ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა_გოგონა
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2011


წვიმას

  ნამტირალევი ქალის სახეს დაემსგავსა ცა. საერთოდაც წვიმა ძალიან მაგონებს ტირილს, თავისი დასაწყისით, მოქმედებითა და დასასრულით, თავიდან ცა მოიღრუბლება, შავი ფერი ისევე დაფარავს ლურჯს, როგორც ნათელ სახეს კოპები შუბლზე. მერე დაიძაბება კიდევ უფრო, ზოგჯერ ხმაურიანად, ზოგჯერ კი ჩუმად, ხან სწრაფად, ხანაც ნელა წასკდება ცრემლები ღრუბლიან ცას. თითქოს მთელი ჯავრის გადმონთხევას დედამიწაზე ლამობსო. მერე დაიცლება ყველაფრისგან და შეწყდება. გადმოაფრქვევს თავის ემოციებს და საოცრად სუფთა გახდება. ჩიტები ჭიკჭიკს დაიწყებენ, თითქოს გლოვის დასრულების აღსანიშნავად.

    როგორც ნამტირალევ სახეს მოეფინება ღიმილი და გაანათებს, ისე გამოანათა მზემ დღესაც. საოცარია, ამ ხედს ყოველ დღე ვყურებ, მაგრამ თითქმის არასდროს არ ვფიქრობ თუ როგორი ლამაზია, მაგრამ როცა მივდივარ, მშობლიურ სახლს ვშორდები, მაშინ ვხვდები, რომ ამაზე მშვენიერი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. იმასაც ვგრძნობ რომ ვერც ვერასოდეს ვნახავ, იმიტომ რომ ეს ზედმეტად ჩემი და ახლობელია. დღესაც იტირა ცამ, იტირა ჩემსავით. არც ისე ლამაზად. მაგრამ ჩემგან განსხვავებით მის ემოციებს მილიონობით ადამიანი ხედავდა. და მეტიც ნებით თუ უნებლიეთ ცრემლებს ხელისგულებით, სახით, ტანსაცმლით უმშრალებდნენ. დღეს არ შემცივნია. არ ვიცი რატომ. თბილად არ ჩამიცვამს ისე გავედი გარეთ. თმები გავიშალე, ვიცოდი რომ მერე ჩემი ნახევრად სველი თმის დავარცხნა არც ისე ადვილი იქნებოდა, მაგრამ იმდენად მინდოდა წვიმა თმაზეც მეგრძნო რომ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დიდ გუბეებში კოჭებამდე შევტოპე, მეტი შემეშინდა, თუმცა ვიცოდი, რომ დიდი დიდი მუხლებამდე თუ მომწვდებოდა წყალი მაინც ვერ გავედი ,,მეორე ნაპირამდე“. ხიდზე გადავედი, იქ ერთი გოგონა იდგა, ვაიმე რა უბედურებააო ჩაილაპარაკა თავისთვის და ჩემი ბედნიერი და ღიმილიანი სახის დანახვაზე უსაზღვრო თანაგრძნობის გამომხატველი თვალები მომაპყრო, ალბათ იფიქრა გაგიჟდა საწყალიო, მაგრამ მე გიჟი არ ვარ, უბრალოდ ნამდვილი ადამიანი ვარ, ზედმეტი გრძნობებით, თუმცა იქნებ ესაა სიგიჯე? ხალხი გარბოდა, თითქოს რაღაც საზარელი მოსდევდათ უკან, ქუჩაში კი უბრალოდ, არც ისე ლამაზად წვიმდა. -უკაცრავად, თუ შეიძლება წვიმის გადაღებას დაველოდებით, ეუბნებოდნენ გამყიდველს მაღაზიაში შევარდნილი ადამიანები და მის თანხმობაზე შვებით ამოისუნთქავდნენ, იფიქრებდით ეს-ეს არის სიკვდილს გადაურჩნენო. მე კი მშვიდად მივდიოდი ქუჩაში და ისე ვიღიმოდი, როგორც შენ გიყვარს. მხოლოდ ჩვენზე ვფიქრობდი, ალბათ იმიტომ რომ ერთად ბევრჯერ გვისეირნია თავსხმა წვიმაში. მერე გაემგზავრე, მითხარი დავბრუნდებიო, მაგრამ არ ჩანხარ. იცი, დღეს 3 თვის განმავლობაში პირველად იწვიმა. ზოგჯერ ისეთი სისულელეა, როცა გამაღიზიანებლად ცისფერ და მოკრიალებულ ცას უყურებ და წვიმას ელოდები. ეს მხოლოდ სულელი ქალის არც ისე ჭკვიანური ფანტაზიის ნაყოფი თუ იქნება მხოლოდ. მაგრამ მე მჭირდება ეს ცხოვრებისთვის, ისევე როგორც ჩემი მობილურის ძველი ნომერიც, რომელიც არ გამოვცვალე მხოლოდ იმიტომ, რომ დაბრუნებისას ჩემთან დარეკვის საშუალება გქონდეს. ვიცი გაგეცინება ეს რომ გაიგო, შენ თვითონ ამბობდი, თუ ადამიანს მიატოვებენ მერე აღარ უბრუნდებიანო მაგრამ... წვიმამ გადაიღო. შენ იმ გამყიდველის გაოგნებული სახე უნდა გენახა, როცა მაღაზიაში შევედი და ვუთხარი შეიძლება წვიმას დაველოდო-მეთქი. მანაც ისე შემომხედა, როგორც იმ გოგონამ ხიდზე რომ იდგა. სისულელეა ლოდინი, წვიმის, შენი, ბედნიერების, მაგრამ იქნებ სწორედ ამ მოლოდინს აქვს აზრი?! ,,ყველაზე საშინელება ხომ ისაა, როცა არვის და არაფერს არ ელოდები.“ მე კი საბედნიეროდ თქვენ გელოდებით, ერთად და ცალ-ცალკე. შენ და წვიმას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები