ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
5 აპრილი, 2011


ზღვა დედას....

                                                                    გაზაფხულზე სიგიჟემდე მენატრები,
                                                                    დრო არ არის მკურნალი-მტკივხარ დედი....
                                                                                                                         

ლიფსიტასავით პატარა იყო ტანითაც და ასაკითაც. სულ რაღაც 9 წლის. სამაგიეროდ გული ჰქონდა დიდი- ბევრის დამტევი. ფენებად ელაგა:სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, იმედი, სიბრალული, სინანული, ტკივილი. ყველა ფერი ცრემლებში ლივლივებდა. რას იტყვით, პატარა გული ყოფილა? ჩამოთვლილთაგან ზედაპირზე ტკივილი და სინანული ტივტივებდა. იმედი ცრემლების გუბიდან იშვიათად ამოყოფდა თავს, ხოლო სიხარული და ბედნიერება დალექილიყვნენ. სიბრალულს ხშირად აწვეთებდნენ. არაფერი ეჯავრებოდა ქვეყნად ამაზე მეტად. სწორედ მაშინ ეწურებოდა სინანული გულში.
  რამხელა გზა გამოიარა, რა შორს ყოფილა მისი დასახული მიზანი. რა ელის შინ? ალბათ ეძებენ. წერილი კი დაუტოვა ნათესავებს, სადაც ბოდიშსაც იხდიდა. დიახ, ნათესავებს. სხვა უფრო ახლობელი არავინ გააჩნდა. სულ რაღაც ერთი თვის წინ დედას ეტიტინებოდა. ნახევრად განათებულ ოთახში მხოლოდ დედა-შვილი ისხდნენ. პატარაობისას ჩადენილ ეშმაკობებს უხსენებდა საყვარელი გამზრდელი. "თავი მქონდა გაბეზრებული შეკითხვებით'- ო უთხრა. თავთან დადგმული ტუმბოდან ორად გაკეცილი ფურცელი გამოიღო. თვალი გადაავლო. ღიმილმა გაუღიმა ფერმკრთალი სახე, რომელსაც მოლურჯო ხაზები-ძარღვები ემჩნეოდა. თვალები დაენამა. ლიფსიტა ახლოს მიუჩოჩდა, კისერი წაიყელყელავა
და ფურცელს ჩახედა. აი,თურმე როგორ აფერადებდა ფერებს. ცა-ცისფერი, ბალახი-მწვანე, მზე-ყვითელი, ყური-წითელი, ზღვა-ცისფერი?ლურჯი?შავი?
  ვერც იმ წუთას გაიგო რატომ ჰქონდა ერთ სიტყვას სამი ფერი. დანარჩენები შესისხლხორცებული, გათავისებული იყო მისთვის.
  კითხვით სავსე თვალები მიაპყრო დედას. სწორედ მაშინ გამოუტყდა მშობელი-მხოლოდ თავის წარმოსახვაში წარმოდგენილი,უხილველად ნატვრად ქცეოდა:"ღმერთო ნუ მომკლავ მის უნახავსო".
  არ მოატყუა თავისი ერთა. ამიტომ გაუფერადა სამ ფერად. ერთი თვის წინ კიდევ შეიძლებოდა ნატვრის ახდენა, რომ სცოდნოდა??
    არავისთვის დასჭირვებია შეკითხვა,თვითონ იცნო.ჰო,იცნო. დუდუნებდა ცისფერი,ლურჯი და შავი ერთად.მიუახლოვდა და ჩააჩერდა.ამ მანძილზე მხოლოდ ცის ფერი ანათებდა.შარვალი აიკაპწა და ფეხი შეახო. ეცივა, არ შეკრთა.ნაბიჯი გადადგა-ერთი,მეორე.მუხლებამდე მოწვდა ტალღა.უკვე ლურჯნარევი.ფსკერს ჩახედა.კენჭები, ქვები პრიალებდნენ.იმ წამსვე გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა:ერთი ხელის ჩაწვდენაზე ლიფსიტების ჯგუფი ირეოდა.ბიჭის წაბორძიკებით გამოწვეული ხმაურით დამფრთხალნი სიღრმისკენ გასრიალდნენ.პირველად ხედავდა ასე ახლოს წყლის ბინადართ.წვივზე არასასიამოვნოდ შეხება იგრძნო,მხოლოდ თავი მიაბრუნა ჟრუანტელდავლილმა.ნახევრადგამჭირვალე თეთრი ქოლგა ედებოდა.იასამნისფერი რგოლები დაჰყვებოდა."მედუზა".გაუელვა თავში და ფეხი გაიქნია,ახსოვდა დედის ნათქვამი-"ჭინჭარზე საზიზღრად  ისუსხება"-ო
  ფეხიდან მოიშორა,მაგრამ წყალში ხელები ჩაყო და სრიალა მასა გაშლილი ხელისგულით ნაპირზე გაიყვანა.მხოლოდ ნახევარი წუთი აკვირდებოდა.ამაზრზენად ცივი და ლოპოიანი იყო. ზიზღმა აიტანა და სასწრაფოდ წყალში მოისროლა.
    ზამთარი მოდიოდა და წყლიდან გამოყოლილმა სიცივემ მთელ სხეულში დაურბინა.აჩქარებით ამოიცვა წინდები და ბათინკები.სახე ქურთუკის საყელოში ჩარგო და სივრცეს გაუშტერდა.თავში გაუელვა"ლიფსიტა".აი,თურმე რამხელა უზღვავი სიყვარულით სავსე გულით ეფერებოდა დედა.საოცარი სინაზე ეღვრებოდა თვალებიდან იმ დროს.
  ჯიბიდან ფურცელი ამოიღო,გადაიკითხა და ფიქრით მიაწერა:"დედის თვალები-ზღვისფერი".ნეტა სცოდნოდა?
  ზღვაურმა ცხვირი აგრძნობინა,ბინდი წვებოდა.წამოდგა,"სამფერს"მიუახლოვდა.ფრთხილად გადაუსვა ხელი,სახესთან მიიტანა,თითქოს სურნელს იმახსოვრებსო,ღრმად შეისუნთქა მისთვის აქამდე უცხო არომატი.ენის წვერიც შეახო.მლაშე იყო.ისევ დედა გაახსენდა,ფერებისას ტუჩებზე მოხვდა ჩუმად ჩამოგორებული ცრემლი.გული მოეწურა და იგრძნო,იგივე სითხემ დაუბინდა თვალები.სიბრალული წამოტივტივდა გულის ზედაპირზე.სიბრალულისთვის ებრალებოდა უსათუთესი არსება.მისი სითბო ჩაეღვენთა მთელ სხეულში.სინანულით ამოისლუკუნა და ყელში მომდგარი ტკივილი ძალისძლით ჩაყლაპა.კიდევ ერთხელ გახედა დედისთვალებისფერ სივრცეს და ფეხათრევით გაეშურა სადგურისკენ.
  სალაროს სარკმელს ძლივს მიწვდა.თანხა ბილეთში გაცვალა და ხურდით ღვეზელი შეიძინა. დარბაზს მოავლო თვალი.ადგილის ძებნა არ დასჭირვებია: ხალვათობა შეიმჩნეოდა,უფრო ზუსტად სულ 7 მგზავრი დათვალა.იქვე ფილაქანზე მიჭედებულ, უამრავი წარწერით აჭრელებულ გრძელ ხის სკამზე მოიკალათა. გაციებული ღვეზელი გალუკმა, მოშივნოდა, მიხვდა. უზარმაზარი ფანჯრიდან უკვე ღამე იყურებოდა. მოთენთილობამ დარია ხელი. პატარა იყო და ყოველთვის ადრე აძინებდნენ. მაინც გაუძალიანდა სიზმარეთს, გონებამ აჯობა დაღლილ სხეულს. ძალა მოიკრიფა. წამოდგა. ბილეთს დახედა დარბაზიდან გავიდა. აცადა ხალხს სანამ თავიანთ ადგილებზე მილაგდებოდნენ. მოძებნა ვაგონის კედელზე მიჭედებული რიცხვი, რომელიც მის ბილეთზე იყო ამოკომპოსტირებული და დაღლილი ჩამოჯდა.
  ლბილმა ხელის შეხებამ გამოაფხიზლა:ახალგაზრდა ქალი ედგა თავს. ბილეთი ახლა თბილ პლედში გაცვალა.

        მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. თავისი სართულის ბოლო საფეხური ზლაზვნით აიარა. ფართოდგაღებულ კარში რამოდენიმე წყვილი აღშფოთებული თვალი დადარაჯებულიყო. წუთის შემდეგ მისი ცვილისფერი ყური უკვე წითელი იყო. არა, ყური არა, ყურები. ფურცელი გაახსენდა. ჯიბეზე მოისვა ხელი. სიამე, სიამაყე, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება ჩაეფინა სულში. წითელი ყურები არ ტკიოდა. არც მისი მომლოდინე ნათესავების შეგონებები შედიოდნენ მათში. საათს გახედა ირიბად,გ აუხარდა, მცირე დრო იყო დარჩენილი მანამდე, სანამ ყველა თავიანთ საქმეს მიაშურებდა, მარტო დარჩებოდა.ფრაზა, რომელიც მის გონებას მიწვდა: "გაკვეთილები ისწავლე,საღამოს ჩავიბარებთ"-არაფრად ჩაუგდია. სკოლაში წასვლამდე ხუთი საათი იყო დარჩენილი. გადაწყვეტილი ქონდა:სადაც ერთი გუშინდელი,დღევანდელი დღეც თავისი სურვილისამებრ გაეტარებინა.
    მალიმალ აპარებდა საათისკენ თვალს, დრო ნელა მიიზლაზნებოდა. "ყოველთვის ასეა, როცა გეჩქარება, დრო გულისგამაწვრილებლად იწელება"-ამოოხვრით გაიფიქრა. სამზარეულოში ფანჯარასთან მდგომ მაგიდის კიდეს იდაყვებით ჩამოყრდნობოდა და თვალები სარკმლის მიღმა ჩაეკიდა. შიგადაშიგ მზერას აყოლებდა ქუჩაში აჩქარებით მოძრავ აბუზულ ხალხს.ვ ერაფრით ეგუებოდა დღევანდელ რეალობას. გონებით ისევ გუშინდელ სამყაროში, ლიფსიტებთან და სლიპინა მედუზასთან დაბრუნდა. ახლა გააცნობიერა: კარში დადარაჯებული ნათესავების მზერა მედუზასავით ცივი და სუსხიანი იყო.
      მის ცვილისფერ ყურებს სადარბაზოს კარის ჯახუნის ხმა მისწვდა, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. მარტოობის,თავისუფლების შეგრძნებამ გაავსო. ორიოდე წამი გაუნძრევლად იჯდა და უსმენდა სიჩუმეს. წამოდგა, მისთვის განკუთვნილ კუთხეს მიაშურა. კარადიდან მუყაოს გაცრეცილი ყუთი გამოიღო, გახსნა და სათითაოდ შეავლო ხელი მასში მოთავსებულ ნივთებს:თმის ძველებურ სარჭს, ფრჩხილების აწ უკვე ჩასქელებულ,სადაფივით მოელვარე ლაქის შუშას, ოთხად გაკეცილ სიფრიფანა თავსაფარს.
  გული შეეკუმშა. თითოეულ მათგანს საოცრად ნაცნობი, მშობლიური სურნელი ჰქონდა. სათუთად მოელამუნა ნივთებს და მიჩენილ ადგილს დაუბრუნა.ტანთ გამოიცვალა.პერანგზე დედის მოქსოვილი უსახელო ჯემპრე გადაიცვა.
    შემოსასვლელში გავიდა, საკიდიდან ჯიბეებდაბერილი ქურთუკი ჩამოხსნა, გასაღებების ასხმა დაამატა მასში მოთავსებულ ავლადიდებას. კარი გააღო,ზღურბლს გადააბიჯა.მძიმე რკინის მასა ავტომატურად ჩაიკეტა. კიბეს ფეხით ჩაუყვა.ავტობუსის გაჩერებას მიაშურა. გადახურულში ხალხი ერთმანეთს ეკვროდა-ცრიდა საზიზღრად და ყველა ცდილობდა მშრალად მიეღწია,სადაც მიდიოდა.
    ბიჭი მოსაცდელის ბოძს მიეყუდა. თავმოყრილი წვიმის წვეთები სახურავის კიდიდან წვრილი, უწყვეტი ნაკადით ჩამოედინებოდა. ფეხი მოინაცვლა. მაინც ვსველდებიო. და გზას გაუყვა. გულში მონატრების, მოუთმენლობის ტალღამ გაუტყლაშუნა. ატალახებულ გორაკს შეუყვა. აღმართის შემდეგ წვიმისაგან აპრიალებული ასფალტის გზა გამოჩნდა. გუბეში შეტყაპუნდა, ფეხსაცმელებიდან ტალახი მოიშორა და ნაბიჯს აუჩქარა. გალავნის ჭიშკართან შავოსან მოხუცს წამოეწია, რომელსაც სიბერისაგან დაჭმუჭნულ ხელში სანთლები და კონად შეკრული ყვავილები ეჭირა.
  დილანდელივით მოისინჯა ჯიბე. სიცივისაგან გალურჯებული თითები სხვადასხვა ზომის კენჭებში გაასრიალა და მჭიდროდ თავდახურული პატარა ფლაკონი ჩაბღუჯა.
    ყურადღება გაამახვილა, გონება დაძაბა. შეჩერდა და გარშემო მიმოიხედა. ადგილი საითაც მიეშურებოდა, დიდი თეთრი ჯვრით ქონდა დამახსოვრებული, რომლის გასწვრივ ნაცრისფერი ქვით შემოკავებულ  ადგილას უკანასკნელად ნახა დედა. ბუნდოვნად ახსოვდა, დედის ძმამ როგორ მოჰხვია უშველებელი ხელი ბეჭებზე, გულთან ახლოს მიიკრა და გასასვლელისკენ უბიძგა. თვალები ახსოვს, სიბრალულით სავსე ათეული თვალი, სინანულით გადაქნეული თავებიც გამაღიზიანებლად დარჩა მის მეხსიერებაში. მოაგონდა:ბიძას გაუძალიანდა, კიდევ უნდოდა მშობელისთვის შეეხედა.არ შეიძლებაო, თხოვნა და ტუქსვა შეიმჩნეოდა ნათესავის სიტყვებში.

....ახლა მდუმარებას დაესადგურებინა გარშემო. მხოლოდ შორიდან ისმოდა მანქანის საბურავების სრიალის ხმა. წვიმდა და იმიტომ.დედის სურათის ახლოს ჩამოჯდა, ქურთუკი მუხლებზე ჩამოიქაჩა, ხელი გადააწვდინა ქვაზე ამოტვიფრულ დედის სახებას. ფრთხილად გადაუსვა წვიმისაგან დასველებულ გამოსახულებას. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და სისველე ახლა იმით შეაშრო. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა:ქვა იმ წამსვე დაინამა ცის ცრემლებით.

      გული დაწყდა.იმ წუთას გაიაზრა, რაში სჭირდებოდა მოხუცს სანთელი და ყვავილები, როცა დამჭკნარი თაიგული და სანთლის ნამწვი მოაცილა დედის სამყოფელს. აჩქარებით ამოიტრიალა ჯიბეები. ყვავილებისთვის განკუთვნილ განიერ, კიდემოტეხილ ქოთანში გუშინ საღამოს აქეთ სასოებით შენახული ფლაკონის შიგთავსი ჩააპირქვავა, ჭრელი კენჭები ჩაყარა. მძლავრად შეაჭანჭყარა. კენჭები გამალებით მიეხალნენ ჭურჭლის კედლებს, ერთხელ, მეორედ...ხმა ნაცნობი იყო.სწორედ ასეთი ყრუ ჩხრიალით ედებოდა ფეხებზე ტალღები, რომლებმაც მედუზა გააცნეს.
  ქოთანი ფრთხილად დადგა.დაჟინებული მზერა იგრძნო, უკან მოიხედა და იქვე მოხუცი დაინახა, რომელიც სევდით და გაკვირვებით მისჩერებოდა.მის კითხვაზე:"აქ რას აკეთებ მარტო?"

-ზღვა გავაცანი დედას!-ამაყად უპასუხა და ლამაზი თვალები ააფახულა...
                                                                                                                        2008.ნოემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები