ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2011


ჯარისკაცის განთიადი

  ფიქრიანად, დიდხანს წმენდდა იარაღს, დასცქეროდა და არ იცოდა რაზე ფიქრობდა.
ეხლა, ამწუთას ეზიზღებოდა ეს ბოროტი, რამდენიმეკილოგრამიანი უსახური რკინის ქმნილება. ზიზღით დაჰყურებდა. რაღაცით ქვეწარმავალს აგონებდა, მასავით ცივი, გლისპი და პრიალა..
ეხლა უკვე ეზიზღებოდა... ოდნავი ირონიით გაიხსენა, როგორ ეხალისებოდა ამ ჯოჯოხეთის ქმნილების ხელში დაჭერა.
  დაშალა, ააწყო, დაშალა, ისევ ააწყო; ისევ და ისევ, მექანიკურად გაიმეორა რამდენჯერმე...
ბოლოს მობეზრდა, ააწყო და ლულით სახისკენ დაიჭირა, თვალი  გაუსწორა არხის სიშავიდან მომზირალ სიკვდილს, უცებ შეამცივნა, თითქოს ხელი აეწვაო - ზიზღით მიაგდო გვერდზე.
ჩანთიდან მჭიდები ამოალაგა, ერთი, მეორე, მესამე, მეექვსე - სიკვდილის სტომაქი...
ხარბად იმზირებოდნენ სისხლმოწყურებული, მოქრომულთავიანი სიკვდილის მაცნეები, ერთი, ორი, ათი, ასი, ასოთხმოცი... რიგრიგობით ამოალაგა კოლოფებიდან, სათიაოდ წონიდა, აკვირდებოდა, ფიქრობდა, ისევ უსაგნოდ და უმისამართოდ...
  ასოთხმოცი სისინა ნესტარი, ასოთხმოცი სიკვდილის მაცნე, ასოთხმოცი პატარა წერტილი;
ხელით ეხებოდა, რათა უკეთ შეეგრძნო სიკვდილის სიცივე, ცოტახნის შემდეგ მხრებში გაიმართა, თვალებში სხვანაირი შუქი ჩაუდგა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ვაზნების გროვას: ვერა, ვერცერთი  ვერ გაიმეტა საკუთარი თავისთვის, მიხვდა, რომ მისი სიცოცხლე არ იმსახურებდა ასეთ უმნიშვნელო წერტილს.
  მადლიერად ახედა ჭერს, თითქოს სადღაც ზემოთ, მომღიმარი ანგელოზი დაინახა.
ვაზნები ისევ ჩააწყო, სიგარეტს მოუკიდა და შვებით ამოისუნთქა..
მომღიმარი ანგელოზი დასცქეროდა დამარცხებულ ეშმაკს...
თენდებოდა.... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები