ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

== ც თ ო მ ი ლ ი ==

ანი მატისს

იქ რომ გვეცხოვრა,
სადაც ხშირად წარმოსახვით ვართ –
მე და შენ სახლის აივანების
მოაჯირზე მივაბამდით
ქაღალდის გველებს.
გავაჯიბრებდით:
თუ რომელი მეტად ჭრელია
ან, თუ რომელი უფრო მაღლა ფრენს.
იქ რომ გვეცხოვრა ...
სადაც ხშირად ღამურების ხმა
პირველყოფილ, პრიმიტიულ,
მარტივ და წყვეტილ
საცეკვაო მელოდიებს არემარეს ჰფენს
კუდიანი კომეტებისთვის-
მოლიპულ ცაზე სასრიალოდ,
საციგურაოდ...
მე... გეტყოდი,
რომ ვარსკვლავი მთვარის ცრემლია,
მთვარის, რომელიც ამ ჩვენს სარკმელს
სიმსუყისგან ყელში გაჩრია.
შენ კი უარობ და მარწმუნებ,
რომ ცთომილი - ღამის ნამია;
და არ ღირს გონის ამდაგვარად
გაშავმუქება იმაზე ფიქრით,
რომ სამყარო უხეში და
ცრემლსისავსით ცარიელია;
და რომ ცხოვრება სევდიანი წლების მარშია;
დამაჯერებ, რომ თითო კაცის თითო ბედი
ვარსკვლავ–ღილებად აბნევია
ღამის ლურჯ სარჩულს.
რომ სულ ტყუილად ვხედავ თოხანს , როდესაც
ბედად,თამაშისას დაჯდება ალჩუ.

იქ რომ გვეცხოვრა,
სადაც ხშირად
ჩვენს შემაღლებულ ტრიბუნაზე –
ჩვენს აივანზე –ვდგავართ უხმოდ და
ვარსკვლავების ვუყურებთ აღლუმს–
ორივე ერთად,  ფალანგებით დავქაჩავთ უპეს
საფეთქლებისკენ;
ისევე, როგორც ბავშვობაში -
(გეიშას თვალს რომ დამსგავსებოდა )
და ვიწრო, ვიწრო ჭრილებიდან გამოჩნდება
ცარგვალის  ცხავზე მალაქიტები როგორ ერთდება,
შეირწყმება, გამთლიანდება და
მეამბოხე სხივი ჩვენი  ბედის ცთომილის
ცას სამუდამოდ დააჩნდება
ფეიერვერკებად.

იქ რომ გვეცხოვრა,
მეც შენსავით გავიღიმებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები