ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2008


თვალებით

ნაავადმყოფარი თვალებით
(ოღონდ, ნუღარ მკითხავ რა მჭირდა!)
ვეხლები კედლებს გამალებით,
სული მოსათქმელად დამჭირდა.

დაგეძებ, გიწოდებ აკრძალულს,
შეპყრობილს, შეპყრობილს ვნებათა,
სიჩუმეს კივილი არ ძალუძს,
სიჩუმე ტკივილებს ვერ მართავს.

ხარ ახლოს და მაინც ვერ გწვდები,
უმთვარო ღამეში კაეშანს
ვისხამ და მოლოდინს ვნებდები,
ოცნების საკორტნად დაგეშილს.

თენდება და დილა სისხამი
უცნაურ ზმანებას ჩამოჰგავს,
ქუთუთო-ბალახზე ზის ნამი,
სიმშვიდე ჩამესმის გალობად.

და ახლა ისიც კი არ მესმის,
ლექსების წერისთვის რა მრჯიდა,
ნაავადმყოფარი თვალებით
ცას ვეპოტინები ფანჯრიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები