ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2010


წერილი (არათოვლის) ბაბუას!

ბაბუ, ახლა შენ უვლი კერიას
და ეზო-ვაკეს ყველას მაგივრად,
მე რაც კი რამე დამიწერია,
მქონდა მიზანი, გამეგო ვინ ვარ.

სოფელში ალბათ თოვაც ახლოა
უფრო, ვიდრე აქ... მონატრებული
სუფთა ჰაერი სამოსახლოზე
დასეირნობს და ვენახებს უვლის.

სადაც პირველი ლექსი დავწერე
ციცქნა თითებით ყურძნის ფერებით,
ბევრად მეტია სიზარმაცეზე,
ასე შორიდან რომ გეფერები.

და იშვიათად რომ ჩამოვდივარ,
სადაც პირველი სიტყვა ამოვთქვი,
მანდ გულღიაა ყოველი დილა,
ამქვეყნიური მზერით სამოთხის.

შენგან ნასწავლი სტროფები დღესაც
სამშობლოს ერთგულებით მღერიან,
როგორ მჭირდება ზოგჯერ ეგ ზეცა,
რომელიც სულ სხვა სიღრმის ფერია.

ამ ნოსტალგიურ ფრაზებს გიგზავნი
სევდიან ღიმით გადაიკითხავ,
მეც პოეზიის ვარ ერთი მგზავრი,
ასე ძლიერ რომ გიყვარს და გხიბლავს.

ბაბუ, ახლა შენ უვლი კერიას,
უსმენ რადიოს - ჩვეული ჰობი,
მე რაც კი რამე დამიწერია,
სულის ექოა ჩემი ბავშვობის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები