ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2011


მედიტაცია თემაზე - თავისუფლება


  -  ერთადერთი რაც უდავოდ გვაქვს,  არჩევანის თავისუფლებაა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს კანონი, დაწერილი თუ დაუწერელი, რომელიც  გაიძულებს იაზროვნო ან იმოქმედო ისე როგორც არ გინდა. შეძლებ თუ არა, იმოქმედო ისე როგორც გინდა, ეს სხვა საკითხია.  აქაც არჩევანის წინაშე დგახარ და შენი გადასაწყვეტია, მიყვები ჩანაფიქრს ბოლომდე თუ არა.  შენ და მხოლოდ შენ გეკუთვნის შენი ტვინი და მასში გაჩენილი ყველა აზრი თუ გადაწყვეტილება. რაც მრავალ ფილოსოფოსთა მიერ აღიარებულია პიროვნულ სიმდიდრედ და “მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელიო”... მოკლედ,  არჩევანის თავისუფლება ერთადერთი შეულახავი რამ არი, სხვა თავისუფლებანი ილუზიაა მხოლოდ, თავის მოტყუება და სიაფანდი.

მშვიდად ლაპარაკობდა, უფრო თავისთვის, თუმცა არც არხეინად ფეხიფეხზე გადადებული და გაურკვეველი განწყობით მოღიმარი მეგობარი ავიწყდებოდა, რომელსაც რამდენიმე კითხვის დასმის სურვილი კლავდა, მაგრამ ამაოდ, ორატორი ამის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლეოდა.  სარკეში გულმოდგინედ ათვალიერებდა ლურჯად შეშუპებულ მარცხენა თვალს და ოდნავ შესიებული ყბაც ყრუდ ტკიოდა. ცნობისმოყვარე მეგობრისგან დასმული კითხვის მოსმენას, ისევ ტკივილის ატანა ჯობდა და ამიტომაც პარალელურ რეჟიმში ლაპარაკობდა კიდეც.

  -ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ, მიუხედავად იმისა თუ რას ვდებთ ამ ტერმინში  და აქედან გამომდინარე უფლებამოსილნი, მივიღოთ ცოდნა, გადავაადგილდეთ სასურველი მიმართულებით, შევქმნათ ან გავანადგუროთ და საერთოდ...  ვიყოთ ის ვინც გვინდა რომ ვიყოთ. არაფერი გვიშლის ხელს თავად გადავწყვიტოთ საკითხი, თუ ამის “ქე რომ იცი” გვაქვს. არავინ და არაფერი გვიშლის ხელს გავარჩიოთ შავი და თეთრი, განვასხვავოთ ცუდი და კარგი – ეს ჩვენი უფლებაა.  სამწუხაროდ ერთადერთი. მართალია არის შემაკავებელი ფაქტორები, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსი, სსკ ესე იგი, თავისუფალი ნება  და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ამ ნების დამთრგუნველი  მუშტი, შეუგნებელი და კუნთმაგარი რეგვენისა, მაგრამ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არც მიაქცევს და ამაყად თავაწეული მიაბიჯებს ცხოვრებაში, სუნთქავს თავისულებით და იღიმება.

აქ კი შესიებულის  გამო, ცალყბად მოღიმარი მობრუნდა მეგობრისკენ, რომელსაც პაუზა მოხერხებულ მომენტად ჩაეთვალა კითხვის  დასასმელად, მაგრამ თითის აწევით ანიშნა, სულ ტყუილად შეიწუხებ თავსო და იგივე თითით შეშუპებულ თვალზე მიუთითა...

  -თავისუფლება თვალსაჩინოც არის, როგორც ხედავ.  მართალია ეს აზრი მაშინ მეწვია როდესაც უკვე  იატაკზე ვეგდე, ყბაში შესაშური ოსტატობით მიყენებული დარტყმის შედეგად. მაგრამ ასევე ერთი რამ იყო ნათელი - იატაკზე, ნატკენი ყბით, ცივ მეთლახს ვეკვროდი და საოცარ სიმშვიდეს განვიცდიდი.

ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემული იყო და ცნობისმოყვარე მეგობრის ღიმილმაც  ნაცნობი  კონტურები შეიძინა, ჯერ კიდევ ბუნდოვანი, მაგრამ  გაურკვევლობა აშკარად თმობდა პოზიციებს. ორატორი კი უცნაური აზარტით  განაგრძობდა მონოლოგს.

  - ვიფიქრე მაშინ, რაკი ასეთი მარცხი ვიწვნიე და ჩემი მეტოქეც უკვე გამარჯვებას ზეიმობს, ეს ქაოსიც დასრულდება ბოლოსდაბოლოს-მეთქი. რაკი ეს ლოგიკური იყო და ასეც უნდა მომხდარიყო, შეიძლებოდა  მშვიდად ჩავფლულიყავი საკუთარ აზრებში, თუნდაც იმიტომ რომ, როცა სრულიად უცხო ადამიანი ყბაში გითავაზებს, თან ისე ლაზათიანად რომ ლამისაა მაგიდის ქვეშ გდიხარ, სისულელეა საკუთარ აზრებს დაემალო. მე თითქოს შორიდან შევხედე შექმნილ ვითარებას. ჩემს ირგვლივ აჩოჩქოლებულ  ხალხს, საკუთარ თავს, სანახევროდ მაგიდის ქვეშ გდებულს, იმ კუნთმაგარ რეგვენს, რომელმაც ყველაფერი ეს გამიჩალიჩა და ახლა  ცალ ფეხზე მექაჩებოდა, მიუხედავად  შეგნებული საზოგადოების აღშფოთებისა  და ისეთმა სევდამ მომიცვა, ისეთმა რომ, სასოწარკვეთამდე არაფერი აკლდა. მე მივხვდი, რომ დამავიწყდა უსაშველოდ ბანალური რამ – ჩემი  თავისუფლება მთავრდება იქ,  სადაც  სხვისი  იწყება. და რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ რეგვენს აქვს თავისუფლება  ყბაში მითავაზოს მუშტი? _ პრინციპში  კი!  მით უმეტეს მანამდე მე ვისარგებლე ჩემი თავისუფლებით და მუტრუკი  ვუწოდე, კომენტარიც ზედ მივაყოლე, უფრო ადრე კი მან არ დააყოვნა თავისი თავისუფლებით სარგებლობა და  უხამსი სიტყვებით შემამკო, მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით ლუდი დამეღვარა მის ფეხსაცმელზე.  მაგრამ ეს ხომ სრულიად შემთხვევით მოხდა და არანაირ კავშირში არ იყო თავისუფალი ნების გამოხატვასთან… ჩვენ კი სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ახლა.  ლუდი კი იყო  მიზეზი, პირველი ბიძგი ანუ, გამომწვევი მოვლენათა ჯაჭვისა, რომლის ბოლოშიც მე იატაკზე დანარცხებული აღმოვჩნდი, სრულიად მოულოდნელად და არა მარტო ჩემთვის,  ეს რეგვენი კიდევ ფეხზე მექაჩებოდა და ლამისაა ფეხსაცმელი წაეძრო.  ატკივებულ ყბას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ უფეხსაცმლოდ დარჩენა, თან ქალაქგარეთ, არანაირად არ მაწყობდა. მიუხედავად  სევდიანი სიმშვიდისა, ფეხშიშვლად მედიტირება, თუნდაც იატაკზე მწოლს, გამიჭირდებოდა ნამდვილად.  მოკლედ უფეხსაცმლობა ვერ იქნებოდა ვერაფრით!  მაგრამ თავისუფლება ხომ არსად გამქრალა? თავისუფლება არჩევანის - მიუშვა თვითდინებაზე მოვლენები, თუ გავლენა იქონიო მათზე. თუ მე მსურს დავრჩე ფეხსაცმელით, უნდა ბოლო მოვუღო ამ იდიოტურ მცდელობას მეტოქის მხრიდან-მეთქი, გავიფიქრე. მხოლოდ ამიტომ და არა რაიმე სხვა მოსაზრებით, ზურგზე გადმოვბრუნდი და თავისუფალი ფეხით ისეთი ვგლიჯე ლაჯებს შორის, რომ წამით გაშეშდა, მერე ბღავილი აღმოხდა კასტრირებული ხარის და ჩემს გვერდით მოადინა ზღართანი. ერთი კი გამომხედა ამღვრეული თვალებით, მაგრამ აშკარად ეტყობოდა ვერაფერს ხედავდა და ვერც ჩემნაირი სიმშვიდით დაიტრაბახებდა.  ხალხი გაისუსა.  მეც ავდექი, სანახევროდ გახდილი ფეხსაცმელი ჩავიცვი, სამოსი დავიფერთხე და ბარიდან გამოვედი. მოკლედ იცი რა მინდა გითხრა, ჩემო ირონიულად მოღიმარო, თავისუფლება ცალსახად ვერ გაიგება, ყველა თავისებურად  განსაზღვრავს მას. და რაც მთავარია – თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლო, წამითაც არ უნდა მოდუნდე, თორემ  სხვისი თავისუფლება ისე გადაგივლის, რომ მიწაში ჩაგატკეპნის და ვერც შენიშნავს ამას ვერავინ შენს გარდა.  და ეს იქნება შენი არჩევანი – თავისუფალი არჩევანი.

სიგარეტს მოუკიდა. სიამოვნებით გააბოლა. მეგობრის პირდაპირ ჩამოჯდა და ისევ ცალყბად შეჰღიმა.
-გაქვს კიდევ შეკითხვები?
-მე არც არაფერი მიკითხავს.
-გონიერი არჩევანი იყო შენი მხრიდან. სწორედ მიტომაც დაგდე პატივი და ასე ვრცლად გესაუბრე გუშინდელ ფათერაკზე.
-მე მეგონა ლექციას კითხულობდი.
-ეეჰ… ჩაიარა! შენ ეს მითხარი ასეთი ფარით სად წავიდეთ ახლა ჩვენ.
-მშვენიერი მზის სათვალეების არჩევანი გაქვს… თან თავისუფალი.
-მაშინ სანაპიროზე, გარეთ, ქოლგის ქვეშ.ცნობისმოყვარე თვალებს გავერიდოთ. ყველა შენსავით შეგნებული კი არ არის, დაიწყებენ საიდანო, როგორო… დაივიწყებენ ბანალურ ჭეშმარიტებებს და რა ვიცი კიდევ რა. არც გუშინდელივით მედიტაციის ხასიათზე  ვარ დღეს, თუ გსურს იცოდე.

"სურვილი იყო თავისუფალი, ყველაზე სულელური სურვილია სურვილთა შორის... ამით  მონობას აწერ ხელს. საკუთარი ამბიციურის თუ პატივმოყვარეობის, ან სულაც ამპარტავნების  მონობას _ რამეთუ არავინ იცის, რა არის ჭეშმარიტად თავისუფალი... გარდა არჩევანისა" _ მდუმარე სიამოვნებით წრუპავდა ცივ, ენის სასიამოვნოდ მშუშხავ ლუდს.
"ხო... მართალი ხარ" _ დუმილითვე ეთანხმებოდა მოღიმარი მეგობარი _ "და მაინც ჯიუტად ვესწრაფვით მას... "
'ჰმ..." _ ტუჩზე აკრული ქაფი მოილოკა ენის წვერით
"მართლაც რომ, ჰმ..." _ მზერაში გამოჟონა ღიმილმა.
მზიანი დარი იდგა სანაპიროზე... და ქოლგაც რომ არა, მზის სათვალეს ძალიანაც კი იხდენდა სევდიანად მოფიქრალი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები