ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2010


ხუთი უსათაურო

ბეთანიისკენ...
ხალიჩები ხმელი გირჩების
გვეურჩებიან,
ხეს დაუსხამს ჭრელი ჭინჭები.
ნელა იშლება
ორქიდეა ჟღალი დაისის,
ამოუვსია
ზეცას უბე იაგუნდებით.
შორს გუგულების
იდუმალი ძახილი  ისმის...
არსად წავსულვარ,
რად მგონია რომ შინ ვბრუნდები?
რა სიმშვიდეა!-
ბავშვობაში ვიგრძენი თავი...
და ეს ღრუბლები-
ოცნების და სევდის ნაზავი,
საით მიდიან
გაბნეული ცხვრის ფარასავით?..
დღეს დაბალია
ირისებით ნაქსოვი ხიდი,
მოდი, გავუყვეთ!
ვის ადარდებს საითკენ მიდის?



***

ხეს გამოუსხამს ფოთლებივით
ჭრელი ნატვრები.
მე მხოლოდ ერთი გამოვისხი,-
შენ მენატრები.
ამბობენ, ძლიერ თუ ისურვებ...
მაგრამ ხუნდებად
მადევს ფოთოლი.
არც მომწყდა და
აღარც ხუნდება.


***
რაც კი შეაბეს,
აასრულა ნატვრა ყოველი,
თვითონ კი ერთის
ასრულებას ელის და ელის...
თავისუფლების, რა ხანია
ახრჩობს გალია,
გასაკვირია?- მე არ მიკვირს!-
ისიც ქალია.
ან ცაცხვმა მაინც
მოაბრუნოს ხანდახან სახე...
ო, ნატვრის ხეო,
მითხარ, მხრები რად გიცახცახებს?


**
სიოს ვისვამ უბეში,
მივდივარ წყალტუბოში.
მიმელიან თელები,
მივალ, მივეფერები.
დავლანდე ფეხშიშველა,
ცრემლიანი გოგონა
წარსულს რომ მივაშვილე
და გაზრდილი მეგონა.




***


კრიალოსანივით ვმარცვლავ
სევდიან დღეების ასხმას.
ვისხამ სიხარულის კვირტებს,
ვიღაც გამუდმებით მასხლავს.
ვცდილობ და ვერ გაწვდენ ხელებს,
გულით იმედები დამაქვს-
კიბეს,  ზამბახებით დაწნულს,
ვიცი,  ჩამომაწვდი მამა.
როგორ დახლართულან გზები!
თუმცა, ყველა შენსკენ მოდის.
ბილიკს ირისებით ნაქსოვს,
როდის გამიმჟღავნებ, როდის?!


1999

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები