ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2010


მესამე საპასუხო წერილი ( წერილი მეცხრე ) ციკლიდან სიჩუმის წერილები

სულ ცოტაც და გაზაფხულის გამოცოცხლება დაეტყობათ
ზამთრის სიმძიმით გათეთრებულ ქუჩებს,
რომლებიც მთელი ზამთარი იდგნენ და
იტანდნენ ადამიანთა გაყინული სახეების მზერას.
საათის ისრებმაც თითქოს იგრძნესო სითბო და
მოუმატეს ნაბიჯებს დასასრულისაკენ,
რომელსაც უკვე ძალიან შეეჩვივნენ ჩემი მეზობლები.
მე ვგრძნობ თითოეულ ნაბიჯს საათებისას
და მგონია რომ ჩემს ნერვებს ეთამაშება ხმა,
რომელსაც მათი მოძრაობა იწვევს.
ღამდება, მერე ისევ მოდის ახალი დღე, მერე ისევ ღამე
და ასე გადის დრო ჩვენი დაშორებიდან უკვე მერამდენე შემოდგომაა.
დღითიდღე კი თითო აგური ემატება ჩვენს შორის შექმნილ
სიშორის კედელს, სადაც ვარსკვლავები რიგ-რიგობით ცეკვავენ
აისიდან დაისს ან პირიქით.
ისევ ბრახუნია ჩემი ერთგული რკინის ჯალათის გულზე,
რომელსაც მთელი ჩემი სამყაროს საიდუმლო აბარია,
მესმის ნაცნობი ხმა, სიტყვებით: "თქვენს სახელზე წერილია"
თავიდან ვიფიქრე მელანდება-თქო, მაგრამ როცა ჩემი თვალით ვნახე
წერილი, სადაც შენი სახელი იყო დახატული, მაშინვე ჩავიძირე ოცნებებში
და შენი სურნელით გაბრუებული,  გაუხსნელად ვკითხულობდი
კონვერტის შიგნით მოთავსებულ თითოეულ ასოს...
გაოგნებული ვეშვები ჩემს არაბულ სკამზე და ვუბრუნდები
ჩემს გაშეშებულ მდგომარეობას, სადაც უკვე ძალიან სწრაფად
მოძრაობენ ისრები, ხმაური კი უფრო მეტად ეთამაშება ჩემი ნერვების
ცარიელ ქვევრს, რომელშიც არ აღწევს ცივილიზაცია.
ხელახლა ვიღებ წერილს ხელში, ვკითხულობ ასოებს და
ჩემს სულთან ერთად ვმაღლდები ღრუბლებში, სადაც
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად შენი ჩამოსვლის ამბავს ვზეიმობ.
ირგვლივ გაქრა საათები, თევზები, ნახატები და ყველაფერი
რასაც კი მივეჩვიე, ყველაფერი რასაც კი აქამდე
ვაქცევდი ყურადღებას და ახლა მხოლოდ შენი სილუეტი მიდგას თვალწინ.
შენი სურნელი კი წერილთან ერთად უფრო და უფრო ამზაფრებს ჩემს სიხარულს.
მე დავფრინავ...
მე ვტირი...
და ვიხსენებ გაზაფხულის იმ შესანიშნავ დღეს, როცა შენი
მეოცე დაბადების დღის აღსანიშნავად, ოცჯერ დავლიეთ
ერთმანეთის სიყვარულით სავსე სასმისები.
გახსოვს როგორ დავითვერით?
ვეყარეთ მინდორზე და მთვარის გარშემო ვაცეკვეთ ვარსკვლავები,
მთვარეს კი ვთხოვეთ ექორწილა ჩვენთვის.
მერე კი ვხატავდით ჩვენს ქორწილს და ვაწებებდით ერთმანეთზე.
ვოცნებობდით ცაზე, სადაც ჩვენი სახლი უნდა აშენებულიყო,
თავისი დიდი სამხატვრო აივნით...
მე დღემდე ვუყურებ ცას, სადაც მუდამ ისმის ჩვენი შვილების
მხიარული ხმები და სადაც ყველ დილით გამოდიხარ შენ,
ჯდები სახატავ ტილოსთან და ხატავ ემოციებს შუადღის მზის ზენიტამდე.
ახლა კი ვხვდები რომ სიშორის კედელს, მალე ჩამოეშლება სიმაღლე
და ადვილად შევძლებ შენამდე მოსვლას, თანაც ჯერ ხომ ჩვენი
ყოველი ოცნება თუ ფიქრი, სიცოცხლისათვის აგრძელებს ბრძოლას.
გახარებული, ისევ ვუყურებ საათის ისრებს, მაგრამ ახლა უკვე
მათ წყობას აღაც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს და
ვგზავნი კიდევ ერთ წერილს უცვლელ მისამართზე...
      დიდი ბრიტანეთი
        ქალაქი ლონდონი
        ყვითელი მოედნის ქუჩა 13
                  ანნა - ემილი ჯეიმსი.
და გული ისევ სიხარულით მევსება, რადგან გაზაფხულთან ერთად
შენი ხილვის მოლოდინი მაძლევს სიცოცხლის ძალას.
შეხვედრამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები