ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2011


...და მაინც!

ხრიწ-ფხრიწ, იხევიან კალენდრის ფურცლებად
გზად შემოხვედრილი დღეები…
ნაოჭდებიან და ფერმკრთალდებიან
როგორც გუშინდელი პალიტრა...
რა ქნან თუ გავცვითე,
ასე უმადურად შევახმე ფერები
და დღეს დღიურში ვწერ,
რომ ის ცხრა საათი სიფხიზლედ არც ღირდა...

ღამით  დაცვენილმა ფოთლებმა ჩასთვლიმეს
იმ ნავის ნიჩბებზე,
გუშინ რომ ვიყიდე და მყისვე შევმართე მიზნისკენ საცურად...
დღეს სულ სხვა ორთქლმავალს
და სულ სხვა მეისრის განზრახვას მივენდე,
რადგან მზე მოსჩანდა იქ, უღელტეხილში,
მთებს შორის მაცდურად...

განა მე არ ვიცი რომ რელსს ვერ ასცდება
ეს მატარებელი?!
მზე-ჭარხალბოლოკა სხივებს ჩამომიყრის თმებივით,
ვიცი მე!
ვიცი! გაწვიმდება და არც მზე იქნება პასუხისმგებელი,
რომ წვიმის ნორჩ წვეთებს ასე შეეწირა
უმწეო სიზიფე!

........ და მაინც მივყვები რაშისფერ ორთქლმავალს
ფერმიხდილ კვამლის რგოლებად...
კალენდრის ფურცლებს ვთხოვ,
რომ მეტმა ხვალემ მეტი გუშინ ვერ გაინაპიროს!
და თუ დავინახავ ჩემს დღიურებს
თავზე დაფარებულს ქოლგებად
იმედმოტეხილი მოხუცივით
ცაში გავაბოლებ პაპიროსს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები