ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2010


ისუნთქე, ბექა!..

ისუნთქე ღრმად,
უფრო ღრმად,
ჩაახველე ახლა,
შემოტრიალდი...
(ორი კოლოფი სიგარეტი
და ღამეები გიყრია ფერხთით)
დიაგნოზი -
ფილტვებში ფრთები,
თითო წყვილი -
მარჯვნივ და მარცხნივ...
დანიშნულება:
ერთი აბი მზე და ჰაერი,
ისე კი არა,
შენ ყველაფერს
ანტიბიოტიკს
რომ ეძახი და
მერე სახლში,
სახრჩობელაზე,
რომ კიდებ ბალახს,
სამკურნალოს,
და ყველა სიზმარს...
და მერე ნესტი
რომ გიკოცნის
გულიან სიცილს,
სად იკვეთება,
ამიხსენი,
ეს დრო და სივრცე...
(დახეთქილ ჭერზე...)
დროა დროა ყველგან,
დროს მიაქვს და
დროს მოაქვს რაღაც,
დრო აჭიკჭიკებს
შენს ფილტვებშიც
ბეღურებს...
ნახატს
აქვს ლურჯი ფერი,
მხოლოდ ლურჯი
ფერი სადაფის,
და ჩემი ზღვაც ხომ,
როგორც შენი
ვიწრო სარდაფი,
დაბლაა, ოღონდ
ზღვის დონიდან
და არა ქუჩის,
და მაინც,
სადღაც იკვეთება
ჩვენი ქუჩები -
შენი აკაკის ხეები და
ჩემი პალმები
მიდიან ერთად
ხავსიანი ქვაფენილიებით,
თან მიჰყავთ „ბონდო“...
და ბონდის ხიდიც
ირწევა,
როგორც სახრჩობელა,
შუა ოთახში,
და „ბომჟი“ ქარი,
ვინ იცის როგორ შეპარული,
აქანებს ფარდას
და ფარდის გარდა -
„მეფე ლირი“...
მან ითამაშა ამ სპექტაკლში
მთავარი გმირი;
ის იყო მეფეც,
რეჟისორიც,
შექსპირიც,
ქოროც...
მას ჰქონდა ყველა რეკვიზიტი -
მავთული,
დანა,
ლოგინი,
ლექსი...
და მერე ეგზომ
მარტოსულმა დატოვა სცენა,
რომ შენთვის ეთქვა:
- ისუნთქე, ბექა,
კიდევ ერთხელ,
ისუნთქე, ბექა!..
ახლა თვალებში შემომხედე...
ისუნთქე, ბექა!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები