იყო და არა იყო რა. იყო ერთი ქვრივი დედაკაცი. ჰყავდა ორი ვაჟი და ერთიც ლამაზი ქალი. ერთხელ დედაკაცმა ვაჟები მამულის სახნავად გაისტუმრა და სადილის მზადებას შეუდგა. სადილი რომ მოამზადა, ქალს უთხრა: - შვილო, აჰა ეს სადილი და შენს ძმებს მამულში წაუღე. ქალმა სადილი გამოართვა და წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დაიღალა და დასასვენებლად ქვაზე ჩამოჯდა. იქვე ტყე იყო, იქიდან დევი გამოვიდა და ქალთან მივიდა. დევის დანახვაზე ქალს ისე შეეშინდა, რომ გული წაუვიდა. დევმა გონმიხდილი ქალი აიყვანა და თავისთან წაიყვანა. შინ რომ მივიდა, დედას უთხრა: - დედი, საცოლე მოვიყვანე, უგონოდ არის და მიმიხედე. დევის დედამ ქალი მოასულიერა და უთხრა: - ნუ გეშინია, შვილო. ჩემი ბიჭი დევი არ გეგონოს, მოჯადოებულია. მზე რომ ჩავა, ისევ ადამიანად იქცევა. მართლაც, მზე რომ ჩავიდა, დევი იმისთანა ჭაბუკად იქცა, რომ ქალს გულში ჩაუვარდა და ცოლობაზე თანხმობა უთხრა. ამასობაში ქალის ძმები შრომით მოიქანცნენ და მოშივდათ. დასხდნენ მიწაზე და ლოდინი დაუწყეს დას, მაგრამ ქალი არა და არ გამოჩნდა. ლოდინით რომ გაბეზრდნენ, შინ დაბრუნდნენ და დედას უსაყვედურეს: - დედი, ჩვენს დას სადილი რატომ არ გამოატანე? _ როგორ არ გამოვატანე, შვილებო, გამოვატანე, მაგრამ ვაითუ დევმა მოიტაცა, _ შეიცხადა დედაკაცმა. _ როგორ თუ დევმა? _ გაუკვირდათ ძმებს. _ ჰო, შვილებო, ჩვენს მახლობლად რომ ტყეა, დევი იქ ცხოვრობს, მაგრამ თქვენთვის არაფერი მითქვამს, შიში რომ არ გქონოდათ. _ მაშ, წავალთ და ჩვენს დას დავიხსნით! _ არა, შვილებო, ნუ წახვალთ. თქვენი და ცოცხალი აღარ იქნება, დევი შეჭამდა, _ ცრემლები გადმოსცვივდა დედაკაცს. დედამ ბევრი უშალა, მაგრამ ძმებმა არ დაიშალეს და მეორე დღეს დის საძებნელად წავიდნენ. იარეს, იარეს, დაიღალნენ და დასასვენებლად ზუსტად იმ ქვაზე ჩამოსხდნენ, წინა დღეს მათი და რომ ჩამოჯდა. უცებ ძმებმა ტყის პირას დევს მოჰკრეს თვალი _ ერთ მხარზე ნანადირევი გადაეკიდა, მეორეზე ხე გაედო და თავისთვის მიდიოდა. ძმებმა იფიქრეს, ეს ის დევი იქნება, ჩვენი და რომ მოიტაცაო, და მალვა-პარვით უკან გაჰყვნენ. დევი შინ მივიდა და სახლში შევიდა. ძმებიც ამ სახლს მიადგნენ და კარს მუშტები დაუშინეს. კარი დედაბერმა გააღო. _ ეს დევის სახლია? _ ჰკითხეს ძმებმა. _ ჰო, შვილებო, დევის სახლია. მე დედამისი ვარ, _ უპასუხა დედაბერმა. _ შემოგვიშვი, დევთან საქმე გვაქვს. დედაბერმაც შეუშვა. დევმა რომ გაიგო, ესენი ქალის ძმები იყვნენ, გაუხარდა, მოყვრები მომივიდნენო. _ ჩვენი და შენ მოიტაცე? _ ჰკითხეს ძმებმა. _ მე მოვიტაცე, _ მიუგო დევმა. _ ხომ არ შეჭამე? _ რას ამბობთ, ჩემს ცოლს როგორ შევჭამდი?! _ იუარა დევმა და ქალს დაუძახა. ქალი გამოვიდა და ძმებს გადაეხვია, მერე კი უთხრა: - ეს დევი ჩემი ქმარია, მაგრამ მოჯადოებულია და მზე რომ ჩავა, ისევ ადამიანად იქცევა. _ რას ამბობ, დაო? გონს მოდი! ეგ კი არა, შენ ყოფილხარ მოჯადოებული, რომ დაბრმავებულხარ და ვერ ხედავ, ვისთან ცხოვრობ! _ გაუწყრნენ ძმები, ხელები დაიკაპიწეს და დევს დაეტაკნენ. დევი ორივეს იოლად გაუმკლავდა და ერთ დიდ ქვევრში ჩაყარა, მზის ჩასვლამდე მანდ იყურყუტეთო. რომ დაღამდა, დევი ისევ მშვენიერ ჭაბუკად იქცა, ქვევრს თავი მოხადა და მოყვრები ამოსხა. _ ღმერთმა გაგახაროს, ძმობილო, რომ დევი მოკალი და გაგვათავისუფლე. სიკეთეს სიკეთით გადაგიხდით და ჩვენს დას მოგათხოვებთ, _ უთხრეს ძმებმა. ჭაბუკმა ძმები შინ შეიყვანა, სუფრასთან დასხა და ცოლს დაუძახა. ქალი გამოვიდა და ძმებს უთხრა: - აკი გითხარით, ჩემი ქმარი მოჯადოებულია-მეთქი. აჰა, მზე ჩავიდა და ისევ ადამიანად იქცა. არც ახლა დამიჯერებთ? ძმებს ძალიან გაუხარდათ და ჭაბუკს ჰკითხეს: - თუ მართლა ასეა, ვინ მოგაჯადოვა, როდემდე უნდა იყო მოჯადოებული, შენი საშველი რა არის? _ მე მონადირე ვარ. ადრე ძალიან ბევრ ნადირს ვხოცავდი. ცხოველთა მფარველმა და წინამძღოლმა ოჩოპინტრემ გამაფრთხილა, თუ ჩემი ქვეშევრდომების უმოწყალო ხოცვაზე ხელს არ აიღებ, დევად გაქცევო. დღისით დევი იქნები, ღამით კი ისევ ადამიანად იქცევიო. არ გავუგონე და დევად მაქცია; თან მითხრა, თუ ახლა მაინც მოიქცევი ისე, როგორც გითხარი და მხოლოდ იმდენ ნადირს მოკლავ, რამდენიც საჭმელად გეყოფა, ჯადო აგეხსნება, მაგრამ ქალიც უნდა შეირთო და ცოლის მოყვანიდან ერთი წლის თავზე დღისითაც და ღამითაც ისევ ადამიანი იქნებიო. მას მერე ქედი მოვიდრიკე და იმდენ ცხოველს ვხოცავ, რამდენიც მე და ჩემს ოჯახს გვეყოფა. თანაც თქვენი და ერთი წელიწადი ცოლად უნდა მყავდეს და ჯადოც ამეხსნება, _ მიუგო ჭაბუკმა. ძმებმა ის ღამე სიძესთან გაათიეს, მეორე დღეს კი შინ დაბრუნდნენ და დედას ყველაფერი უამბეს. გაიხარა დედაკაცმა, ოღონდაც შვილი ცოცხალი და ბედნიერი მყავდეს და მეტი არაფერი მინდაო. გამოხდა ხანი. ქალი თითქმის ერთი წელიწადი ცხოვრობდა დევთან, მაგრამ სრულ ერთ წელიწადს ერთი დღე რომ აკლდა, დევი შინ არ დაბრუნდა. ელოდნენ დედა და ცოლი, ელოდნენ, მაგრამ დევი არა და არ გამოჩნდა. მაშინ ქალმა დედამთილს უთხრა: - ჩემს ძმებთან წავალ, იქნებ რამე მიშველონ. წავიდა ქალი. მისი სტუმრობა ყველას გაუხარდა, მაგრამ დამწუხრებული რომ ნახეს, მიზეზი ჰკითხეს. ქალმაც უთხრა: - ჩემი ქმარი შინ არ დაბრუნებულა. არ ვიცი, რა დაემართა და სად არის. _ ამას მკითხავი გვერტყვის, _ თქვა დედამ, _ წავიდეთ და ვამკითხვინოთ. წავიდნენ მკითხავთან. _ ტყეში მეფე ნადირობდა და დევი მისმა კაცებმა შეიპყრეს, _ უთხრა მკითხავმა. ეახლნენ მეფეს. სთხოვეს, დევი გაგვითავისუფლეო. მეფეს ქალი თვალში მოუვიდა და უთხრა: - თუ ჩემი ცოლი გახდები, გავათავისუფლებ, თუ არა და ბრძანებას გავცემ, რომ სიკვდილით დასაჯონ. ქალი იძულებული გახდა, დათანხმებოდა. მეფემ დევის გათავისუფლება ბრძანა და ქორწილის დღე დანიშნა. დევი გაათავისუფლეს, ქალი კი სადედოფლოდ მორთეს, მაგრამ ტირის ქალი, ისეთია, რომ სახეს იხოკავს, არ უნდა მეფის ცოლობა. აიღო დანა, დაიკრა გულზე და სული დალია. განრისხდა მეფე, საწადელს რომ ვერ მიაღწია, და ბრძანა: - ეს მკვდარი ქალი აქედან გაიტანეთ და თავის ოჯახს მიუტანეთ. წაასვენეს ქალი დედასთან და ძმებთან. შეიქნა ერთი გლოვა, თავში ცემა და ვაი-ვიში. მზე რომ ჩავიდა, დევი ისევ ჭაბუკად იქცა და თავისი ცოლის დასატირებლად წავიდა მოყვრებთან. გზაში ოჩოპინტრე გამოეცხადა და უთხრა: - რაკი ჩემი ყველა პირობა პირნათლად შეასრულე და ცოლიც ერთგული გამოგადგა, უკვდავების წყალს მოგცემ. შენს ცოლს ჭრილობაზე დააპკურე და გაცოცხლდება. გაუხარდა ჭაბუკს, ოჩოპინტრეს მადლობა გადაუხადა, უკვდავების წყალი გამოართვა და მოყვრების სახლისკენ გაეშურა. იქ რომ მივიდა, ყველა გაამხნევა: - ნუ ტირით, ოჩოპინტრემ უკვდავების წყალი მომცა, ჩემს ცოლს ჭრილობაზე დავაპკურებ და გაცოცხლდება. ეს თქვა ჭაბუკმა და ქალს უკვდავების წყალი დააპკურა. ქალმა თვალი მაშინვე გაახილა და თავისიანები რომ დაინახა, გახალისებული წამოხტა და ყველას გადაეხვია. _ რაკი ასეთი ერთგულება გამოიჩინე, ჯადო სამუდამოდ ამეხსნა, _ უთხრა ჭაბუკმა ცოლს. ეს ამბავი, მეფის ყურამდე რომ არ მისულიყო, არც ერთ მათგანს არ გაუხმაურებია. ისე ქნეს, ვითომ ქალი მიწას მიაბარეს. მერე კი გუდა-ნაბადი აიკრეს და სხვა ქვეყანაში გადასახლდნენ, სადაც ძალიან დიდხანს სიამტკბილობით ცხოვრობდნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი ზღაპარია, ერთგულება და თავდადება ყოველთვის ფასდება. :) სახლში არაჩვეულებრივი ფერწერა მაქვს "ოჩოპინტრე". :)
პატივისცემით:ტენდი
კარგი ზღაპარია, ერთგულება და თავდადება ყოველთვის ფასდება. :) სახლში არაჩვეულებრივი ფერწერა მაქვს "ოჩოპინტრე". :)
პატივისცემით:ტენდი
4. pirveli zgapari rom davde, zogi damesia. arada ras merchian? vjgabni chemtvis zgaprebs. did merlobaze tavs ar vdeb da arc aravis vejibrebi. pirveli zgapari rom davde, zogi damesia. arada ras merchian? vjgabni chemtvis zgaprebs. did merlobaze tavs ar vdeb da arc aravis vejibrebi.
3. კარგია, ერთგულება და სიყვარული ნამდვილად დასაფასებელია. კარგია, ერთგულება და სიყვარული ნამდვილად დასაფასებელია.
2. მშვენიერი ზღაპარია, მაგრამ ან წამალი რატომ უნდა დამჭირდეს, ან თქვენ რა გჭირთ გასანადგურებელი. ეს ვერ გავიგე მხოლოდ.:) მშვენიერი ზღაპარია, მაგრამ ან წამალი რატომ უნდა დამჭირდეს, ან თქვენ რა გჭირთ გასანადგურებელი. ეს ვერ გავიგე მხოლოდ.:)
1. აბა, ახალი ზგაპარია და მიდით, დამესიეთ და გამანადგურეთ. ზოგს ალბათ ისევ წამალი დასჭირდება. აბა, ახალი ზგაპარია და მიდით, დამესიეთ და გამანადგურეთ. ზოგს ალბათ ისევ წამალი დასჭირდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|