ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელა ბერუაშვილი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2011


საზრიანი ბერიკაცი და დევი

ძველად ერთ დიდ სოფელში კეთილი და გამრჯე ბერიკაცი ცხოვრობდა. ამ ბერიკაცს მეტად ავი და ჭირვეული ცოლი ჰყავდა; ყველას ედავებოდა, ყველას უშარდებოდა და ლანძღავდა. მთელი სოფელი აკლებული ჰქონდა. საწყალი ბერიკაცი ძალიან შეწუხებული იყო, მოსვანება არა ჰქონდა. ცოლი სულ ეჩხუბებოდა და ეკამათებოდა. ბერიკაცი ხმელ ფიჩხს რომ მოიტანდა, ცოლი ქოქოლას აყრიდა და საყვედურობდა: შე ვირო, შენა, რა თავში ვიხლი ხმელ ფიჩხს, მე ნედლი მინდოდაო! ნედლ ფიჩხს მოიტანდა და ისევ საყვედურობდა: შე ვირო, შენა, რა თავში ვიხლი ნედლ ფიჩხს, მე ხმელი მინდოდაო!
ერთხელაც ბერიკაცმა ფიჩხის შესაგროვებლად ისევ ტყეს მიაშურა. ბევრი ფიჩხი შეაგროვა, ქანცი გაუწყდა, დასასვენებლად ხის ძირას წამოწვა და ფიქრს მიეცა: რა ვქნა, სად გადავიკარგო? ავ ცოლს ვერსად დავემალები, მაინც მომძებნის. ვერც გავაგდებ _ არ წავა. არადა, მის ხელში ჭკუაზე შევიშლებიო.
ბერიკაცმა მიმოიხედა და ორმოს მოჰკრა თვალი. ორმოში ჩაიხედა _ ძირი არ უჩანდა, ისეთი ღრმა იყო.
ბერიკაცმა იფიქრა: იქნებ ავი დედაკაცი ამ ორმოში ჩავაგდო, მეც დავისვენებდი და მთელი სოფელიცო!
შინ დაბრუნდა და ცოლს უთხრა: ერთი ღრმა ორმო ვნახეო. ცოლმა კი მიუგო: იტყუები. არანაირი ორმო არ გინახავსო! ქმარმა კი, თითქოს ცოლის ნათქვამი არ გაუგონიაო, თქვა: ამ ორმოში ბევრი ოქროა; ტომრები და თოკები გამიმზადე, ხვალ წავალ და ოქროს ამოვიღებო!
_ არა, _ უყვირა ცოლმა, _ მარტოს არ გაგიშვებ! ყველამ იცის, რა დაბდურაც ბრძანდები! კი წახვალ, მაგრამ ცოტა ოქროს მოიტან. წამოგყვები და ორმოდან ოქროს პირწმინდად ამოვზიდავ!
მეორე დღეს დედაკაცმა ქმარი დილაადრიან გააღვიძა და უბრძანა, ორმოსკენ გამიძეხიო. ქმარი წინ მიდიოდა, ტომრები და თოკები მიჰქონდა, ცოლი კი უკან მიჰყვებოდა, ხელისკვრით აჩქარებდა და ლანძღავდა: ჩქარა იარე, შე ფეხგასახმობო, შენა! არაფრის მაქნისი და ღვთის გარეგანი ხარ! კაცმა იმ ორმოდან ოქრო უნდა ამოიღოს და შენ ჩაგაგდოსო!
როგორც იქნა, ტყეც გამოჩნდა. ტყეში შევიდნენ და ორმოს მიადგნენ. ქმარმა თოკების გადაბმა დაიწყო, ვითომ ორმოში ჩასვლას აპირებდა.
_ ახლა ორმოში ჩავალ, _ უთხრა ცოლს, _ შენ კი აქ იდექი და თოკი მაგრად გეჭიროს. რომ ჩავალ და თოკს მოვქაჩავ, ამომწიე!
_ ეგღა მაკლია, აქ ვიდგე და შენ გელოდო! თოკი გამომაბი და ორმოში ჩამიშვი. ტომრებში ოქროს თვითონაც კარგად ჩავყრი! შენ კი აქედან ფეხი არ მოიცვალო! _ თვალები დაუბრიალა დედაკაცმა.
ბერიკაცსაც ეს უნდოდა. ავ დედაკაცს თოკი გამოაბა და, ორმოში რომ ჩაუშვა, ხელი გაუშვა: იცხოვროს ახლა ორმოში ეშმაკებთან ერთად, რაკი ადამიანებთან ცხოვრება არ შეუძლიაო!
გახარებული ბერიკაცი შინ დაბრუნდა _ როგორც იქნა, თავიდან მოიშორა ანჩხლი ცოლი!
ბერიკაცმა უცოლოდ ერთი კვირა იცხოვრა, მაგრამ გული ვერა და ვერ დაიმშვიდა. იფიქრა: წავალ, გავიგებ, ჩემს დედაკაცს რა დაემართაო.
ორმოს რომ მიუახლოვდა, ბერიკაცს წყევლა-კრულვა და წივილ-კივილი მოესმა. ორმოს დააცქერდა და მიაყურადა _ ყვირის და იწყევლება მისი ცოლი, ვიღაც სხვა კი გმინავს და ოხრავს.
_ რომელი ხარ მანდა? _ ჩასძახა ბერიკაცმა.
_ თავიდან მომწდი, შე ვირო, შენა; სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფ! _ ამოსძახა ცოლმა.
_ მიშველე, კეთილო კაცო! ამომათრიე ამ ორმოდან! დევი ვარ. ამიკლო ამ ავმა დედაკაცმა, სიცოცხლე გამიმწარა. მიშველე! _ ორმოდან სთხოვა ვიღაცამ.
_ დაგეხმარები, _ უთხრა ბერიკაცმა, _ მაგრამ პირობა მომეცი, რომ არაფერს დამიშავებ.
_ რას ამბობ?! არაფერს დაგიშავებ და სამ სურვილსაც შეგისრულებ, ოღონდ სწრაფად ამომათრიე!
ბერიკაცს დევი შეებრალა და ორმოში შინიდან წამოღებული გრძელი, მსხვილი თოკი ჩაუშვა. დევი თოკს მოეჭიდა და ამოსძახა: ამწიეო!
ბერიკაცმა თოკი მოზიდა, ავმა დედაკაცმა დევს ფეხში ხელი სტაცა, მასთან ერთად რომ ამოსულიყო, დევმა კი ფეხი გაიქნია და დედაკაცი მოიშორა.
ბერიკაცმა დევი რის ვაი-ვაგლახით ამოათრია. დევი ბალახზე დაჯდა _ სულის მოთქმა უჭირდა.
_ უფრო დიდი ვიყავი, _ უთხრა დევმა ბერიკაცს, _ მაგრამ ავმა დედაკაცმა ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ სულ გავილიე და ჩამოვხმი. მიკვირს, რომ გადავრჩი!
_ არც ისე ღონიერი ყოფილხარ, ერთ კვირაში ასე რომ გასავათებულხარ, _ უთხრა ბერიკაცმა, _ ეტყობა, შენზე გამძლე ვარ, რაკი მრავალი წელი ვითმინე!
_ აბა, კეთილო კაცო, კარგად იყავი და გახსოვდეს _ სამ სურვილს შეგისრულებ. ოქრო თუ გინდა, ბლომად გექნება; მეფობა თუ გინდა, გაგამეფებ. უარს არაფერზე გეტყვი. მაგრამ, თუ მეოთხედაც მთხოვ რამეს, გაჩენის დღეს გაწყევლინებ, ისე გადაგყლაპავ, თვალსაც არ დავახამხამებ! _ უთხრა დევმა და წავიდა.
გამოხდა ხანი და ბერიკაცმა გაიგო, რომ რომელიღაც სოფელთან ერთი საშინელი დევი წამოწოლილიყო და ხალხს სოფელში შესვლასა და იქიდან გამოსვლაში ხელს უშლიდა. უფრო მეტიც, ყოველდღე ვინმეს იჭერდა და სანსლავდა. გაიტანჯნენ სოფლელები, მაგრამ არ იცოდნენ, რა ეღონათ.
ბერიკაცმა იფიქრა: ის დევი ხომ არ არის, ორმოდან რომ ამოვათრიე? სამი თხოვნის შესრულებას შემპირდა და ვთხოვ, სოფელს დაეხსნასო. შეჯდა ცხენზე და იმ სოფლისკენ გაემართა. მივიდა და რას ხედავს _ სოფელთან სწორედ ის დევი წამოწოლილა!
_ გახსოვს, ორმოდან რომ ამოგათრიე და ავი დედაკაცისგან გიხსენი? _ ჰკითხა ბერიკაცმა დევს.
_ მახსოვს! _ მიუგო დევმა.
_ ის თუ გახსოვს, სამი სურვილის შესრულებს რომ დამპირდი?
_ ეგეც მახსოვს!
_ ჰოდა, ახლა პირველი კეთილი საქმე გააკეთე _ ამ სოფელს თავი დაანებე, ხალხს ნუ აწვალებ!
_ კი ბატონო, თხოვნას შეგისრულებ და წავალ! _ ჩაიბუზღუნა დევმა და იქაურობას ძუნძულით მოშორდა.
სოფლელებმა ბერიკაცს მადლობა გადაუხადეს და უთხრეს: უშენოდ დავიღუპებოდით. გვითხარი, რა გსურს და ყველაფერს მოგცემთო!
_ არაფერი მინდა, _ გაეღიმა ბერიკაცს, _ მე ყველაფერი მაქვს.
მალე ხმა დაირხა, ერთი კაცი უზარმაზარ დევს თავის ჭკუაზე ატარებსო.
ცოტა ხნის შემდეგ ბერიკაცს ხალხმა შორეული სოფლიდან მოაკითხა და სთხოვა: გვიშველე რამე; ჩვენს მდინარეს ერთი საშინელი დევი დაეპატრონა და ახლოს არავის უშვებს. ვერც წყალი დაგვილევია, ვერც გვიბანავია და ვერც საქონელი დაგვირწყულებიაო.
_ გიშველით, _ დაპირდა ბერიკაცი, მერე ცხენზე შეჯდა და იმ სოფლისკენ გაეშურა. დევთან მივიდა და ჰკითხა: გახსოვს, ორმოდან რომ ამოგათრიე და გიშველეო?
_ მახსოვს! _ უპასუხა დევმა.
_ ის თუ გახსოვს, სამ კეთილ საქმეს რომ დამპირდი?
_ როგორ არ მახსოვს, მახსოვს! მითხარი, კიდევ რა გინდა?
_ ახლა მეორე კეთილი საქმე გააკეთე და ამ მდინარეს დაეხსენი!
_ როგორც გენებოს! სურვილს ამჯერადაც შეგისრულებ! _ ჩაიბუზღუნა დევმა და იქაურობს ძუნძულით მოშორდა.
მდინარე გათავისუფლდა, წყალმა იხუვლა, ხალხმა გაიხარა და საქონელი დასარწყულებლად მორეკა. სოფლის აჟრიამულებული ბალღობა კი მდინარეში საჭყუმპალაოდ შევიდა.
სოფლელები ბერიკაცს ოქროსა და ძვირფას საჩუქრებს სთავაზობდნენ, ის კი არ იღებდა: არ მინდა თქვენი საჩუქრები, ისედაც ყველაფერი მაქვსო. გამოემშვიდობა და წავიდა. გამოხდა ხანი და მესამედაც მოაკითხა ხალხმა: დევი მოგვაშორე, ნათესებს გვინადგურებსო.
დევს არც ახლა უკამათია, მაგრამ წასვლის წინ დაიბუხუნა და ბერიკაცს უთხრა: სამი თხოვნა უკვე შეგისრულე. იცოდე, აღარაფერი მთხოვო, თორემ ცოცხლად გადაგყლაპავო!
ერთი წლის შემდეგ ბერიკაცმა გაიგო, რომ დევი ახლა სხვა სოფელში გადასულიყო. ბერიკაცს დახმარების სათხოვნელად იმ სოფლის ხალხმაც მიაკითხა.
_ დევი აღარ გამიგონებს, _ თქვა ბერიკაცმა, _ როგორც კი დამინახავს, დამიჭერს და გადამყლაპავს.
_ ჩვენ თუ არ გებრალებით, ჩვენი შვილები მაინც შეიბრალე! _ არ მოეშვა ხალხი.
ბერიკაცმა იფიქრა: ადამიანი ამ ქვეყანაზე ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება; დევის გასაგდებად ან რამეს მოვიფიქრებ, ან არა და დავიღუპებიო.
მივიდა დევთან. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ დევი აიჯაგრა, ბრჭყალები გამოაჩინა, ბასრი კბილები დაკრიჭა და ისე აბაჯბაჯდა, რომ ქვები ქვიშად აქცია.
_ ხომ გაგაფრთხილე, მეოთხედ ჩემთან სათხოვნელად არ მოხვიდე-მეთქი, _ უღრიალა დევმა, _ შენ კი არ გამიგონე და მეოთხედაც მოხვედი! ჰოდა, ახლა რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე! თვალსაც არ დავახამხამებ, ისე გადაგყლაპავ!
ბერიკაცს გაეცინა და უთხრა:
_ შე ბრიყვო, შენა! არაფრის თხოვნას არ ვაპირებ! იმის სათქმელად მოვედი, რომ დიდი უბედურება გელის!
_ რა უბედურება მელის? _ შეკრთა დევი.
_ გახსოვს ის ავი დედაკაცი, ორმოში სიცოცხლეს რომ გიმწარებდა?
_ მახსოვს!
_ ჰოდა, ორმოდან ამოსულა, აქეთ მორბის, შენ გეძებს და ყვირის, დევი სად არის, თავი უნდა წავაწყვიტოო! ახლა აქაურობას უახლოვდება და მალე ამ სოფელში გაჩნება!
_ ვაი, რა მეშველება! თუ ის დედაკაცი ორმოდან მართლა ამოვიდა, უნდა გავიქცე და სადმე შორს დავიმალო! _ შესძახა დევმა და კისრისტეხით მოძუძგა, თან უკან იყურებოდა, ავი დედაკაცი კვალში ხომ არ მიდგასო. ის დღე იყო და ის დღე _ დევი აღარც არავის უნახავს და აღარც არავის სმენია მისი ასავალ-დასავალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს