ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2011


წერილი მეგობარს /ძველთაგან/

  ფრენა რომც შეძლებოდა , ასე სწრაფად მაინც ვერ აივლიდა კიბეს...
    სამ-სამს ახტება ერთდროულად... გული საშინლად უცემს. ხელში თეთრი კონვერტი უჭირავს
და მასზე მისთვის უძვირფასესი მეგობრის სახელი წერია გამომგზავნის გრაფაში.
  ეგონა დაკარგა...ფიქრობდა, რომ გაქრა ის საოცარი მეგობრობა, რაც მათ შორის იყო...
თავიდან ცდილობდა კიდეც ამ მოულოდნელი სიჩუმის მიზეზები ამოეცნო,
მაგრამ ნელ-ნელა იმდენად ჩაითრია ყოველდღიური საქმიანობის წვრილმანებმა,
რომ ფიქრს მოეშვა...რაც მოხდა - მოხდა, რაღა მნიშვნელობა აქვს მიზეზებს... თანაც
წარმატებები ყოველთვის უვსებს ადამიანს რაღაც დანაკლისს. არადა როგორი საოცარი
დამოკიდებულება იყო მათ შორის, რამდენს საუბრობდნენ და როგორ უყვარდათ
ერთმანეთის აზრის მოსმენა. მათ წაშალეს ზღვარი სქესებს შორის და
მეგობრობდნენ: მამაკაცი და ქალი...
რამდენი ხანია მისთვის თვალებში არ ჩაუხედავს, რამდენი ხანია მისი მზერის მშვიდი
გამოსხივებით არ გაუნაბავს სული...
ახლა, გახსნის კონვერტს და იმ ბარათზე მისთვის ყოველი სიტყვა უძვირფასესი
გახდება...ნამდვილად სჭირდებოდა ახლა!!! ნამდვილად სჭირდებოდა ამ ქალის
ფაქიზი სული!!! სხვას ვის გაახარებს უფრო მეტად  თავისი მიღწევებით?! თვითონ მუდმივად
იბრძვის , ასე ვთქვათ - ცხოვრების გლადიატორად იქცა, უფასდება კიდეც! პატივსაცემია
და პატივცემული. სანდომიანი ყველგან და ყველასთვის, ემოციები მისგან შორს არის.
მყარი, გონიერი და ხანდახან დაუნდობელიც...უნდა გამოტყდეს და მოსწონს თავისი
თავი, რატომაც არა?! იცოდა რა სურდა და იცის, რომ მიიღო!
ახლა გახსნის ამ ბარათს და წაიკითხავს მეგობრის შეფასებებს, რომელიც
სხვა ყველა ერთად აღებულ საქებარ ფრაზას აღემატება მისი მნიშვნელობით.
    ”გამარჯობა, ძვირფასო...
დიდზე დიდი ხანია ერთურთი არ გვინახავს... რამდენი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაშიც და ჩვენშიც...
რა გითხრა?! ყოველმხრივ შენი წარმატების ამბავი მესმის...მიხარია, ძალიან მიხარია,
რომ შენი გზა იპოვე და მყარად დგახარ კიდეც მასზე. სხვაგვარად ვერც იქნებოდა...
  დღეს პირველად უნდა გითხრა ჩემი გაქრობის მიზეზი. ცოტა მიმძიმს...
გახსოვს ალბათ რამდენს ვსაუბრობდით, როგორ გვიყვარდა ლაპარაკში დროს
გაყვანა... რამდენ რამეს მძენდი შენ მე და გაძლევდი მე შენ...ასეთები ვიყავით...
მაგრამ ამბობდი: ”მასუსტებო,შენთან საუბარი ადამიანურ თვისებებზე, ემოციებზე,
განწყობებზე იმ წერტილიდან მხრის - სადაც მინდა მყარად ვიდგეო, იმ მიღწევებისთვის
რაც მე მჭირდება სენტიმენტები არ გამოდგება და შენთან გატარებული წუთების 
შემდეგ ადამიანურ სისუსტეებში ვუტყდები- ხოლმე საკუთარ თავსო”, ჩემი აზრით, კი,
ეგ არის ძალა, სულის სიდიდე არის ძლიერება... შენ არ გესმოდა, ან უბრალოდ, არ გინდოდა
გაგეგო... მეც არ დაგღალე, აღარაფერი მითქვამს, მითუმეტეს, რომ ამტკიცებდი,
მე ვეღარაფერი შემცვლისო!!!
  ავდექი და გაგეცალე...ნელ-ნელა, შენთვის უმტკივნეულოდ. გამიჭირდა ძალიან,
მაგრამ  ასე უნდა მომხდარიყო, მე შენი მიზნისკენ სავალ გზაზე წინაღობა
არ უნდა ვყოფილიყავ. ასე მოხდა!... ასე გადავწყვიტე!...
ნუ გამიწყრები - თავადაც ხვდები, შენთვის ასე სჯობდა... შენი დღევანდელი მდგომარეობა
ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებამ გაამართლა... გახსოვს, როგორ ვგრძნობდი შენს
აფორიაქებას  უნახავად, ყოველი უჯრედით ვგრძნობდი როცა გიჭირდა, როცა ღელავდი
და ადგილს ვერ პოულობდი - მე გული მიჩქარდებოდა და აუხსნელი თრთოლვა
მიპყრობდა, მოგძებნიდი და გკითხავდი- რა მოხდა, რა გაგჭირვებია-მეთქი... მერეც,
როცა წავედი, დიდი ხნის მანძილზე ვგრძნობდი ამ თრთოლვას, მიჭირდა - მაინც
არ მოვდიოდი... მაგრამ,  ნელ-ნელა, შენთან ეს აუხსნელი კავშირიც დავკარგე.
ვიცოდი, უთუოდ გახდებოდი  ის - ვინც დღეს ხარ, ის - ვინც გინდოდა, რომ ყოფილიყავ!!!
პატივსაცემი და პატივცემული... შენმა თვისებებმა მიგიყვანა მაგ წერტილამდე...
გაკვირდებოდი, შენს ქმედებებს, ყოველ სიტყვას შენსას ჩემამდე მოღწეულს ვხსნიდი და სახელს ვარქმევდი....
და ვიცოდი, მე - როგორც მეგობარს, უთუოდ მომიწევდა ამ სიტყვების  თქმა...
ახლა მე შენ ასეთს გხედავ :
ჯერ ტვინი ისაზღვრება ლითონის ფირფიტებით, შემდეგ გული... ნელ–ნელა
ერთი მთლიანი ლითონის ნაჭერი ხდები...
  მაგრამ, განა ეს არის მთავარი??? მთავარია რკინის ჯებირებს მიღმა რა რჩები!
რა ემოციები და გრძნობის რა ატომები ეხლება შიგნიდან ამ უხეშ სარტყელს!
ამიტომ მე გთხოვ:
ნუ ინებებ! ნუ ინებებ ჯავშნის მიღმაც ლითონი იყო!
მოვა ვულკანი – გაალღობს რკინას... დარჩება სული!!!
ნუ ინებებ! ნუ ინებებ ვულკანის შემდეგ სულ არაფერი დარჩეს!!!
მე ამას ვხედავ და ეს მტკივა, გესმის?! ეს უნდა მეთქვა, მეგობარი ვარ !
გკოცნი, მუდამ შენი.... „
* * *
დიდხანს იჯდა სავარძელში...  თავის აწევის ეშინოდა – ეგონა მის თვალებს წააწყდებოდა ოთახის უკუნში....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები