ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2010


(ბ)ევრიკა

> > >

შენ ისევ დგახარ სანთლებით ხელში
და ელოდები, ალბათ, სასწაულს,
შენი ტკივილი ან სულ მთლად შემშლის,
ან გულმხურვალე ლოცვას მასწავლის.


> > >

სისულელეა, ყველაფერი მთავრდება როცა,
შეესისხლხორცო გამოფიტულ ფესვებს თიბათვის,
ვაშლის ხის ტანზე ნაოჭები კადრებად მოსჩანს,
მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი.

სისულელეა, დამწამებენ უამრავ ცოდვას
და ღალატისთვის დამადგამენ გვირგვინს არყოფნის,
რგორც სარეცელს, არაერთხელ გაყოფილს ცოლთან,
გადახუნებულს დამწიფებულ ვნების ნაყოფით,

ჩემს შემოდგომასაც დაუვლის ქარი სიძველის.
გაშიშვლებაა სურვილების გამზეურება,
მაგრამ მოედო თვითშეგრძნებებს დაისისფერი,
და უშენობაც ბევრად უფრო ფასეულია

და იდუმალი, როგორც არსი დასაბამისა.
სისულელეა გადარჩენა, ვიდრე გრიყავენ
ღამეულ ლექსებს დღის სინათლეს მაინც აღირსებ.
მე დავიბადე იმ წამს, როცა შენ შემიყვარდი

და ვკვდები, მაგრამ მიყვარხარ ისევ.



> > >


სიტყვას მიბრუებს ლექსის მაგია,
განუკურნებელ წყურვილს მიოკებს,
მინდა, შენიდან წასვლის მაგიერ,
ახლა, შენამდე რომ მოვდიოდე.

პატარძალივით აპრილი წვება
ატმისყვავილთავარდისფერეთში,
სცვივა წვეთების ურიგო წყება
წვიმას და ციდან დარდის ბგერებს შლის.

უღონოდხელებძირსდაშვებულმა
სადაფისფერი ვინატრე ფრთები,
მგონი, სიცოცხლე არც არსებულა,
სიკვდილიც იყო მხოლოდ რეფრენი.

ჰოდა, ქარს ვატან ათასწლეულებს,
უდროობაში ვფნტავ სტრიქონებს,
არსებობისგანთავდაღწეულმა
ბედნიერება გამოვიგონე.


> > >

მოგცლია ერთი!
აფათურებ ფურცელზე კალამს,
თან რაინდული შემართებით თუ თავდადებით,
მელანს ცხოვრებით გამურულ სულს უკმევ და ფარავ,
გაჯანსაღების ნაცვლად უფრო დაავადდები,
გრძნობ, მაგრამ მაინც არაფერი, სულ არაფერი
აღარ გაყოვნებს, მოუჯოკრავ ახვარ სამყაროს,
რომელიც შენი ფუნჯით ვეღარ გაასხვაფერე,
მოგცლია ერთი!
რა აზრი აქვს ალალ ლაპარაკს
იმაზე, თითქოს რაღაცეებს ახლაღა ნანობ,
როცა ყველაფერს შეიძლება ერქვას სულერთი,
მორიგ გულყრასაც მიაბარებ ჯანდაბას ბარემ.
უკვირთ გარშემო, რატომ აღარ ადამიანობ,
რად არ ხარ მშვიდი, ბევრიც კიდევ სხვა სისულელე,
სიმრუდე გზების, ჯვარედინი სიმუხთლეები
გეღობებიან და ჰგონიათ რამეს გაკლებენ,
რომ არ დაეცე, აქვე სადმე ჩაიმუხლები,
უკურნებელი მარტოობის სენთან ჭიდილში,
დაიღრიალებ, აღარც მეტი აღარც ნაკლები,-
ჰაერის ყლაპვა-ამონთხევა რაღა საქმეა...
აღარ მოგბეზრდა, დავიჯერო?!
მოგცლია ერთი!



> > >


სიცივე იჭრება დარაბიდან,
თვალების დახუჭვით ვიხუჭები,
პოეტი სიცოცხლის დარაჯია,
სიკვდილის სიჩქარეს ამუხრუჭებს.






> > >

აქ დგას თაგვისფერი ბინდბუნდი ქალაქის,
ნაფეხურებს ვუსწრებ ერთი ნაბიჯით,
სულ არდაბრუნებას ვლამობდი …  მანამ კი
მაგ შენი თვალების სივრცით გავგიჟდი.
ირგვლივ არც ფერადი შუქია კაფეთა,
აღარც მოსეირნე წყვილების გამა
იტაცებს ჩემს მზერას…  კვლავ შემომაფეთა
ეჭვები ამ დღემაც… უსიტყვოდ წავალ,
მერე გაანათებს ქუჩებს ფანჯრებიდან
ძილქუშმორეული სახლების ხროვა,
და აყეფებული ძაღლივით ჯებირთან
ეს ქარიც ჩაცხრება…  მე აღარ მოვალ,
შავ ცას ჩაუტარებს ვარსკვლავი ხარაკირს,
მთვარეც დაეშვება  ცოდვის ნაპირზე,
აქ დგას თაგვისფერი ბინდბუნდი ქალაქის,
ნაფეხურებს ვუსწრებ ერთი ნაბიჯით.






> > >

გაგუდულია სუნთქვით ჰაერი,
ვაპათოლოგებ შენს თბილ მზერაზე,
და სახეს ვუშვერ უტიფარივით
ქარს, კლდის ნაპირი ჩემი სცენაა.
ჩანს, აქედანაც ავიბარგები,
და უმწვერვალეს შეგრძნებებს ვარღვევ,
და გავფრინდები, არ მსურს გამგები
ვიყო წინასწარ-
თავქვე, თუ მაღლა.



> > >

ხედავ, ღამეს გაუხუნდა ფერი,
შენ თვალები შეატოვე ცის კიდეს,
ლექსებს უკვე კი აღარ ვწერ, ვმღერი,
მისმინე და,
მისმინე და,
მისმინე:
ვარსკვლავებსაც ვეჩურჩულე შენზე,
უშენობას უკვე ცოდვად მითვლიან,
მარტოობას, ალბათ, ვეღარ შეძლებ,
ტვირთია და,
ტვირთია და,
ტვირთია.


> > >

დადიხარ გზააბნეულ,
არეულ ნაბიჯებით
და ითვლი შეღამებებს.

მოჰგავხარ გადარეულს,
შეპყრობილს გაგიჟებით,
სურვილებს ქარიშხლიანს.

ვეღარ ცვლი ინტერიერს,
წაკითხულ წიგნებივით,
დაგღალა მარტო ყონფამ.

დარდი გაქვს იმდენივე,
რამდენი სიხარულიც
ღიმილად გეყოფოდა.

ოცნებით გატაცებულს,
გაგიცვდნენ კალმისტრები,
ფურცლებიც შეგაბრდა.

და როგორც პოეტს ვნებულს,
ლექსებიც აგიმხედრდნენ
ერთად ამ ყველაფერთან.

სიჩუმეს შეამცირებ,
ბგერებს კვლავ იშველიებ,
მდუმარე კლავიშებთან.

სიცოცხლე შევიპირე,
რომ სუნთქვას დაგიმშიდებს,
როდესაც მოვალ შენთან.


> > >


ღრუბლის სქელი ფენა ლესავს ცას უხიაგს,
გადაშლილს ფანჯრების  წინაშე,
და მზე ენატრება ჩემს თმას თავთუხიანს,
მომწყვდეულს ზამთრის ვიტრინაში.

თვალებით უფსკრულთან მწვერვალებს ვაერთებ,
მშვენიერებისკენ შემართულს,
მოვდივარ,
და სამი,
და ორი, 
და ერთი...
ნოლი
ნაბიჯია შენამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები