ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელა ბერუაშვილი
ჟანრი: საბავშვო
4 იანვარი, 2012


ორი ძმა და მეტყევე

ერთ პატარა სოფელში ორი ძმა ცხოვრობდა: დათო და გია. სულ ერთად იყვნენ და ერთად საქმიანობდნენ. ძმებს ზაფხულობით თევზაობა და ტყეში სეირნობა უყვარდათ, სახლში მშობლებს ეხმარებოდნენ, ყანაში შრომობდნენ. ზამთრობით ციგით სრიალებდნენ, გუნდაობდნენ და სახლის გასათბობად შეშას აპობდნენ.
ერთხელაც, ზამთარში, დათომ შეშის მოსაგროვებლად ტყეში წასვლა გადაწყვიტა. დილა იყო და გიას ჯერ კიდევ ეძინა. იფიქრა, ძმას არ გავაღვიძებ, ტყეში მარტო წავალო. ტყე ახლოს იყო. ჩაიცვა, თავისი ნაჯახი აიღო და ციგა გამოათრია, რომლითაც შინ შეშა მოჰქონდა ხოლე.
კარგი დილა იყო: მზე ანათებდა და ფეხქვეშ ახალ თოვლს ხრაშა-ხრუში გაჰქონდა. დათომ ტყემდე საკმაოდ მალე მიაღწია, იქ ერთი ნორჩი ხე წამოაქცია და დაჩეხა. ბიჭი ხალისიან გუნებაზე იყო. კარგი ამინდი იყო და გადაწყვიტა, ტყეში უფრო ღრმად შესულიყო, თუმცა ადრე თავის ძმასთან ერთადაც არ შესულა ტყის სიღრმეში.
დათომ დიდხანს იარა და ზამთრის ტყით ტკბებოდა, სანამ უცებ არ მიხვდა, რომ დაიკარგა. ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ იყო, ქარი მსუბუქად არხევდა ხეების დათოვლილ ტოტებს. დათოს შეეშინდა და ყვირილი მორთო:
_ ჰეი! ხალხო, მიშველეთ! დავიკარგე! ჰეი!
მაგრამ მხოლოდ ექო ეხმიანებოდა.
ამ დროს დათომ ხის ტოტზე მწვანე, გახუნებული ბაფთი შენიშნა. სოფელში ხალხი ამბობდა, ასეთი ბაფთებით ხეებს საშინელი ურჩხულები ნიშნავენ, რომლებსაც თავისთან მიჰყავთ ისინი, ვინც ტყეში ხმაურობს, ტოტებს ამტვრევს და ნორჩ ხეებს ანადგურებსო. უცებ დათოს გაახსენდა, რომ ნორჩი ხე წამოაქცია.
დათო შიშმა აიტანა და ამ ადგილს სასწრაფოდ მოშორდა. დიდხანს ირბინა, თვითონაც არ იცოდა, საით მირბოდა და უცებ... თოვლით დაფარულ ღრმა ორმოში მოადინა ბრაგვანი.
ბიჭმა ორმოში დიდხანს იყურყუტა და ყინვამ ძვალ-რბილში დაუარა, რომ უცებ ხრაშუნა თოვლზე ნაბიჯების ხმა მოესმა. ორმოს თავზე ჭაღარა ბერიკაცი გამოჩნდა, ხშირი წვერ-ულვაში ჰქობდა და ნაცვეთი სამოსი ეცვა. ბერიკაცი დაიხარა და ბიჭს ჰკითხა:
_ ნორჩ ხეებს რატომ ჭრი, შე მავნებელო, შენა?
დათომ იყვირა:
_ ამ ორმოდან ამომიყვანე, პაპი, და აღარ მოვჭრი.
მოხუცმა მიუგო:
_ გაგონილი გექნება, რომ ჩემთან მიმყავს ყველა, ვინც ტყეში ტოტებს ამტვრევს და ნორჩ ხეებს არ ინდობს.
_ მაპატიე, ამას აღარ ვიზამ, დედას გეფიცები...
ამ დროს კი დათოს ძმა, გია, ტყეში დაიარებოდა და თავის ძმას ეძახდა. დილით რომ გაეღვიძა, დათო სახლში არ დაუხვდა. გიამ იფიქრა, ჩემი ძმა ტყეში წავიდოდა შეშის მოსატანად და დაველოდებიო. მაგრამ დრო გადიოდა, ერთი საათი, ორი საათი, სამი საათი... დათო კი არა და არ ჩანდა. უკვე საღამოვდებოდა, ბინდდებოდა, დათო კი შინ არ ბრუნდებოდა. გია მიხვდა, რომ ძმას რაღაც შეემთხვა, ნაჯახს ხელი წამოავლო და მის მოსაძებნად ტყისკენ გასწია.
ბიჭი დიდხანს დაეხეტებოდა და ძმას ეძახდა. ტყეს რომ მიადგა, ერთი ბერიკაცი შემოხვდა, ზურგზე მისი ძმა ჰყავდა აკიდებული.
_ შეჩერდი, პაპი! სად მიგყავს ჩემი ძმა? გაუშვი, თორემ შავ დღეს დაგაყრი!
ამ დროს ჩაძინებულ დათოს დამოეღვიძა და თქვა:
_ ამ პაპამ ღრმა ორმოდან ამომიყვანა და ტყიდან გამომიყვანა, ნუ უჯავრდები, ძმაო.
მოხუცმა დათო ძირს დასვა და უთხრა:
_ პირობა მომეცი, რომ ნორჩ ხეებს აღარ მოჭრი და მარტო ხმელ ტოტებსა და ფიჩხებს შეაგროვებ.
_ კაი, გპირდები, აღარ მოვჭრი.
ამ დროს ბერიკაცმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თოვლიან ტყეში გაუჩინარდა. გახარებული ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ და შინისკენ გაეშურნენ.
მას შემდეგ ძმებს ტყეში ნორჩი ხეები აღარ მოუჭრიათ, იმ ადგილზე კი, სადაც დათომ ხე წამოაქცია, გაზაფხელზე უკვე ახალი ნერგი გაჩნდა, რომელიც ძმებმა ერთად დარგეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები