ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2011


  ჩამოტვირთვა

== მეგაპოლისის ტყვე ქალი ==

      /ფიქრიას/

მე არ მინახავს როგორ დაიძრა მატარებელი.
წყვეტილი ლანდი... ლოკოკინას ნაკვალევივით
სადაფისფრად აელვებული  ლიანდაგები.
ვერ გავუძლებდი ხედს ვაგონის სარკმლებიდან
შენი თვალების,  სავსეს  იმედით -
„მომავალ, მალე შეხვედრამდე“.
შენ ტოვებ ქალაქს, სადაც მოგაქვს იმდენი სხივი,
რომ მიკვირს კიდეც, იმ ყინულის ცათამბჯენების
თუ მოჭირხლული კოშკურების სახელმწიფოში
(საიდანაც ჩვენთან ბრუნდები) _
არ ჩაქრა გული.
მძულს ის სიცივე, სადაც შენ ცხოვრობ.
და ეგ სიცივე _ჩემთვის მანძილის საზომ
გაუსაძლის ერთეულად გადაქცეულა!

სულ მალე, მოგუგუნე, გამრუდებულ მეგაპოლისში
მაგისტრალების, ავტოსტრადების,
გვირაბების და მიწისქვეშა სადგურების
დაგორგლილ, დაქსაქსულ ლაბირინთებს შეუერთდები.
მერე იქნება საზრუნავით სავსე თვეები.
ყოველდღიური დამქანცველი გზა
ქალ–დედობიდან _ ქალ–მკურნალამდე
და ან პირიქით.
ჰო, ასე უნდა გამოვიზამთროთ.
შენ – მაგ სითეთრის, სუსხის მხარეში.
ჩვენ – ჩვენს ქალაქში, აქაც ციმბირული დასჩემდა ყინვა.


გაზაფხულზე კი, შენ ისევ მოხვალ.
და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, იმედით გკითხავ:
„–ხომ სამუდამოდ ჩამოხვედი?! ხომ აღარ წახვალ?!“
და როგორ მინდა შენმა პასუხმა, ამჯერად მაინც,
ყინულის ცათამბჯენების მეგაპოლისიც და ეს წერილიც,
წარსულ-შორეულ, ყოფილ–არყოფილ მოგონებად გადააქციოს.

მე არ მინახავს, მაგრამ ...შენ ნახე _ როგორ დაიძრა მატარებელი.
და სამი წყვილი თვალი_
იმედით ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები