ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: თარგმანი
21 თებერვალი, 2011


მე, შენ, ის და ტელეფონი

                           
ყველაფერი მინდიას ქორწილში დაიწყო.
_ხუთნი ვიყავით,_ სადღეგრძელოს აგრძელებდა ლევანი _მე, გიორგი, ბაჩო, მინდია და საბა. ჩვენ ციხეების მსგავსად ვეცემოდით ერთმანეთის მიყოლებით და აი, შედეგიც – ჩვენი მეუღლეები გვიმშვენებენ გვერდს!_ ყველას გაეღიმა._ აგერ დღეს მინდიას ვკარგავთ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ყოველივეს კარგს გისურვებთ ახლადშეუღლებულებო. ახლა კი მინდა ჩვენი „უკანასკნელი მოჰიკანის“ სადღეგრძელო შევსვათ – ახალგაზრდაა, უცოლშვილო ჩვენი მეგობარი, ჩვენი უკანასკნელი ნუგეში და „დაკარგული სამოთხის“ სიმბოლო _ ჩემს სადღეგრძელოს სთავაზობდა ლევანი საზოგადოებას.
_აბაა, საბა, შენს ქორწილში როდის დაგვათრობ?
_არც ისე მალე_ გავუღიმე.
_რატომ ვითომ?_არ ცხრებოდნენ მაგიდის წევრები.
_ჯერ შესაფერი ვერ იპოვა.
_მართლა? მერე ჩვენ რისთვის ვართ აქ?! ჩვენ ვუპოვოთ!
_წინადადება მაქვს, ტელეფონით მოვუძებნოთ საბედო.
_შესანიშნავი აზრია_ ავუბი მხარი_ ნომერი მითხარით.
_ყველამ სხვადასხვა ციფრი ვთქვათ.
_ ძალიან კარგი, „ორი“_ისეთი სახით წამოიძახა ლევანმა თითქოს ახალი მათემატიკური სიდიდე აღმოეჩინოს.
მე ტელეფონთან მივირბინე და „ბრძანება“ შევასრულე.
_ცხრა_ითქვა შემდეგი.
_ნული.
_მე მაშინ ოთხს ვიტყვი!
_ჩემგან – ხუთი.
ყველამ გაიცინა და მეც ყურმილი დავკიდე.
დავიშალეთ. მეგობრები წავიდ–წამოვიდნენ მეუღლეებთან ერთად და მეც თავი მარტოსულად ვიგრძენი. დიდხანს ვიარე მოცარიელებულ ბულვარში... და უცბად, ნომერი გამახსენდა...
ვკრეფ და ყურმილში ქალის ხმა გაისმა:
_გისმენთ.
_გამარჯობა.
_გამარჯობა.რომელი ხართ?
_მე ვარ... მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი.
_ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა საამისოდ საკმაოდ გვიანია_აუღელვებლად გამომეპასუხა ხმა.
_არანაირად, ეს ესაა საუკეთესო მეგობრის ქორწილიდან წამოვედი ის ერთადერთი იყო ჩემს ძმაკაცებს შორის, ვისაც ოჯახი არ ჰყავდა და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მისი დაკრძალვიდან მოვდიოდე.
_და ჩემი ნომერი საიდან?
_სრული შემთხვევითობა–თავში მოსული პირველივე ციფრები ავკრიფე.
_შესანიშნავია.
_შეხვედრას ვერ შევძლებთ?
_აი, ეგ უკვე შეუძლებელია. თქვენ ახლა წახვალთ, დაიძინებთ. ხვალ კი ყველაფერი კარგად იქნება. აი,ნახავთ!
_კი მაგრამ, მე თქვენი ნახვა რომ მინდა?! ან თუნდაც საუბარი თქვენთან.
_ჩემი ნომერი იცით და როცა გენებოთ – დარეკეთ.
_მართლა?
_მართლა. ახლა კი , ძილი ნებისა!
_ხვალვე დაგირეკავთ.
ჰო, მართალია, ეს სისულელე იყო, მაგრამ მაინც მეჩვენებოდა, რომ უკვე ვიღაც მყავდა.
– – –
_გამარჯობა,ეს მე ვარ.
_გამარჯობა. რომელი ხართ?
_უკვე დამივიწყეთ? მე დაგირეკეთ გუშინ, ამავე დროს.
_კარგია რომ დარეკეთ, დღეს მეც მოწყენილი ვარ. რადიო–მიმღები გამიფუჭდა.
_ყოველთვის ასე გვიან იძინებთ?
_დიახ, გვიანობამდე ვუსმენ ხოლმე რადიოს. დღეს კი ადგილს ვეღარ ვპოულობ. მომიყევით რამე თქვენზე.
და მეც თითქოს ნიშანს ველოდი, ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს ისეთი სისწრაფით გადმოვულაგე ჩემი სამსახურეობრივი უსიამოვნებების შესახებ ყველაფერი, რომ გონზე მოსული და გაკვირვებული სასწრაფოდ დავემშვიდობე და ყურმილი დავკიდე.
  ვფიქრობდი, ბევრს ვფიქრობდი და ვასკვნიდი, რომ არავინ დაიჯერებდა მომხდარს.
ვურეკავდი მას ყოველ ღამით – ერთსა და იმავე დროს. გავიგე, რომ დეა ჰქვია, ცხოვრობს მარტო, აქვს თაფლისფერი თვალები და 35 ფეხის ზომა.
_როდის შევხვდებით?_ვკითხე.
_აბა, რისთვის? ასეც კარგად ვგრძნობთ თავს. არ ვიცი თქვენთვის როგორ, დათო  – ჩემთვის კი ამ სატელეფონო ზარებმა რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი შემოიტანა. მსიამოვნებს, როდესაც ჩემს პრობლემებზე ვესაუბრები ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ, არც მინახავს და წარმოდგენაც კი არ შემიძლია მისი. უკეთესია მიამბეთ სამსახურში რა ხდება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
_გათავისუფლებაზე განცხადება დავწერე.
_და სად წახვალთ?
_ჯერ არ ვიცი.
– – –
ახალ წელს ლევანთან შევხვდით. საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა. ყველა ვეხვეოდით, ვკოცნიდით და ვულოცავდით ერთმანეთს. ლევანმა ეს წელი ჩემი დაოჯახების ისტორიულ წლად გამოაცხადა.
დერეფანში გავედი და ნომერი ავკრიფე. არავინ მიპასუხა. და ასე დილის ექვს საათამდე.
_ახალ წელს გილოცავ!
_აჰ, ეს თქვენ ხართ? ეს ესაა დავბრუნდი.
_ვიცი, მთელი ღამე გირეკავდით.
_მეგობართან ვიყავი.
სიჩუმე.
_ამ ახალ წელს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ._ გავბედე სათქმელი.
_სასიამოვნო მოულოდნელობაა ახალი წლის პირველ საათებში.
_ვიცი, ეს სისულელეა, არც კი მინახიხართ, მაგრამ თქვენს გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელი გახდა ჩემთვის.
_უფრო სწორად ჩემი ტელეფონის გარეშე, მაგრამ მაინც სასიამოვნო მოსასმენია.
_მითხარით სად ცხოვრობთ,ახლავე თქვენთან გავჩნდები.
_გთხოვთ,_ ტკივილნაზავი ხმით ჩამძახა ტელეფონში_თუ თქვენ ამგვარ წინადადებებს წამომიყენებთ, როგორიც მერწმუნეთ, ხშირად მსმენია სხვებისგან – ურთიერთობას შევწყვეტთ. ძალიან მოგეჩვიეთ და თქვენ პირველი ხართ, ვისაც ამ სიტყვებს ვეუბნები მეუღლის სიკვდილის შემდეგ.
სამ იანვარს ახალ სამუშაოზე მივედი. შესასვლელთან უზარმაზარი სია ეკიდა თანამშრომელთა ტელეფონის ნომრებისა და... შევკრთი, დავინახე ნომერი – თითქოს უცნობთა უზარმაზარ ბრბოში ნაცნობი სახე შემემჩნიოს.
_ ვინ არის გიორგაძე? _ მდივანს ვკითხე.
_ჩვენი მემანქანეა.
ფანჯარაში შევიხედე და დავინახე მემანქანე თაფლისფერი თვალებითა და 35 ფეხის ზომით.
ეს ზღაპარივით იყო. შემთხვევამ ერთ დაწესებულებაში მოგვახვედრა და დეამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ღამით დავურეკე.
_დღეს ახალი თანამშრომელი გამოგვიჩნდა.
_ჰოო? როგორია?
_ რა ვიცი, მე არ მომეწონა, ზედმეტად ქედმაღალია. თუმცა ერთი ნახვით რას გაიგებ.
  გამიკვირდა. აზრადაც არ მქონია მასთან ქედმაღლურად მოქცევა.
_თქვენი საქმეები როგორ მიდის? ახალ სამუშაოზე ხომ არ მოწყობილხართ?
არ მინდოდა მეთამაშა, მაგრამ შინაგანმა მუხრუჭმა მაიძულა ტყუილი მეთქვა მისთვის.
_იცით, გადავწყვიტე ძველ სამუშაოს დავუბრუნდე.
          – – –
დილით ვნახე დეა. თავაზიანად მოვექეცი და ცნობისმოყვარეობა მკლავდა_ აღნიშნავდა თუ არა ამას საღამოს სატელეფონო საუბრისას.
_ხომ ვამბობობდი ერთი ნახვით ადამიანის შეფასება არ შეიძლება_თქო. როგორც ჩანს ის ისეთი საყვარელი ადამიანია!
_მე უკვე ეჭვიანობას ვიწყებ!_ ავენთე.
ასე დაიწყო ეს თამაში. მე უკვე არაფრის შეცვლა შემეძლო. სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებდი.
სამუშაოზე სულ სხვა ადამიანად ქცევას ვცდილობდი და ის ლაპარაკობდა ჩ ე მ თ ა ნ ტელეფონით ჩ ე მ ზ ე, ზუსტად, ფაქიზად და დახვეწილად ხსნიდა ყოველ ჩემს ნაბიჯს, ჟესტს და სახის გამომეტყველებას.
და მოხდა გასაკვირი რამ, მ ე – საბა, ვეჭვიანობდი დეას საღამოს ცხოვრებაზე, ხოლო ღამით, სატელეფონო საუბრებისას –  მე, უკვე დათოს, ნერვები მეშლებოდა მის გაუთავებელ მონაყოლზე  საბასთან დაკავშირებით.
_ მოდი, შევეშვათ „თქვენობით“ საუბარს, ჩვენ ხომ ამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ_ვუთხარი მე – დათომ.
_კარგი,ასე ვქნათ_დასტური მომცა.
ბავშვივით აღტაცებული ვიყავი იმის წარმოდგენისას, რომ მე–დათოს „შენობით“ მომმართავს, ხოლო მას – საბას კი „თქვენობით“. ახლაღა დავიჭირე საკუთარი თავი იმაზე, რომ საკუთარ თავსვე მოვიხსენიებდი მესამე პირში.
– – –
_ ჩემი აზრით, შენთვის უკვე სულ ერთი აღარ არის ის.
_საიდან იცი?_მიპასუხა ცივად_ იქნებ არც მისთვის ვარ სულ ერთი?!
გაბრაზებულმა დავაგდე ყურმილი და რამოდენიმე დღე აღარც დამირეკავს. როგორ მოხდა რომ ჩემი ანუ საბას გრძნობები შეამჩნია!
მეორე დღეს კინოში ვიყავით. მფრინავებზე იყო ფილმი. დეას ხასიათი გაუფუჭდა. ვუცქერდით მოძრავ წერტილებს ღმის ცაზე და მიამბობდა გარდაცვლილი მეუღლის შესახებ, რომელიც მფრინავი იყო:
_იქ არის მისი საფლავი, ზოგნი სასაფლაოზე და დადიან, მე კი – ცას ვუყურებ ხოლმე.
ცრემლებს ვწმენდდი და მერე როგორც შეშლილმა დავუწყე კოცნა.
_არა,არააა, არ გინდა_ იძახდა და ვგრძნობდი ამ სიტყვებს ნელ–ნელა როგორ ეკარგებოდა ძალა.
– – –
_მისმინე,ჩემო კეთილო გენიოსო, ერთი რჩევა მჭირდება შენგან, ოღონდ ბოლომდე მომისმინე – ყურმილი არ დაკიდო.
ამ საუბარს ორი დღე ველოდი და მიკვირდა დუმილი მისი.
_მაშ ასე, მომისმინე, ოღონდ მშვიდად.
_დროზე,ნუღარ მანერვიულებ.
_კარგი, გეუბნები :სამი დღის უკან საბამ ცოლობა მთხოვა.
_მერე? რა უპასუხე?
_არაფერი, რჩევა მინდა გკითხო.
_არ გინდა, არავის გაჰყვე ცოლად! მარტო მე...მიყვარხარ!
_გამიგე, თქვენ კაცები სულ მარტოობაზე წუწუნებთ. როგორღა იქნება მარტოსული ქალი?! იღვიძებ ღმით და გრძნობ როგორ გემხობა თავზე ბნელი კედლები.
რა შემეძლო მეთქვა?! გაყუჩდა და მივხვდი, რომ არც ერთ ჩვენგანს, არც მე–დათოს და არც მე–საბას მისი განსვენებული მეუღლის მეტოქეობა არ შეგვეძლო.

პირველად დამპატიჟა სახლში. „ნერინგის“ რადიო–მიმღები, რბილი სავარძელი, ტორშერი – ყველაფერი ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა.
ვკოცნიდი და ვგრძნობდი, როგორ ტკბილად და თან მტკივნეულად იღვიძებდა მასში ქალი. უცბად ხელიდან დამისხლტა და რაღაცას მიაყურადა ღამის სიჩუმეში. ვუცდიდი და მეგონა წამებში გავიგებდი თვითმრინავის გუგუნს, მაგრამ არავითარი ხმა ...
მაშინ კი მივხვდი, ტელეფონის ზარს ელოდა. სწორედ ის დრო იყო, როცა რეკავდა ხოლმე ის...  ის – ანუ  მე–დათო.
და მიუხედავად იმისა, ვიცოდი – აღარასდროს გაისმებოდა ზარი მისგან, წამით მეც ეჭვი შემეპარა და მეც დავიწყე ლოდინი, მომინდა კიდეც სასწაული, რომ ტელეფონს დაერეკა.
აპარატი კი დუმდა....
(აზერბაიჯანელი მწერლის - ანარის მიხედვით))

http://www.azeribooks.narod.ru/proza/anar/ya_ti_on_telefon.htm

და აქვე გეტყვით, რომ სახელებიც გადმოვაქართულე :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები