალობა, თითქოს გავცდი სამყაროს,
მაგრამ როგორც კი შენ გიხსენებ, მაშინვე მახსენდება შენი სილუეტის ფერთა გამა,
რომელიც ჩემი იდეალური თევზების ცეკვამ, უფრო გაამზაფრა
და გახადა შესანიშნავი.
ხანდახან ვერც კი გამიგია ჩვენი ერთად ყოფნის დღეები,
კინოკადრებია თუ რეალობა...
ზამთრის სითეთრე კი თითქოს ანელებს ჩემს სხეულში გამეფებულ,
შენს მიერ შექმნილ ტემპერატურას და ცდილობს წამართვას შენი თავი,
რომელიც ასე ძლიერად იზიდავს ჩემს ამოუცნობ, უსახელო ლტოლვას.
იცი, ზამთარი ყოველთვის მაგონებს შენს ერთ-ერთ ნახატს,
რომელსაც "თეთრი სიჩუმე" დავარქვით.
ყველაზე ძალიან სწორედ მაშინ ვიგრძენი შენი სიახლოვე,
შენი სითბო და შენი არმიტმიული გულისცემა.
მაშინაც სწორედ ასე, თეთრ წვეთებად მოდიოდა მთვარის ნაამბობი
ადამიანების მოდგმაზე, მათ მწუხარებასა და ბედნიერებაზე.
სწორედ ახლა მობრძანდა იგი ჩემთან,
თბილად და ალერსიანად დააკაკუნა ჩემს რკინის გოლიათზე,
რომელსაც სიცივისა და სიმძიმსაგან ჭრიალიც კი აღმოხდა.
მან ერთი უცნაური ამბავი მიამბო, მერე ატირდა და
ჩუმი, დინჯი ნაბიჯებით შეუერთდა დაისს.
მალე ახალი წელი მოვა და ოდნავ მაინც გამოაცოცხლებს
სიმძიმით წელში მოხრილ ქუჩებს, რომლებიც კვლავ უშედეგოდ ელიან
გაზაფხულის დადგომას, რადგან იციან, რომ ამ ზამთარს
დიდი ხნით გადაუწყვეტია ჩვენთან დარჩენა.
მე კი ისევ გაუნძრევლად ვზივარ საათის წინ, ოღონდ
ახლა უკვე სიცივისაგან ოდნავ გასუქებული...
და დავემსგავსე სევდიან ოცნებათა დასაწყისს სადაც
მთავარ გმირად ისევ ნაცნობი მისამართია:
      დიდი ბრიტანეთი
        ქალაქი ლონდონი
        ყვითელი მოედნის ქუჩა 13
                  ანნა - ემილი ჯეიმსი.

გარეთ კი ისევ ზამთრის სიმძიმით იფარება ყოველი კუთხე,
რომლებიც ამაოდ ელიან გაზაფხულის მოსვლას.
მე კი ველოდები შენს შემდეგ წერილს, რომელიც
გამოცოცხლებისა( გაზაფხულის )
და
არეულობის ( ზაფხულის )
თვეების შემდეგ მოახწევს ჩემამდე, მაშინ როცა
სევდა, წვიმები და შენი სილუეტი მესტუმრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები