ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2011


დევი

მონატრებული სალამი! როგორ ბრძანდებით პატივცემულებო? იმედია, დიდებულად!
პატიებას ვთხოვ ყველას, ვისაც, ამ ბოლო ხანს, მოუცლელობის გამო,  ვერ ვკითხულობ და ვეხმაურები.
ისე, ღმერთი! რჯული! ნამეტანი მომენატრა თქვენთან ურთიერთობა. მეც თუ მოვენატრე ვინმეს, ააა ბატონო, რაცხას წერა დავიწყე და წაიკითხეთ. ცარიელ ფურცელს და ჩემივე დაწერილ მესიჯებს, უნდა ჯობდეს პაწათი.





- ბიჭო, რა ვირი ყოფილა ეს ჩემისა! მაჯაზე ხელი ისე მომიჭირა, თითები ვერ ავამოძრავე. თან რამხელა ტორები აქვს, ეე? მკლავზე, ლამის ორ წრედ შემომავლო  ხელის გული. კიდევ კარგი, ნერვი არა აქვს და "სლიშკამ"კეთილია. აზრზე მოდი, ჩხუბი რომ უყვარდეს, ან ჩემნაერი ახვარი იყოს, ეე?! ჩემ მტერს, ტო! მაგას ვინ გააჩერებს?
- შენ ეგა თქვი.
- არადა ბიჭო, გინდა გაგიმაზო? თავში ჩავარტყავ და ხმას არ ამოიღებს?!
- კაკო, იცი რას გეტყვი? ნამეტანი დარწმუნებულიც ნუ იქნები, ამგვარ "ჰეფი ენდზე." ბებიაჩემი ტყუილად კი არ მასწავლიდა: "საფრთხე ელანძეა, ბებიაო." რომ გადმოგიღოს და დაგძუყნოს, ხომ იქნები ღირსი?
- ვინ ბიჭო?!
- ვინ და დევიამ!
- მოდი, სახინკლეზე გავმაზოთ ძმაო! თითსაც ვერ დამაკარებს!
- მოსულა. ოღონდ, ჯერ იკისრე და მერე ჩაარტყი თავში.
- ეე?!  შენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხარ? რა პონტში უნდა ვიკისრო? იქნებ ვიგებ?
- რომ წააგო,  ის მაშინებს მე.  ღმერთი თუ გადმოგხედავს და ცოცხალი გადარჩი, ერთი თვე შენს აწყობას დასჭირდება და მთელი წელი - ფეხზე დაყენებას. ამდენი ხანი ველოდო თავანს?
- ეე, მიდი რა!

  დაახლოებით ამგვარი საუბარი გაიმართა, ჩემსა და კაკოს შორის, მას შემდეგ, რაც მისთვის სრულიად მოულოდნელად, დევის არანორმალური ფიზიკური ძალა აღმოაჩინა. კაკო, ჩემი პარალელური კლასელი იყო. დევი - თანაკლასელი.

  მაშინ ვერ ვხვდებოდით, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, მრავალი სიკეთე ჰქონდა წინა საუკუნის 70-80-იან წლებს. თუნდაც ის, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, იშვიათად ინგრეოდა ოჯახები. დევის ამ მხრივ არ გაუმართლა. მშობლები დაშორდნენ. დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა. მეცხრე კლასში იყო დედა რომ გარდაეცვალა და დარჩა ბებიის ამარა. ვერ ვიტყვი მამა ყურადღებას არ აქცევდაო, მაგრამ ოჯახი ყავდა იმ კაცს, შვილები და მოგეხსენებათ როგორც ხდება მსგავს შემთხვევებში. დევი კი, მორიდებული ბიჭი იყო. ამიტომ,  ბებიის პენსიით გაჰქონდა თავი უმეტესად ოჯახს. "ბავშვი უსწავლელი არ დამირჩესო"და რეპეტიტორებისთვის ფულის მოსაგროვებლად,  საღვეზელეში, მოლარედ დაიწყო მუშაობა, სამოცდაათს გადაცილებულმა ქალმა.

მახსოვს, ბავშვობისას უბანში ნაყინს, მოტოროლერით ჩამოატარებდნენ ხოლმე.  ნაყინი რაღა შუაშიაო?- იკითხავთ ალბათ. მოგახსენებთ. რაინდი ერქვა ნაყინის გამყიდველს. მოტოროლერზე რომ წამოდგებოდა და ხელაწეული, ბავშვებს თავისთან მიგვიხმობდა, დიდი-დიდი მეტრნახევარი ყოფილიყო იმ მომენტში მანძილი, ასფალტიდან, რაინდის აწეული ხელის, შუა თითის ფრჩხილამდე. იცოცხლეთ, კეთილი სურვილი კი ამოძრავებდა, მაგრამ მეტისმეტად ბეცი აღმოჩდა წინასწარმეტყველების საკითხში, მენაყინეს სახელმდებელი. დევის ნათლიამ კი, შიგ ათიანში გაარტყა. მაღალიც იყო დევია, მოხეულიც, ძვალმსხვილი, ჯანიანი და ისეთი გულუბრყვილო, ნებისმიერი ნაცარქექია რომ გააბრიყვებდა და ლუკმას პირიდან გამოაცლიდა. ცხენები უყვარდა სიგიჟემდე. იპოდრომზე ათენებდა და აღამებდა. ცხენებს უვლიდა, აჭმევდა, თავლას ალაგებდა, აღკაზმულობა მოჰყავდა წესრიგში. მახსოვს ერთხელ, სტუდენტობისას, იპოდრომზე შევუარე, სადღაც ვაპირებდით ერთად წასვლას. დევი ამხედრებული დამხვდა. რომ დამინახა, ჩამოქვეითდა და ცხენი ლაგამგამობმული წამოიყვანა,  ოფლის შესაშრობად.
  - ბიჭო! ესაა შენი ცხენოფილობა?! ამხელა ბეჰემოტი რომ მოაჯდები და დააჩაქჩაქებ ამ საცოდავებს, არ გეცოდებიან მაინც? ხედავ რას დაამსგავსე, ეს შენდა ჭირად გაჩენილი? ზურგი ჩანგრეული აქვს, ენა გადმოვარდნილი, ჩლიქებზე "პადაგრა". საკუთარ კუდს ძლივს მოათრევს და შენ როგორ უნდა გზიდოს, ამ უბედურმა? - წავეღადავე დევის თორემ,  რა ჰქონდა ცხენს დასაწუნი? ავ თვალს არ ენახებოდა ულაყი.
- ვინაა ბიჭო უბედური და ენაგადმოვარდნილი? ამას რომ მოვლა-პატრონობა აქვს, აწი რაღა დროსია თორემ,  შენ რომ გქონოდა იმის ნახევარი, ეგებ კაცი გამოსულიყავი?! - 32-ვე კბილი გამოამზეურა დევიმ.
  მე და ეს ძმაკაცები ვართ. ხან მე ვაჭენებ, ხან ის გამაჭენებს ხოლმე.  რა იყო, არ გჯერა? - მივიდა ცხენთან, წელში მოიხარა, მუცლის ქვემოთ, მხრებით შეუდგა და ბეჭებით ასწია.
- ვაი, შენს პატრონს... ესღა აღმომხდა ყბაჩამოვარდნილს.

  ქეიფისთვის იყო გაჩენილი დევი. მაგრამ რომ მკითხოთ ჭამა-სმა უფრო უყვარდა, თუ სამზარეულოში ტრიალიო, გამიჭირდება სწორი პასუხის გაცემა. პროდუქტების არჩევა-ყიდვა- მომზადება-გაწყობაში, არ ჰყავდა ბადალი. გვერდით არავის გაგვიკარებდა. მოირგებდა წინსაფარს, კაი მარჯვე, გამოცდილ დიასახლისს რომ შეშურდებოდა, ისეთ სუფრას გაშლიდა ნახევარ საათში, მოგვიჯდებოდა შემდეგ გვერდით და თავისწილად, ერთ ფუთამდე ღვინოს გამოუყვანდა წირვას, ნებაზე თუ მივუშვებდით. ახლა არ დამიწყოთ... ფუთიც კარგად ვიცი რამდენია და ნათქვამსაც ნუ ჩამითვლით გაზვიადებაში. ეს კი არა, უფრო მეტიც არაერთხელ დაულევია.
  მახსოვს, არეული დროა. სვავს დევია. სამი დღეა, სახლისკენ არ უქნია პირი. საღამო იყო ეზოში რომ შემოეტია. მიდის სადარბაზოსკენ  ვარაუდით. ხმას ვერ იღებს. თეძოებიდან გლანდებამდე, ამოვსებულია სასმელ-საჭმელით. ერთი სული აქვს, შინ მივიდეს და დაიცალოს. გზად ვიღაც ორი, დამწყები ძველი ბიჭი გადაუდგა და სიგარეტი მოგვაწევინეო. დევიმ ვერ გაიგო. ოდნავგაღებული ცალი თვალით მხოლოდ ის შეამჩნია, სანატრელ ტუალეტამდე გზას, რაღაც  რომ უხერგავდა და ამის გასარკვევად გაჩერდა.
  - სიგარეტი მოგვაწევინე, ბიჭო!!! - უფრო ხმამაღლა და ხაზგასმულად უხეშად გაიმეორეს "დამწყებებმა."
  ვერაფრით ჩაწვდა "ბარიერის" წარმომავლობას დევი. მხოლოდ გრძნობს, რომ ღაღაც უნდა ესმოდეს და რაღაცასაც ხედავდეს, მაგრამ რას, ვერაფრით ხვდება და ვერც აუდიო, თუ ვიდეო ფოკუსში უყრის თავს.
  - ხმა ამოიღე ბიჭო!!! - სახელოზე დაქაჩა ერთერთმა. გულზე იყვნენ მოსული, იფიქრეს: "ჩავასვრევინეთ ვიღაც ვერზილას, ხმას ვერ იღებს შიშითო".
  - მმუუჰ...
  - რა მუუ? ძროხა ხარ ბიჭო?! - შეუძახა ერთმა და მუცელში მუშტიც დაუყოლა. აი, სწორედ აქ გაიხსნა ის სარქველი, დევის სამი დღის ნაალაფარს, რის ვაი-ვაგლახით რომ იჭერდა. გაიხსნა და, გარღვეული ჯებირიდან მოვარდნილი წყალი ხომ გინახავთ, ისეთივე დებიტით და ზათქით მიასკდათ, დევის დაფჩენილი პირიდან გადმოსული, ოცკაციანი, ნახევრად გადამუშავებული პურ-მარილი, "მალადნიაკ აბიჟნიკებს". თავ-ფეხიანად ჩამბალ-ამოვლებულებს, ეზოში შლანგით რეცხავდნენ, ახარხარებული მეზობლები. მოულოდნელი შვება რომ იგრძნო, ერთი კი გაიკვირვა დევიმ - რა წუწაობა აუტყდა ამ ხალხსო. ჩაიქნია ხელი და ბარბაცით შევიდა სადარბაზოში.



                                                        ვეცდები დავამთავრო. წესით, ბევრი არ უნდა იყოს დარჩენილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები