ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელა ბერუაშვილი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2011


უფლისწული და კეთილი ჯადოქარი (ზღაპარი)


იყო და არა იყო რა. იყო ერთი კეთილი, სამართლიანი და ძლევამოსილი მეფე. მეფეს დიდება და სახელი არ აკლდა, მაგრამ გამუდმებით იმაზე სწუხდა, რომ ტახტის მემკვიდრე არ ჰყავდა. წლები გადიოდა, ასაკი ემატებოდა, თმაში ჭაღარა, სახეზე კი ნაოჭები გაუჩნდა, მაგრამ ის და მისი ცოლი შვილს ვერა და ვერ ეღირსნენ.
ერთ დღესაც, როგორც კი ირიჟრაჟა, დამწუხრებული მეფე სასახლიდან სასეირნოდ მარტოკა გავიდა და ერთ გზას გაუყვა. იარა, იარა და ტყეს მიადგა. ბალახში ჩაკარგული პატარა ბილიკი შენიშნა, ამ ბილიკს დაადგა და ტყეში შევიდა. უეცრად ტანმსხვილი ხის ფუღუროდან წვეროსანი ბერიკაცი გამოვიდა. ეს ბერიკაცი კეთილი ჯადოქარი იყო. მეფეს მოწიწებით მიუახლოვდა, თავი დაუკრა და ჰკითხა: რამ დაგაღონა, მეფეო, რა გაწუხებსო?
_ არაფერიო, _ მოკლედ უპასუხა მეფემ.
_ მითხარი, რა გაფიქრებსო? _ არ მოეშვა ბერიკაცი.
_ ბევრისთვის მითქვამს, მაგრამ ვერავინ დამეხმარა და ვერც შენ დამეხმარებიო, _ ნაღვლიანად უთხრა მეფემ.
Bერიკაცი ჩააცივდა და მეფემაც დაღვრემილობის მიზეზი უთხრა. მაშინ ჯადოქარმა ერთი დიდი კაკალი მისცა და უთხრა: ეს კაკალი გატეხე, გულის ნახევარი შენ შეჭამე, ნახევარი ცოლს შეაჭამე და ვაჟი შეგეძინებათო.
მაფემ კაკალი გამოართვა, ჯიბიდან მისთვის მისაცემად ოქროთი სავსე ქისა ამოიღო, მაგრამ ბერიკაცი უკვე გაუჩინარებულიყო.
სასახლეში რომ დაბრუნდა, მეფემ კაკალი გატეხა, გულის ნახევარი თვითონ შეჭამა, ნახევარი ცოლს აჭამა. ცხრა თვის შემდეგ დედოფალმა მშვენიერი ვაჟი გააჩინა. ბავშვი სწრაფად იზრდებოდა _ ერთი წლისა რომ გახდა, შვიდი წლისას ჰგავდა.
გამოხდა ხანი. მეფის ვაჟს მშვილდოსნობას, ფარიკაობასა და ჯირითს ასწავლიდნენ. უფლისწული თვრამეტი წლის რომ შეიქნა, ისეთი ტანმაღალი, მხარბეჭიანი და ღონიერი იყო, რომ დევგმირს ჰგავდა.
ერთ დღესაც უფლისწულმა მამას სთხოვა: სანადიროდ გამიშვიო.
მეფემ არ დაუშალა, ვეზირები იხმო და უბრძანა, უფლისწულს გაჰყოლოდნენ. მეჯინიბეებმა მეფის ვაჟის ულაყი თავლიდან ძლივს გამოიყვანეს. უფლისწული ულაყს მოახტა და გაჰქუსლა, ვეზირები კი უკან გაჰყვნენ ჭენებ-ჭენებით. ტყეში რომ შევიდნენ, შველს მოჰკრეს თვალი და გამოედევნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ. შველი მიიმალა. უფლისწული სასახლეში დაღონებული დაბრუნდა და მამას უთხრა: ხვალაც გამიშვი, იმ შველს მოვკლავ და დავბრუნდებიო.
მეორე დღეს მეფის ვაჟი ვეზირებთან ერთად სანადიროდ წავიდა. ისევ ტყეს მიაშურეს და დაკარგულ შველს გადაეყარნენ. შველი გაიქცა _ გამოეკიდნენ. ერთ დიდ მდინარეს მიადგნენ. მდინარეში მდუღარე წყალი იყო და ოხშირავი ასდიოდა. შველმა გაცურა. უფლისწულმაც მდინარეში შეაგდო თავისი ულაყი და გაღმა გავიდა. ვეზირებმა მდუღარე წყალში შესვლა ვერ გაბედეს და ნაპირზე დარჩნენ. მეფის ვაჟი რაშს ელვის სისწრაფით მიაქროლებდა, შველს კვალში ედგა, მაგრამ შველი ახლოს არ იკარებდა. ბოლოს შველი ერთ პატარა ქოხში შევარდა. უფლისწული ქოხთან მივიდა, ულაყიდან ჩამოხტა და კარი შეაღო. ქოხში მზეთუნახავი ქალი იჯდა და შველს ეალერსებოდა. მის დანახვაზე უფლისწულს თვალთ დაუბნელდა და უგრძნობლად დაეცა. ქალი წამოხტა, ვაჟთან მიიჭრა, წყალი ასხურა და მოასულიერა.
_ რა დაგემართაო? _ ჰკითხა მზეთუნახავმა.
_ შენმა სილამაზემ გონება წამართვა. თუ თანახმა იქნები, შენ _ ცოლი და მე _ ქმარიო, _ მიუგო უფლისწულმა.
მზეთუნახავი დაეთანხმა: წამოგყვები, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მოდი, მე აქ დაგხვდებიო.
უფლისწული ქალთან დიდხანს იჯდა და მისი სილამაზით ტკბებოდა. მერე კი დაემშვიდობა და უკან იმავე გზით დაბრუნდა. ვეზირები მდინარესთან ელოდებოდნენ. მეფის ვაჟი საყვედურებით აავსეს: ერთი შვლისათვის მდუღარე წყალში შედიხარ, მეფეს მოვახსენებთ და აღარ გამოგიშვებსო!
დაბრუნდნე სასახლეში. ვეზირებმა მეფეს შესჩივლეს: ასე და ასე იქცევა შენი შვილი, არაფერს გვიგონებს, თავის ნებაზე დადისო.
ერთი კვირის შემდეგ უფლისწულმა კვლავ ითხოვა სანადიროდ წასვლა, მაგრამ მამამ უარი უთხრა. მაშინ უფლისწული თვითონ შევიდა თავლაში, თავისი ბედაური გამოიყვანა, მოახტა და ისე გაჰქუსლა, რომ თვალი ძლივს შეასწრეს.
უფლისწული იქ მივიდა, სადაც მზეთუნახავი ეგულებოდა, მაგრამ ქოხი ვეღარსად ნახა. უცებ წვეროსანი ბერიკაცი გაჩნდა, უფლისწულს მიუახლოვდა და უთხრა: შენი გულის სწორი ერთმა შორეული ქვეყნის მეფემ მოიტაცა. თუ მისი ცოლად შერთვა მართლა გინდა, გაპოვნინებ, თუ არა და სასახლეში დაბრუნდიო.
_ ეგ ქალი ჩემს თავზე მეტად მიყვარს და, რადაც უნდა დამიჯდეს, ცოლად შევირთავ. მითხარი, ვინა ხარ და რა უნდა გავაკეთოო? _ ჰკითხა უფლისწულმა.
_ ჯადოქარი ვარ. თავის დროზე მამაშენს დავეხმარე და შენც დაგეხმარები, მაგრამ ყველაფერი უნდა გამიგონო. მზეთუნახავი ახლა ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით არის და იქამდე მისვლას ძალიან დიდი დრო უნდა. შენი ულაყი არ გამოგადგება, ამიტომ ხეს მიაბი და მე შემაჯექიო, _ მიუგო ბერიკაცმა.
_ შენ როგორ შეგაჯდეო? _ გაუკვირდა ჭაბუკს.
_ აკი გითხარი, ყველაფერი უნდა გამიგონო-მეთქი, _ უთხრა ჯადოქარმა, _ ჯერ ის გააკეთე, რაც გითხარიო.
უფლისწულმა ულაყი ხეს მიაბა თუ არა, ბერიკაცი ციბრუტივით დაბზრიალდა, უზარმაზარ არწივად იქცა და ჭაბუკს უთხრა: შემაჯექი და მაგრად მომეჭიდეო.
გაოცებული უფლისწული ფრინველს ზურგზე შეაჯდა, არწივმა მედიდურად შეარხია ფრთები და ცაში აიჭრა. ბევრი იფრინეს თუ ცოტა იფრინეს, ერთ გალავანთან დაეშვნენ. ჯადოქარი ისევ ადამიანად იქცა და ჭაბუკს უთხრა:
_ ყური მიგდე, უფლისწულო, და კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი. გალავანზე გადაძვერი. არ შეგეშინდეს _ ხელსაყრელი დროა, ყველა გუშაგს სძინავს. კოშკს დაინახავ. იმ კოშკში შენს საბედოს სძინავს. ქალი აიყვანე და კოშკიდან გამოიყვანე, მაგრამ მანამდე მარგალიტებით შემკული ბაჟაღლოს სამაჯური უნდა მოხსნა და იქ დატოვოო.
უფლისწული გალავანზე გადაძვრა, კოშკში შევიდა და საწოლზე მიძინებული მზეთუნახავი რომ დაინახა, სიხარულით ცას ეწია. მაგრამ საუცხოო სამაჯურმა თვალი მოსჭრა და იფიქრა: ეს სამაჯური ჩემს საცოლეს ამშვენებს და ეკეთოსო. ქალი ხელში აიყვანა და კოშკიდან გამოიყვანა თუ არა, საყვირებისა და დაფდაფების გამაყრუებელი ხმა გაისმა. გუშაგებს გამოეღვიძათ, უფლისწული შეიპყრეს და თავიანთ მეფეს მიჰგვარეს.
_ ვინა ხარ და საიდან მოსულხარო? _ ჰკითხა განრისხებულმა მეფემ.
_ ამა და ამ მეფის ვაჟი ვარ, შორეული ქვეყნიდან მოვედიო, _ მიუგო ჭაბუკმა.
_ ვაი, სირცხვილო! სახელოვანი მეფის შვილი ყოფილხარ და ქურდობას კი კადრულობო!
_ ის კარგი იყო, ჩემი საცოლე რომ მოიტაცეო?!
_ არ ვიცოდი, შენი საცოლე თუ იყო. ჩემთან მოსულიყავი, პატიოსნად გეთხოვა და მამაშენის ხათრით დაგითმობდი!.. მაგრამ გაპატიებ, თუ ერთ სამსახურს გამიწევ. სასახლის მახლობლად დიდებული ბაღი მაქვს. ბაღში ვაშლის ხე დგას და ზედ ოქროს ვაშლები ასხია. მენანება ჩემი ბაღი, რადგან ერთი ფასკუნჯი შემოეჩვია და მიჩანაგებს. ბევრი ვცადე, მაგრამ ის ფასკუნჯი ვერა და ვერ დავიჭირე. თუ დაიჭერ და მომიყვან, შენს მზეთუნახავ საცოლეს ულაპარაკოდ დაგიბრუნებ და არც იმ მარგალიტებიან ბაჯაღლოს სამაჯურს დაგაყვედრებო.
დაღონდა უფლისწული და ბერიკაცთან თავჩაქინდრული დაბრუნდა. ჯადოქარმა უსაყვედურა:
_ ხომ გითხარი, მზეთუნახავს მარგალიტებით შემკული ბაჯაღლოს სამაჯური მოხსენი და იქ დატოვე-მეთქი! რატომ წაუყრუე ჩემს რჩევასო?
_ მაპატიე, ბერიკაცოო, _ სთხოვა უფლისწულმა.
_ სხვა რა გზაა? მიპატიებიაო, _ დაუყვავა ჯადოქარმა. მერე ციბრუტივით დატრიალდა, ისევ უზარმაზარ არწივად იქცა და უფლისწულს უთხრა: _ ზურგზე შემაჯექი და მაგრად მომეჭიდეო.
ჭაბუკი ზურგზე შეაჯდა და არწივი ელვის სისწრაფით აიჭრა ცაში. ბევრი იფრინეს თუ ცოტა იფრინეს, იმ სასახლეს მიადგნენ, სადაც ბერიკაცს ფასკუნჯი ეგულებოდა. სასახლეს დიდი გალავანი ჰქონდა.
ჯადოქარი ისევ ადამიანად იქცა და ჭაბუკს უთხრა:
_ ყური მიგდე, უფლისწულო, და კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი. ამ გალავანზე უნდა გადაძვრე. დარდი ნუ გაქვს _ ხელსაყრელი დროა. ყველა გუშაგს სძინავს. მაღალ სვეტს დაინახავ. სვეტზე ოქროს გალიაა. გალიაში კი ფასკუნჯი თვლემს. ფრინველი გამოიყვანე და აქ მოიყვანე, გალიას კი ხელი არ ახლოო!
უფლისწული გალავანზე გადაძვრა და თეთრი მარმარილოს სვეტი დაინახა. სვეტზე ოქროს გალია იყო, გალიაში კი ფასკუნჯი თვლემდა. ჭაბუკი სვეტზე აცოცდა, გალიის კარი გახსნა და ფასკუნჯი გამოიყვანა, მაგრამ ლამაზ ოქროს გალიაზე თვალი დარჩა. რა კარგია, აბა ხელი როგორ არ ვახლოო, _ გაიფიქრა და როგორც კი გალიის ჩამოხსნა დააპირა, საყვირებისა და დაფდაფების გამაყრუებელი ხმა გაისმა. გუშაგებს გამოეღვიძათ, უფლისწული შეიპყრეს და თავიანთ მეფეს მიჰგვარეს.
_ ვინა ხარ და საიდან მოსულხარო? _ ჰკითხა განრისხებულმა მეფემ.
_ ამა და ამ მეფის ვაჟი ვარ, შორეული ქვეყნიდან მოვედიო, _ მიუგო ჭაბუკმა.
_ ვაი, სირცხვილო! ამისთანა სახელოვანი მეფის შვილი ხარ და ქურდობას კი კადრულობო!
_ ის კი კარგია, შენი ფასკუნჯი ამა და ამ მეფეს ბაღს რომ უჩანაგებსო?!
_ ჩემთან მოსულიყავი, ყველაფერი პატიოსნად გეთქვა და მამაშენის ხათრით ფასკუნჯს გალიიდან აღარ გამოვუშვებდი. ახლა კი მთელ ქვეყანას გავაგებინებ, რა ვაჟბატონიცა ბრძანდები! თუმცა არა... გაპატიებ, თუ ერთ სამსახურს გამიწევ. ამა და ამ მეფეს ოქროსფაფრიანი რაში ჰყავს. ის რაში მომგვარე და ფასკუნჯს თავის გალიანად მოგცემო.
დაღონდა უფლისწული და ბერიკაცთან თავჩაქინდრული დაბრუნდა.
_ ხომ გითხარი, გალიას ხელი არ ახლო-მეთქი! რატომ წაუყრუე ჩემს რჩევასო? _ გაუწყრა ჯადოქარი.
_ მაპატიე, ბერიკაცოო, _ სთხოვა უფლისწულმა.
_ სხვა რა გზაა? მიპატიებიაო, _ დაუყვავა ჯადოქარმა, მერე ციბრუტივით დაბზრიალდა, ისევ უზარმაზარ არწივად იქცა და ჭაბუკს უთხრა: _ ზურგზე შემაჯექი და მაგრად მომეჭიდეო.
ჭაბუკი ზურგზე შეაჯდა, არწივმა ღონივრად მოიქნია ფრთები და მიწას თვალის დახამხამებაში მოსწყდა. ბევრი იფრინეს თუ ცოტა იფრინეს, იმ მეფის სასახლეს მიადგნენ, რომელსაც ოქროსფაფრიანი რაში ჰყავდა. რა თქმა უნდა, ამ სასახლესაც დიდი გალავანი ჰქონდა.
ჯადოქარი ისევ ადამიანად იქცა და ჭაბუკს უთხრა:
_ ყური მიგდე, უფლისწულო, და კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი. გალავანზე გადაძვერი. საშიში არაფერია _ გუშაგებს სძინავთ. თავლაში შედი და რაში გამოიყვანე, აღვირს კი ხელი არ ახლოო.
ჭაბუკი გალავანზე გადაძვრა. დაინახა, რომ ყველა გუშაგს ეძინა. თავლაში თამამად შევიდა, ოქროსფაფრიანი რაში დაიჭირა, მაგრამ აღვირს თვალი ვერ მოსწყვიტა _ ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. უფლისწულის ხეზე მიბმულ ულაყს ძალიან მოუხდებოდა. ჭაბუკმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო და აღვირს ხელი წაატანა. მაშინვე გაისმა საყვირებისა და დაფდაფების გამაყრუებელი ხმა. გუშაგებს გამოეღვიძათ, უფლისწული შეიპყრეს და თავიანთ მეფეს მიჰგვარეს.
_ ვინა ხარ და საიდან მოსულხარო? _ ჰკითხა განრისხებულმა მეფემ.
_ ამა და ამ მეფის შვილი ვარ, შორეული ქვეყნიდან მოვედიო, _ უპასუხა ჭაბუკმა.
_ ვაი, სირცხვილო! ამისთანა სახელოვანი მეფის შვილი ხარ და ქურდობას კი კადრულობ! ამას, შენ გარდა, ვინ გამიბედავდა?! მაგრამ, მამაშენის ხათრით თავს არ გაგაგდებინებ, თუ ერთ სამსახურს გამიწევ... აგერ უკვე სამი წელია ჩემს ვაჟს, ჩემს ერთადერთ მემკვიდრეს, ძილქუში აწევს. რა არ ვიღონე, მაგრამ ვერა და ვერ გავაღვიძე. თუ შეძლებ და შვილს გამომიფხიზლებ, ოქროსფაფრიან რაშს თავის აღვირიანად გიფეშქაშებო.
ძალიან დაღონდა უფლისწული, მაგრამ იმედი მაინც არ დაუკარგავს: იქნებ ჩემი ბერიკაცი დამეხმაროსო. ჟადოქარმა კი ისევ უსაყვედურა:
_ ხომ გითხარი, უფლისწულო, აღვირს ხელი არ ახლო-მეთქი! ჩემი რჩევა ახლაც არაფრად ჩააგდეო!
_ მაპატიე, ბერიკაცო, _ მოუბოდიშა ჭაბუკმა, _ მეფის ვაჟს ძილქუში დასცემია და, იმას თუ გამოვაღვიძებ, ოქროსფაფრიან რაშსა და მშვენიერ აღვირს მომცემს, თუ ვერა და თავს გამაგდებიმებსო.
_ ჯავრი ნუ გაქვს, _ გაამხნევა ჯადოქარმა, _ ეგ იოლი საქმეა. აქ დამელოდე და მალე მოვალო.
ბერიკაცი უცებ გაუჩინარდა და ცოტა ხანში ისევ გაჩნდა.
_ აი ეს ბალახი გამომართვი, _ უთხრა ჯადოქარმა ჭაბუკს, _ მეფის ვაჟს სახეზე სამჯერ მიუსვ-მოუსვი და გაეღვიძებაო.
უფლისწულმა ბალახი გამოართვა და მეფეს ეახლა, მეფემ თავისი შვილის საძინებელში შეიყვანა, იქ კი ჭაბუკმა ძილქუშიან მეფისწულს ჯადოსნური ბალახი სახეზე სამჯერ მიუსვ-მოუსვა და გამოაფხიზლა.
გახარებულმა მეფემ თავისი პირობა შეასრულა.
ჯადოქარი ისევ ციბრუტივით დაბზრიალდა, უზარმაზარ არწივად იქცა და ჭაბუკი რაშიანად იმ მეფესთან გადააფრინა, რომელსაც ფასკუნჯი ჰყავდა. მაგრამ უფლისწულს ოქროსფაფრიანი რაში არ ეთმობოდა. მაშინ უფლისწულმა მეფეს ოქროსფაფრიან რაშად ქცეული ბერიკაცი მიჰგვარა. მეფე ძლიერ კმაყოფილი დარჩა და ჭაბუკს ფასკუნჯი თავის ოქროს გალიიანად მისცა. წამოვიდა უფლისწული, ტყეში გადამალულ ნამდვილ ოქროსფაფრიან რაშს შეაჯდა და გზას გაუდგა. ჯადოქარი კი უჩუმრად ისევ ადამიანად გადაიქცა, ჭაბუკს წამოეწია, მერე ციბრუტივით დაბზრიალდა, უზარმაზარ არწივად იქვა და უფლისწული რაშიან-ფასკუნჯიანად იმ მეფესთან გადააფრინა, რომელსაც უფლისწულის მზეთუნახავი საცოლე მძევლად ჰყავდა. მაგრამ ჭაბუკს არც ეს საოცარი ფრინველი და არც მისი ოქროს გალია მეფისთვის არ ემეტებოდა. ახლა ჯადოქარი ფასკუნჯად და მის ოქროს გალიად გადაიქცა და უფლისწულმაც ის მიართვა მეფეს. კმაყოფილმა მეფემ ჭაბუკს მზეთუნახავი გამოუჩინა და გზა დაულოცა. წამოვიდა უფლისწული და წამოიყვანა თავისი ულამაზესი საცოლე. ჯადოქარი კი უჩუმრად ისევ ადამიანად გადაიქცა და ჭაბუკს წამოეწია, მერე უფლისწული მზეთუნახავიან-რაშიან-ფასკუნჯიანად სამშობლოში დააბრუნა, ისევ იმ ხესთან, სადაც დიდებული ულაყი თავის მხედარს ელოდა.
უფლისწული კეთილ ჯადოქარს დაემშვიდობა და მადლიერების ნიშნად ოქროს გალია და შიგ ჩასმული ფასკუნჯი აჩუქა. მერე მზეთუნახავი ოქროსფაფრიან რაშზე შესვა, თვითონ თავის ულაყზე ამხედრდა და ორივე სასახლისკენ გაემართა.
მეორე დღეს უფლისწულმა და მზეთუნახავმა ჯვარი დაიწერეს და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები