ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2008


მიყვარს!

მე მიყვარს, როდესაც არაფერს განვიცდი,
თითქოსდა,
მარტივად ველი ჩემს დასასრულს,
და ვიცი, წასვლის წინ, ზღურბლს აქეთ დაგიცდი,
რომ ერთად გადავცდეთ მიწიერ გაზაფხულს.

მე მიყვარს, როდესაც ფიქრისგან დაცლილი
ვდგავარ და იმ ფრაზებს,
რომლებიც დავფანტე ლექსებში,
დავცინი,
მერე კი ცინიზმსაც დავცინი,
ჯინაზე.

და რომ მენატრები, მიყვარს ეს შეგრძნება,
მიყვარს დახრჩობამდე,
შეშლაა ნამდვილი,
როდესაც სუნთქვაც კი საშინლად მბეზრდება,
და ტვინშიც ფესვს იდგამს სიგიჟის ადგილი.

მე მიყვარს, როდესაც ზიხარ და მომელი...
იმ რეალობაზე, ადრე რომ გაგვწირა,
ორივეს იმდენი გვაქვს საამბობელი,
გავჩუმდეთ,
ან, თუნდაც, დუმილსაც ვკრათ წიხლი.

მე მიყვარს, სიტყვით რომ ვამცირებთ მანძილებს,
თითქოსდა, მარტივად,
ხელებით, გულებით
უხმოდ, ხან ხმაურით, სიცოცხლეს ვამძიმებთ
და სიკვდილს ვაშიშვლებთ, ვამცირებთ...
ცდუნებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები