ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქუცა
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2011


O ფერადი კანფეტები O

ჯორდანო დაწვეს და მოკლეს განდი
არც ლუთერ კინგი აცოცხლეს დიდ ხანს
ქუჩებში დაძრწის ჰიტლერის ლანდი
სტალინი კეფას ჩიბუხით იფხანს

ნაირევმა დააღო პირი
ირონიულად იღიმის თითქოს
დედა უბრძანებს : შვილო ნუ სტირი !
პატარა - ფერად კანფეტებს ითხოვს

სვავი სიფრთხილით დაჰყურებს ცხედარს
წყლისგან დაცლილა რკინის მათარა
პაიკი გმირად მიიჩნევს მხედარს
ფერად კანფეტებს ითხოვს პატარა

ბილბია დაწვეს და მოკლეს ბერი
მანამდე უცხო იგემეს ხილი
არა კაც ჰკლა და გიყვარდეს მტერი
ჩუმად კითხულობს სიკვდილმისჯილი

კლონირებულა კაცთა იერი
და მეეზოვე ღიმილებს ხვეტავს
ახალგაზრდობას ნატრობს ხნიერი
ახალგაზრდა კი სიბერეს ხედავს

კვლავ აგვიანებს ამოსვლას მთვარე
ალბათ მოსწყინდა ამდენი ბნელი
შავთეთრი გახდა დილა ცისმარე
ფერად კანფეტებს ტყუილად ელი

დაწვეს აწმყო და მოკლეს წარსული
არც მომავალი იცოცხლებს დიდ ხანს
კანფეტს მიირთმევს მეფის ასული
და ინტერესით შესცქერის მკითხავს

გაუსაძლისი ფიქრების თოვა
გაფერადების სურვილი დიდი
იმ სამყაროდან არავინ მოვა
ამ სამყაროს კი ჩაენგრა ხიდი

ხანდახან ვფიქრობ იქნებ მარტო ვარ
და ჩემი აზრიც მგონია ბოდვა
ისტორიამაც მკვეთრად დატოვა
ნაფეხურების მაგივრად ცოდვა

სიცოცხლე კვლავაც ტირილით გვამცნობს
დედამიწაზე მის მობრძანებას
პაიკიც უკვე არაფრად არ ცნობს
მობერებული მეფის ბრძანებას

დაწვეს პაიკი და მოკლეს მეფე
იქვე წყაროზე დალიეს წყალი
მათი შემყურე ძაღლები ჰყეფენ
და გაუსწორეს ჯალათებს თვალი . . .

მერე დაღამდა გაჩნდა სიმძიმე
პატარა ნატრობს მალე გათენდეს
ჩემო პატარავ ტკბილად იძინე
დილით მოგიტან ფერად კანფეტებს !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები