ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2010


მარიამობა სიღნაღში

ახალი ქვეთავი 172 – „მარიამობა სიღნაღში“ – www.fereidani.ge

2010 წლის 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, მე და ჩემი სტუმრები - რობერტ მესხი და მისი მეუღლე, ქალბატონი ფიქრია ჩხარტიშვილი კახეთს გავემგზავრეთ. 2-3 კვირის წინ კი მათ რესპუბლიკის მოედანზე შევხვდი, სადაც ფერეიდნელ სტუმრებთან ერთად სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად გამართულ აქციას ვესწრებოდით. საუბარში აქბარ მოყადასმა (ფერეიდნელმა სტუმარმა) კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა კახეთში საინტერესო ექსკურსიის მოწყობისათვის. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ფიქრიას დიდი ხნის ოცნება ყოფილა სიღნაღის და წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის ნახვა. მეც დავპირდი მათ, რომ უახლოეს მომავალში ამ თხოვნას გავითვალისწინებდი და, აი, 28 აგვისტოს - მარიამობას ჩვენ უკვე სიღნაღისკენ მივემგზავრებოდით.

სიღნაღში ჩასვლისას პირველ რიგში, ადმინისტრაციული შენობა და ცენტრალური მოედანი მოვინახულეთ. სამწუხაროდ „წვიმის ფესტივალი“ აღარ ტარდებოდა და კახურ სიცხესთან გასამკლავებლად რობერტი ხშირ-ხშირად ნაყინით გვიმასპინძლდებოდა.

ცენტრალურ მოედანზე მდებარე ბაღში ქალბატონმა ფიქრიამ ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული სიღნაღის რუკა „აღმოაჩინა“, რომელზეც, ქალაქის სტუმართათვის საორიენტაციოდ, თვალშისაცემი წითელი ასოებით იყო გაკეთებული წარწერა: „შენ დგახარ აქ!“

შემდეგ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ვესტუმრეთ, სადაც 4400 წლის „ოქროს ლომის“ მინიატურული ქანდაკების ორიგინალი ინახება, მაგრამ სამწუხაროდ მუზეუმი დაკეტილი დაგვხვდა. მუზეუმს გარს შემოვუარეთ და სამახსოვრო სურათები გადავიღეთ.

პარკში გასეირნებისას დავათვალიერეთ დიდ სამამულო ომში სიღნაღის რაიონის სოფლებიდან დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი. შემდეგ კი გალავანს გავუყევით. გადასახედიდან ალაზნის ველის ხედები დავათვალიერეთ. ისევ შევხვდით ნუკრიაანელ ზაურ ნადირაშვილს, რომელმაც წინა შეხვედრაზე ჩემს ფერეიდნელ სტუმრებს თავისი საკუთარი ლექსები წაუკითხა.

სიღნაღიდან წმინდა ნინოს მონასტრისაკენ გზა ფეხით გავაგრძელეთ (სტუმრებმა ასე ისურვეს). რობერტი თავისი ფოტოაპარატით გზად ყველა კოლორიტულ შენობას აფიქსირებდა, მცენარეს, ძაღლებსაც კი...

წმინდა ნინოს მონასტრის ეზოში ჯერ წყაროსთან მივედით. სწორედ ამ დროს დამირეკა ჩემმა ირაკლიმ და მარიამობა მოგვილოცა. ძალიან გაუხარდა, რომ მეგობრებთან ერთად იმ დროს ასეთ წმინდა ადგილას ვიმყოფებოდი.

ტაძარში შესვლისას მარიამ ღვთისმშობლის, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის და სხვა წმინდანთა ხატების წინ სანთლები ავანთეთ, ვილოცეთ, შემდეგ კი წმინდა ნინოს საფლავიც მოვინახულეთ, მუხლი მოვიყარეთ, საქორწინო ბეჭდები დავაწყეთ საფლავზე, სადაც სხვა სამკაულებიც ბლომად ეწყო.

ტაძრიდან გამოსულები დაბლა, წმინდა წყაროზე ტყე-ტყე ჩასვლა გადავწყვიტეთ, რამეთუ ქალბატონ ფიქრიას მრავალი წლის ნატვრასთან უკვე ახლოს ვიყავით. გზად წმინდა ნინოს მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწე დედათა განსასვენებელიც მოვინახულეთ.

ზუსტად 17.00 საათზე უკვე წყაროსთან ვიყავით, მაგრამ ერთი არასასიამოვნო განცხადება დაგვხვდა კარებთან – წმინდა წყალში ერისკაცებისთვის შესვლა უკვე დამთავრებულიყო, დედები კი მწუხრის ლოცვისთვის ემზადებოდნენ... ქალბატონი ფიქრია დამწუხრებული ჩამოჯდა შესასვლელთან...

– დედაო, აქ ერთი ქალბატონია ძალიან შორიდან მოსული, წლების განმავლობაში ოცნებობდა წმინდა წყაროს ნახვაზე, ახლა კი შესასვლელთან ზის და ცხარე ცრემლით ტირის-მეთქი, – მივმართე კართან მდგარ დედაოს... თან დავამატე, დღესვე აპირებენ თბილისში დაბრუნებას და მეეჭვება ხვალ კი არა, საერთოდ, როდის მოახერხებს აქ მოსვლას-მეთქი...

საბედნიეროდ დედაო დიდსულოვნად დაგვთანხმდა...

წყაროდან გამოსულ ქალბატონ ფიქრიას ვეღარც კი იცნობდით – შინაგანად გაცისკროვნებულს და გახარებულს!

ის იყო, წმინდა წყაროდან წამოსულები, უკვე ტაქსით წნორში შევდიოდით, რომ მობილურ ტელეფონზე მირეკავს კახა ფერეიდნელი და მეუბნება - ფერეიდანიდან ერთი ქართული ოჯახია ჩამოსული, ახლა სიღნაღში ვართ, ძალიან აინტერესებთ კახური სოფლების და რომელიმე ტიპიური ოჯახის ნახვა და თუ შეიძლება წნორში, დედაშენს ვესტუმროთო? ვუპასუხე, რომ მეგობრებთან ერთად მეც იქვე ახლოს ვიყავი და მალე სახლში ვიქნებოდით. ამაზე კახას გაეცინა და – ეტყობა გულმა მიგრძნოო!

ვთხოვე რობერტს და უკვე ფიქრიას (და არა ქალბატონ ფიქრიას), რომ ამ მოულოდნელი და საპატიო სტუმრების გამასპინძლებაში დამხმარებოდნენ. რობერტს გავახსენე, რომ კახა ფერეიდნელს უკვე იცნობდა „ურაკპარაკელთა“ პირველი შეხვედრიდან. ამის შემდეგ სამივენი ტაქსით წნორის ბაზარში მივედით პროდუქტების შესაძენად.

ტაქსის მძღოლს წინა საქარე მინასთან დასტამბო ედო. მაშინვე ხელი წავატანე და რობერტს და ფიქრიას გადავაწოდე, აბა თუ იცით, ეს რა არის-მეთქი? ორივემ მხრები აიჩეჩა – დასტამბო ხომ მხოლოდ კახელებმა ვიცით?

ცოტა ხნით ადრე, ნავთლუღის ბაზარზე საზამთროსა და ნესვს ვყიდულობდი. ხურდის დასაბრუნებლად გამყიდველმა ქალმა ხელჩანთა რომ გახსნა, შემთხვევით დასტამბოებს ვკიდე თვალი და ვკითხე, ჩანთაში რატომ მალავთ-თქო?

– ამ ქალაქელებმა ხო არაფერი არ იციან, გული შამიჭამეს რა არი და რა არიო, მეც ავდექი და ისევ სუმკაში ჩავდე, ისევ ჩემ გოგო-ბიჭებ წავუღებო მეთქი, – მიპასუხა გამყიდველმა.

– მე ვიცი დასტამბო რაც არის და თუ ოთხი ცალი გაქვთ, ოთხივეს ვიყიდი, ოჯახში ჩვენც ოთხნი ვართ და საძინებელში ბალიშებთან დავიწყობთ, ამის სუნს რა სჯობია-თქო?

ზუსტად ოთხი ცალი ჰქონდა! რაც მე იმ ქალმა მლოცა!

ტაქსის მძღოლმა დასტამბო ფიქრიას აჩუქა!

წნორის ბაზარში და მაღაზიებში საჭირო პროდუქტები შევიძინეთ, თონეში ცხელი ლავაშებიც ავიღეთ (ერთი მოშიებულ რობერტს თითქმის მაშინვე შემოეჭამა – სურნელს ვერ გაუძლო)  და ცენტრალურ გზაჯვარედინთან გავჩერდით – ირანულ ნომრიან მანქანას ველოდებოდით. ირანელების სტუმრობა წნორში პირველი არ იყო, მაგრამ ცოტას მაინც ვღელავდი. გავიხსენე ჩემი პირველი შეხვედრა უცხოელებთან, რომელიც ზუსტად 1979 წლის 30 ივნისს მოხდა. 

მე, ჩემი და – ნაირა და მისი მეგობარი გოგონა რუსთაველის პროსპექტზე ვსეირნობდით. უკვე საღამოვდებოდა, როცა ერთი ქერათმიანი და შარვლიანი ქალბატონი (მაშინ შარვალში გამოწყობილი ქალი დიდი იშვიათობა იყო) მოგვიახლოვდა და ინგლისურად გვკითხა, თუ სად იყო ხელოვნების მუზეუმი. ჩვენც დიდი სიამოვნებით ავუხსენით, მაგრამ მაინც ვარჩიეთ პირადად მიგვეცილებინა უცხოელი ცოლ-ქმარი მუზეუმამდე. გზად ნაირამ სუვენირების მაღაზიაში შეირბინა და მათთვის საჩუქრად ქართველი ქალის გამოსახულებიანი ჭედური ნაკეთობა იყიდა. ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა იმ ქალბატონისთვის, რომ თვითონაც დაიბნა და იქვე, ტროტუარზე თავისი ხელჩანთა უცერემონიოდ გადმოაპირქვავა – დასძინა, სამწუხაროდ,  მე არაფერი მაქვს, რომ გაჩუქოთო... მაშინვე მოცვივდნენ მილიციონერები, ალბათ, იფიქრეს რომ რაიმეს მოპარვას ან წართმევას ვუპირებდი... რომ გაიგეს, რაში იყო საქმე, თავი დაგვანებეს, მაგრამ შორიახლოს მაინც მოგვყვებოდნენ...

მუზეუმის შენობას რომ მივუახლოვდით, ამ ქალბატონის მეუღლემ სამახსოვრო ფოტო გადაგვიღო. მეორე ფოტო კი ყველამ ერთად გადავიღეთ. სხვათაშორის ამ ფოტოს გადაღება ქალბატონმა სწორედ ერთ-ერთ ადევნებულ მილიციონერს სთხოვა იმის დასტურად, რომ ჩვენს შორის არავითარ გაუგებრობას არ ჰქონია ადგილი. გამომშვიდობებისას ქალბატონმა ერთ-ერთ ფოტოზე (რომელიც მაშინვე მოგვართვა "პოლაროიდმა"), ასეთი წარწერა გაუკეთა: JENNIE WEBSTER, PA, USA.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ: ამ ამბებიდან რამდენიმე თვის წინ მოსკოვში მომიხდა ყოფნა გამოფენაზე. ჩემი ყურადღება იაპონელების პავილიონმა მიიქცია, სადაც მინი-ინკუბატორები იყო წარმოდგენილი. ჩემი ინტერესი არ დამიმალავს და მათ წარმომადგენელსაც კი დაველაპარაკე. კაცი სიხარულისგან აღარ იყო – ამ ხნის განმავლობაში არავინ დამლაპარაკებია, მისამართი დამიწერეთ და როგორც კი დავბრუნდები იაპონიაში, მინი-ინკუბატორს, რომლითაც ასე დაინტერესდით, ფირმა აუცილებლად ოფიციალურად გამოგიგზავნითო. რა თქმა უნდა, გამიხარდა და დავიწყე მისამართის წერა... ამ დროს ერთი პიროვნება ამომიდგა გვერდით და მომღიმარი სახით (რომ ვინმეს არაფერი ეეჭვა) მეუბნება – როგორ ბედავ საკუთარი მისამართის მიცემასო? რადგან დაიწყე, დაამთავრე, მაგრამ სწორი მისამართი არ დაწეროო... მეც მეტი რა გზა მქონდა, აღარც კი მახსოვს, რა ჩავწერე... ეჭვი არ მეპარება რომ ის დათარსული მინი–ინკუბატორი რამდენიმე რეისს გააკეთებდა საქართველოს და იაპონიას შორის... სწორედ ეს ფაქტი გამახსენდა და ფოტოების გადაღების დროს მაგიტომაც მაქვს თავი დახრილი...

(ცოტა მოგვიანებით, როცა ფიქრიამ ეს ფოტოები ნახა, მითხრა რომ მაგ დროს ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალი, ჯენი ვებსტერი საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა  და არ არის გამორიცხული საქართველოშიც ჩამოსულიყოო...) 

ჩვენს საუბარში სტუმრების მანქანაც გამოჩნდა და ჩვენ ტაქსით, მათთან ერთად გავემართეთ ჩემი სახლისაკენ, სადაც დედა მოუთმენლად გველოდა.

ფიქრიას მოუხდა დიასახლისობის გაწევა. მე და რობერტმა კი ყურძენი, ლეღვი და მსხალი მოვკრიფეთ. სახელდახელო სუფრაც გავაწყეთ.

კახამ ახლოდან გაგვაცნო თავისი სტუმრები, რომლებიც ფერეიდანიდან  ისტორიული სამშობლოს სანახავად ახლადჩამოსულები გახლდათ. ოჯახი ქართული წარმოშობისა იყო – ძველი, თავანკარა ქართულით მშვენივრადაც საუბრობდნენ, მაგრამ ისეთი ძნელი წარმოსათქმელი სახელები ერქვათ, რომ ოჯახის უფროსს მაშინვე სახელი შევუცვალე და „შოთა“ დავარქვი.

სტუმრებმა კარგად რომ დაისვენეს და ქართული საუბრით გული იჯერეს, წასვლა გადაწყვიტეს. დედამ შესთავაზა, არ მოგერიდოთ, ლოგინები ბევრი მაქვს, აივანზე ყველას მაყრულად გაგიშლით საწოლს და აქ მოისვენეთო, მაგრამ მაინც წასვლა ამჯობინეს, წასვლის წინ კი მთხოვეს სიტყვა „მაყრულად“ კარგად გამეშიფრა.

სტუმრების წასვლის შემდეგ სუფრას მხოლოდ ღვინო შემოვამატეთ. შემდეგ კი ეზოში გავედით. რობერტს კარგად რომ ეგრძნო კახური მიწის მადლი, ვურჩიე ფეხსაცმელები გაეხადა და ისე ევლო მიწაზე. ამ დროს ვეებერთელა მთვარეც ამოგორდა:

ამ სურათს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ავტოპორტრეტი. ყველამ კარგად ვიცით, რომ რობერტ მესხი „სავსე მთვარის პოეტია“. თუმცა „საკუთარ თავს „მთვარის ქურუმს“ უწოდებს (ამონარიდი მარიამ წიკლაურის შესავალი ნაწილიდან პოეტური კრებულისათვის „მთვარე და ქუჩა“).

სახლში შესვლისას ფიქრია დაინტერესდა კახური მარნით, ქვევრებით, ჭაჭის დასარევი  ჯოხით და თაროზე შემოდგმული ძველის-ძველი საჩეჩელითაც კი.

მეორე დილით კი რობერტმა და ფიქრიამ საგულდაგულოდ დაათვალიერეს ეზო. დედა ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩვენი სტუმრებით, ნეტავ რამდენიმე დღეს კიდევ დარჩენილიყვნენო, განსაკუთრებით ფიქრიას დარჩენა უნდოდა – რა მოხდება ერთი კვირით მაინც აქ რომ იყოსო?

ერთი პატარა უხერხულობა: ცოდვა გამხელილი ჯობია და დედამ ახლაც არ იცის, სიგარეტს რომ ვეწევი!!! სტუმრების ყოფნის დროსაც და მეორე დღესაც ცოტას მაინც ვნერვეულობდი და შიგადაშიგ მეორე სართულზე ავრბოდი სიგარეტის მოსაწევად სამგზავრო საფერფლით ხელში... სწორედ მაშინ მიწოდა ფიქრიამ „დიდი ბავშვი“... რაც მერე რობერტის საოცრად ფაქიზ ლექსშიც აისახა.

კახეთი. დედა

                                            (გუგუას)

დგახარ.
ეწევი...
ოდა სახლის მეორე სართულიდან გაჰყურებ ალაზნის ხეობას და
ოჩანი ღრუბლებით შემორაგვულ კავკასიონს.
 
დედა ვერ ადის კიბეებზე, –
გალაქულივით უპრიალებს კაკლის ხელჯოხი.

დგახარ.
ეწევი.
თითო „ბიჩოკი“ – თითო დარდი, მუჭში ჩამწვარი...

არ ნახოს დედამ
„დიდი ბავშვი“ თუთუნით ხელში, 
რომელმაც უკვე ორმოცდაათს გადააბიჯა...

დგახარ
ეწევი...

წამოსვლისას –
ჩვენ „ღვინა“ ლეღვით,
„ბურთა“ ლეღვით და „თითა“ ყურძნით,
დედა – ხელჯოხით ალაყაფთან,
თვალს გვატანს, გვატანს,
ვიდრე შუკა შემოუხვევდეს...

მომნატრებია......

(სხვა სიტყვაა, – არ ვეძებ სიტყვებს!..)

ვდგავარ.
ვეწევი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები