ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2010


დეპრესია ( წერილი მეცამეტე ) ციკლიდან სიჩუმის წერილები

ნუთუ უნდა გაქრეს ყველაფერი რაც კი შენთვის მომიწერია?
ვეღარ ისვენებს ჩემი ორად გაყოფილი, დაღლილი სული უშენობით.
საათებსაც ავიწყდებათ დრო, თევზებიც ირევიან უშენობით,
მთვარეც ივიწყებს რომ დაისია და ჩემი თვალებიც იღლება
დღიდან - დღემდე, თვიდან - თვემდე შენი სილუეტის ძიებაში.
სად ხარ ნეტავ, რატომ არ მოდიხარ ჩემთან, რატომ არ მეფერები?
აღარ მოვიდა დრო რომ ბოლომდე დავიჯერო შენი არსებობის?
სარკის წინ ისევ შენი დახატული სურათი დევს
და დამცინავად მიყურებს შორიდან, თითქოს იცოდეს შენი ამბავი.
მე კი ჰაერში გაფანტული წამების აჩრდილში ვეძებ,
ვეძებ მაგრამ რას? სითეთრემაც თავისი ნაკვალევი დატოვა ჩემზე
და არაბული სკამიც თითქოს იღუნება, იკლაკნება ათას მონუმენტად.
წერილები, საათები, თევზები, სურათები...
ყველაფერი მეჩვენება? ყველაფერი ილუზიაა?
ნეტავ მალე დასრულდებოდეს ეს თვეც რომ გიხილო
და საბოლოოდ დავრწმუნდე შენს რეალობასა თუ ილუზიაში.
მთვარის მონაყოლიც არ ამომდის გონებიდან, ვიგონებ
და გიჟივით ვეძებ უჯრას სადაც შეიძლება წერილებს ინახავდეს ადამიანი.
ყველაფერი ცარიელია, ყველაფერი თეთრია და
სარკეც მხოლოდ სითეთრეს ირეკლავს.
ისევ სიგარეტის კვამლით ივსება ოთახი...
ისევ შენი სურნელი ერევა მის სურნელში და ჩემი ნერვებიც
ისევ ეთამაშება საათის ხმებს, რომელიც ნელ-ნელა ეჩვევა სითეთრეს.
მინდა ისევ შემოდგომა იყოს, მინდა ისევ შენთან ერთად ვიჯდე საქანელაზე
და ხელმეორედ გკითხო, ფრენა იცი ? მინდა ისევ ჩამეხუტო, ისევ ვიგრძნო
ზეციური სამყოფელის, შენი მკლავების სითბო.
დღეს ისევ ღამე მოსდევს, ღამეს ისევ დღე და გადის დრო...
დრო რომელიც ნელ-ნელა თითქოს მართმევს რაღაცას,
თითქოს მაცლის სულს და გულისცემას ნელ-ნელა აკლდება ბიძგები.
ისევ გაშეშებული, დაღლილი მზერით ვუყურებ საათებს,
ირგვლივ მუსიკის ჰანგები გზააბნეული მგზავრებივით ეძებენ გზებს
რომ გაახწიონ თეთრი ოთახიდან, საიდანაც მხოლოდ სიგარეტის კვამლი გამოდის.
ცეკვავენ თევზები, ისევ ქმნიან ფერთა საოცარ გამას, შენს სურათს რომ წააგავს.
დაბნეული ხან რომელ უჯრას ვაღებ, ხან რომელს და ვცდილობ ვიპოვო
წერილები რომლებსაც შენ გიგზავნი... მაგრამ არა!
არც ერთ მათგანში არ არის ქაღალდის ნაგლეჯიც კი, რომელზეც
უბრალოდ შენი მისამართი იქნება მიწერილი.
ვიბნევი...
სარკმელში ვუყურებ ნაცნობ ქუჩებს რომლებმაც შარშანდელი ზამთრის შემდეგ,
ისევ აიყარეს კვირტები და მხიარული ყიჟინით აყრუებენ ყურთასმენას...
ნეტავ მალე გავიდოდეს ეს თვე, რომ ჩემმა სულმა შენს მკლავებში იპოვოს შვება...
ისევ ნაცნობ მოძრაობებში ვიძირები და ინსიტქტურად ვწერ წერილს,
რომელსაც ისევ ვაწერ ნაცნობ მისამართს:
      დიდი ბრიტანეთი
        ქალაქი ლონდონი
        ყვითელი მოედნის ქუჩა 13
                  ანნა - ემილი ჯეიმსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს