 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 აპრილი, 2011 |
თავისუფლება
ბუნებაში არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობას აბსოლუტური თავისუფლება სწადია და ზოგჯერ გამოუსწორებელ შეცდომასაც კი ჩადიან მიზნის მისაღწევად. კარგია დამოუკიდებლად ცხოვრება და თავისუფლების შეგრძნება, მაგრამ ხშირად ცხოვრება უსამართლოდ ართმევს ადამიანებს მათთვის განკუთვნილ თავისუფლებას და აბსოლუტური ტყვეობისა და მონობისათვის იმეტებს. როდესაც სიტყვა თავისუფლებას მოვკრავ ყურს, იმ წამსვე ლევ ტოლსტოის რომანის ,,აღდგომის'' გმირი კატია მასლოვა მახსენდება, რომელსაც ვნებებს აყოლილმა ახალგაზრდა ნეხლიუდოვმა ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ერთ ღამეში წაართვა ქალური უმანკოება და თავისუფლება, რომელსაც მასლოვა წლების განმავლობაში ინახავდა. ზოგჯერ არ გვიმართლებს ცხოვრებაში და, უფრო მეტიც, ცუდ ფაქტს ცუდივე ემატება და ყოველდღიური ცხოვრება გვაფიქრებინებს, რომ სრულიად ზედმეტნი ვართ ცხოვრებისათვის. სწორედ, ასე მოექცა ცხოვრება მასლოვას, რომელსაც ნაფიცმსაჯულთა არასწორმა და, შესაბამისად, გამამტყუნებელმა განაჩენმა, საბოლოოდ წაართვა ცხოვრებისა და არსებობის თავისუფლება, შემდეგ კი ციხის დაუნდობელ დილეგში გამოკეტა. მასლოვასათვის, ხომ, ციხე იგივე იყო, როგორც გალია თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ჩიტისათვის და ქიმია კიბოთი დაავადებულისათვის. ცხადია, აღნიშნულ თავისუფლებას ესწრაფოდნენ დოჩანაშვილის რომან ,,სამოსელ პირველში'' დომენიკო და კანუდოსელებიც, მაგრამ მათ სრულიად განსხვავებული მიზნები ამოძრავებდათ. დომენიკოს მამისგან დამოუკიდებელი ცხოვრება სურდა, თუმცა თავისუფლების დაუოკებელმა სურვილმა გონება დაუბნელა, ყაირათიანობის ნაპერწკალიც კი აღარ შეარჩინა და მამისაგან მემკვიდრეობით ბოძებული 60 დრაჰკანი უაზროდ დაახარჯვინა. თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, დრაჰკანების იმ რაოდენობას, რომელიც დომენიკომ კანუდოსელებს გადასცა იარაღისა და ტყვია-წამლის საყიდლად, რათა მათ სისხლის ბოლო წვეთამდე დაეცვათ და შეენარჩუნებინათ თავისუფლება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებისათვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო. მეფე ერეკლეს, ისტორიაში პატარა კახად ცნობილს, სწორედაც რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მძაფრმა შეგრძნებამ გადაადგმევინა რუსეთთან დაკავშირების ნაბიჯი, თუმცა ეს უკანასკნელი საწინდარი გახდა არა სანატრელი თავისუფლების, არამედ 201 გულუბრყვულო წელის, რომელიც ჩვენ, ქართველებმა, რუსეთის მფარველობის ქვეშ გავატარეთ. კარგია, როდესაც თავისუფლებისათვის ბრძოლა ადამიანის შინაგანი მოთხოვნაა: რომ მას აღარ სურს მშობლის კმაყოფაზე ყოფა, ფულის გამორთმევისაც კი რცხვენია, თუმცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის სწორი სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ. ვიცით, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. სწორი არჩევანი და ქმედება აუცილებლად შეგვიწყობს ხელს სასურველი მიზნის მიღწევაში. ეს გასათვალისწინებელია, რომ შემდეგში დომენიკოს მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვათ და მშობლის წინაშე იგივე სიტყვების წარმოთქმა აღარ დაგვჭირდეს: ,,მამაო,ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა... და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა... არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი''. არ არსებობს ბუნებაში არც სრული დამოუკიდებლობა და აბსოლუტურ თავისუფლებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. თუ გინდა საერთოდ თავისუფალი იყო და არავის არ გაუწიო ანგარიში, მაშინ ილია ჭავჭავაძის განდეგილივით უნდა იცხოვრო, თუმცა სრულ თავისუფლებას ვერც მან მიაღწია, რადგან ადამიანი უფლის რწმენისგან და სიყვარულის გრძნობისგან ვერასოდეს ვერ გათავისუფლდება. და თუ ამას შეძლებს, მაშინ პატრიკ ზიუსკინდის ,,სუნამო''-ს მთავარ პერსონაჟს ჟან ბატისტ გრენუის გაუთანასწორდება, რომლისთვისაც უცხო იყო ღმერთი, სიყვარული და მეგობრობა. მაშასადამე, უნდა ვიბრძოლოთ დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის და არა საზოგადოებაში სტერეოტიპად დანერგილ აბსოლუტური თავისუფლებისათვის, პატივი ვცეთ მშობელს, პირველ რიგში, და ჩვენი მორალი თავისუფლების ძიების სურვილს არ ვანაცვალოთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|