ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2010


აცივდა (გიორგი არაბიძეს)

ღამე გრძელია დღეებზე მეტად, დღე-დღეზე მოკლე,
ზეცა ბარბაცებს,თავს ვერ ითენებს,ვარსკვლავებს ხუჭავს,
თუ პოეზია ზედმეტის წერით მოკვდა ან  მოკლეს,
სუფთა სისხლი გაქვს შემორჩენილი სულ ერთი მუჭა
მისი და გყოფნის,რომ ასაზრდოო ლექსის ნერგები,
მერე რითმებად  ჩამოუკრიფო ფიქრებს ნაყოფი,
ხვდები,რომ ახლა პოეტის სახელს უფრო ერგები
და აღარ რჩება ირგვლივ სამყარო შენი სამყოფი,
რადგან ცოტაა ისედაც სივრცე,მუდამ უკმარი
იმისთვის,ვისაც არ გაუჭირდა  მოკრება ძალთა
სიცოცხლისათვის,გემრიელი ხომ ბოლო ლუკმაა
და შენც იზოგავ მზის ბოლო სხივებს,დასძლიო რათა
ამქვეყნიური ცოდვის სიმლაშე,მოჭრა მარჯვენა,
ბოლო დროს ხერხიც აღარ ამართლებს,ბევრჯერ ნაცადი,
ზოგს ხომ ცხოვრებამ საჩვენებელი უკვე აჩვენა,
ზოგს კი  მოუსპო გზა თავიდანვე და არ აცადა.
სიტყვები სათქმელს იქით და აქეთ რჩება იმდენი,
რამდენსაც  აწი მოიფიქრებ და არის საჭირო,
როცა ქარები დასავლეთისკენ ღრუბლებს მიდენის,
დატოვე დარდი,საქმე რომ მეტად არ გააჭიროს,
მთვარე კი როგორც ჩაკიდებული ჭაში საზამთრო,
ატივტივდება,გაცივებული,ცის ზედაპირზე,
დრო მარადმწვანე ნაძვებ ქვეშ უნდა გამოაზამთრო,
გარდაცვალებას შენი თავი რომ აღარ დაპირდე.


26.12.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები