 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პროზა 17 იანვარი, 2011 |
მოდი წავშალოთ ყველა სურათი და თითოეული მათგანისგან დავიტოვოთ მხოლოდ დაფერფლილი ფერები. გადავყაროთ ოცნებები, დავივიწყოთ დღეები, საათები. ერთმანეთს კი, მხოლოდ ღიმილი და სიყვარული ვაჩუქოთ. აგერ, გაზაფხულმაც მოიხადა თავისი ვალი, ადამიანები მიახვედრა რომ ყველაფერი ახლა დაიწყო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მისი მესიჯები ადამიანებმა ვერ გაიგეს სწორად და წელსაც ნაწყენი მიეგზავრება დასასვენებლად... ასე იქცევიან ყოველთვის ისინი, მხოლოდ იმით ინტერესდებიან, რაც მხოლოდ მათ მოუტანთ სიკეთეს და გარშემო აღარავის უყურებენ. მე ვიცნობ მათ და ჩემი თეთრი ოთახიდანაც სულ სხვანაირები ჩანან... ისინი არიან არსებები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი სამყარო, არ ფიქრობენ, არ აქვთ გრძნობები და არც სილამაზის დანახვა შეუძლიათ. დღესაც მერამდენედ გაიარეს საათებმა ნაცნობი წრე და მერამდენედ ვუყურებ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ იყვნენ რეალურები, მათი ნიღბები კი სრულიად ამოუცნობი და სურეალისტურია. ხანდახან ეს ქმნილებები პიკასოს ოთხკუთხა ხატვის სტილს მაგონებენ, ხანდახან ვან გოგის ყვავილებს, ხანაც სალვადორ დალის საათებს... მუდამ ეძებენ ისინი რაღაცას, მუდამ ცდილობენ გაერიონ ერთმანეთში და თავიანთი ცოდვები ერთმანეთს გაუზიარონ, სამაგიეროდ კი ყოველთვის შურისძიებას და ომს იღებენ. განა საცოდაობა არაა, ყოველდღე უყურებდე მათ, იცინოდე მათზე, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ ანსხვავებდე მათგან... შეიძლება დღეს საკმაოზე მეტი დავლიე, შეიძლება საკმაოზე მეტი ემოციაც მაქვს მაგრამ, საათების წრიულ მატებასთან ერთად, ჩემი მათდამი ზიზღიც იმატებს. შენც კარგად იცი როგორ მძულს თამაში, როგორ მაღიზიანებს ტყუილი, მაგრამ მე და შენ განსხვავებულები ვართ... ჩვენ ჩვენი სამყარო გვაქვს, არ გვაქვს ნიღბები და არასდროს გვითამაშია. ჩვენთვის ყველაფერი ზედმეტად რეალურია, შენი ნახატებიც რეალურად იღიმებიან და ჩემს თეთრ ოთახს ნათელ ფერებში ხატავენ, მოცეკვავე თევზებთან ერთად. ვფიქრობ, მაინც და მაინც არც მათ უნდა ვუყვარდე მე, მე ხომ ვხედავ მათ, მე ხომ მათი ყველა ჩანაფიქრი, ყველა ოცნება ვიცი. ნიღბით თუ ნიღბის გარეშე, მე ადვილად შემიძლია მათი ამოცნობა. მეც ხომ ერთ-ერთი მათგანი ვარ... შენ კი, ძველებურად სიჩუმეში ამჯობინებ ყოფნას, ზიხარ შენთვის, ხელები ისევ საღებავით გაქვს დასვრილი და ხატავ მთვარიან ღამეს, რომელსაც ჩემამდე მოაქვს ამბავი შენი ოთახიდან, ჩემს ოთახამდე. მე კი ისევ ძველებურად, საათის წინ ვარ მოკალათებული, ვუყურებ ჩემს თევზებს და კიდევ ერთხელ გწერ წერილს ნაცნობ მისამართზე: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი მოდი, წავშალოთ ყველა სურათი და თითოეული მათგანისგან დავიტოვოთ მხოლოდ ჩამოფერფლილი ფერები. დავივიწყოთ დრო, დღეები, წუთები და ერთმანეთს მხოლოდ ხალისიანი ღიმილი ვუწილადოთ... თუმცა უშენოდ, ღიმილის ნაცვლად მუდამ სიმარტოვეს მესვრიან ქუჩიდან და მთვარეც უკვე ძალიან დაიღალა ჩემით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უბრალოდ... 5 :)
უბრალოდ... 5 :)
1. "მოდი წავშალოთ ყველა სურათი და თითოეული მათგანისგან დავიტოვოთ მხოლოდ დაფერფლილი ფერები" :) მოდი.. "შენ კი, ძველებურად სიჩუმეში ამჯობინებ ყოფნას, ზიხარ შენთვის, ხელები ისევ საღებავით გაქვს დასვრილი და ხატავ მთვარიან ღამეს, რომელსაც ჩემამდე მოაქვს ამბავი შენი ოთახიდან, ჩემს ოთახამდე" ბექ:-* "მოდი წავშალოთ ყველა სურათი და თითოეული მათგანისგან დავიტოვოთ მხოლოდ დაფერფლილი ფერები" :) მოდი.. "შენ კი, ძველებურად სიჩუმეში ამჯობინებ ყოფნას, ზიხარ შენთვის, ხელები ისევ საღებავით გაქვს დასვრილი და ხატავ მთვარიან ღამეს, რომელსაც ჩემამდე მოაქვს ამბავი შენი ოთახიდან, ჩემს ოთახამდე" ბექ:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|