იყო ერთი ღარიბი ბიჭი _ ცხვირნისკარტას ეძახდნენ, რადგან ცხვირის მაგივრად ნისკარტი ჰქონდა. ერთხელ ცხვირნისკარტამ შემთხვევით მეფის ასულს მოჰკრა თვალი და გულში ჩაუვარდა. ეახლა მეფეს და უთხრა: _ დიდო მეფეო, შენი ასული მომეწონა და მომათხოვე. _ რას როშავ?! _ გაჯავრდა მეფე, _ როდის იყო, მეფის ასული ცოლად გლეხს მოჰყავდა?! ახლავე გაეთრიე ჩემი სასახლიდან, თორემ ჩაფრებს ვუბრძანებ და კინწისკვრით გაგაგდებენ! დაღონებული ბიჭი შინ დაბრუნდა. რაღას იზამდა? მეფის ასულის ცოლად შერთვა გადაიფიქრა. მაგრამ ერთხელ ისეთი რამე მოხდა, რომ ცხვირნისკარტას იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა. მეფის ასული ურჩხულს მოეტაცა და თავის ციხე-დარბაზში გამოეკეტა. მეფემ ბრძანა: _ ვინც ჩემს ასულს დაიხსნის, ცოლადაც იმას მივათხოვებ! მაგრამ მის ბრძანებას, ურჩხულის შიშით, არავინ გამოხმაურებია. ცხვირნისკარტას კი ბევრი ფიქრით თავი არ უმტვრევია, მეფეს ეახლა და უთხრა: _ მეფევ-ბატონო, თუ შენს ასულს მართლა მომათხოვებ, წავალ და ურჩხულისგან დავიხსნი. _ ოღონდაც გადაარჩინე და, ჯანი გავარდეს, შენთვის დამითმია, _ დაეთანხმა მეფე. გამობრუნდა ცხვირნისკარტა და ურჩხულის ციხე-დარბაზისკენ გაეშურა. მის სამფლობელოს რომ მიუახლოვდა, წინ სწორედ ის საზარელი ურჩხული გადაუდგა და დაუღრიალა: _ ვინა ხარ და აქ რისთვის მოთრეულხარ? _ პატივცემულო ურჩხულო, _ აცახცახდა ბიჭი, _ ცხვირნისკარტას მეძახიან. აქ იმის სათხოვნელად მოვედი, რომ მეფის ასული თავის დამწუხრებულ მამას დაუბრუნო. მაგ ქალზე გული მაქვს შევარდნილი და მინდა, ცოლად შევირთო. გემუდარები, დიდად პატივცემულო და კეთილშობილო ურჩხულო, ნუ იქნები სასტიკი და უარს ნუ მეტყვი. ამ თხოვნას თუ შემისრულებ, ჩემს ქორწილს შენ უთამადებ და მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები. ბიჭის ასეთმა თავაზიანობამ ურჩხული ძალიან გააკვირვა. _ ასეთი მოწიწებითა და პატივისცემით ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავს. მეგონა, საომრად იყავი მოსული, შენ კი სათხოვნელად მოსულხარ. ამიტომაც არაფერს დაგიშავებ. წაიყვანე მეფის ასული და წადი, _ უთხრა ურჩხულმა ცხვირნისკარტას, ქალი გამოუყვანა და ჩააბარა. მერე ბიჭი განზე გაიხმო და უთხრა: აი, ეს წამალი გამომართვი და ნისკარტზე მაშინ დაიწვეთე, როცა მეფის ასული ცოლობაზე უარს გეტყვის. _ ცოლობაზე უარს ვერ მეტყვის, რადგან მეფე უკვე დავითანხმე, _ შეეპასუხა ცხვირნისკარტა. _ მეფე კი დაითანხმე, მაგრამ მთავარი მისი ქალიშვილის თანხმობაა, _ არ მოეშვა ურჩხული და წამალი ჯიბეში ჩაუდო. წამოიყვანა ბიჭმა მეფის ასული და სასახლეში დააბრუნა. მეფე კი თანახმა იყო პირობის შესრულებაზე, მაგრამ ქალი ჯიუტობდა: ღარიბ გლეხს და ისიც ცხვირნისკარტას ცოლად არ გავყვები! ამას ისევ ურჩხულის ტყვეობა მირჩევნიაო! ამ დროს ჭაბუკს ურჩხულის ჯადოსნური წამალი გაახსენდა, ჯიბიდან ამოიღო და ნისკარტზე დაიწვეთა. უცებ ნისკარტი გაუქრა და მის ადგილას მშვენიერი ცხვირი გამოეზარდა. ბიჭი ისე გაკოხტავდა, რომ მეფის ასულსაც კი თვალში მოუვიდა და ცოლობაზე დათანხმდა, მაგრამ განაწყენებულმა ბიჭმა უთხრა: _ იმიტომ დამიწუნე, რომ გლეხი ვიყავი და უარესიც _ ცხვირის მაგივრად ნისკარტი მქონდა. ახლა, როცა ყველა ადამიანივით მეც ცხვირი მაქვს, ჩემი ცოლობა მოინდომე. განა რა შეიცვალა, მეფის ასულო? უცხვირობის გამო მიწუნებდი? ნისკარტი კი მომშორდა, მაგრამ გულით ისევ ის ბიჭი ვარ, ისევ ის ცხვირნისკარტა. ბუნებით არ შევცვლილვარ. კარგად მეყოლე, მეფის ასულო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! გამოსწია ბიჭმა და თავის სოფელში დაბრუნდა. იქ კი ერთი კარგი გოგო ეგულებოდა, რომელსაც ბიჭი იმთავითვე უყვარდა და არც მისი ნისკარტი ეჩოთირებოდა. რომ ნახა, ბიჭს ნისკარტის ადგილას მშვენიერი ცხვირი ჰქონდა, უფრო შეუყვარდა და, აბა, ცოლობაზე უარს როგორ ეტყოდა?! კარგი ქორწილი გადაიხადეს. თამადა ურჩხული იყო. მეც იქ გახლდით და ძალიან მოვილხინე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან საყვარელი ნაწარმოებია, ჭკუის სასწავლებელი და თავისი შინაარსით ბავშვს კეთილშობილებისკენ უბიძგებს. ასწავლის, რომ შეიძლება ნისკარტი ჰქონდეს ბიჭუნას, მაგრამ ის ისეთივე კარგი და, შეიძლება, უკეთესიც კია, ვიდრე მისი ბევრი თანატოლი. :) თითქოს აქაოდა არაფერ შუაშიაო, მაგრამ ეს ბავშვს იმასაც ასწავლის, რომ სხვა პატარას ნაკლზე არ უნდა მიუთითოს. უბრალო ენითაა დაწერილი და მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, პატარების ფსიქიკაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს. ძალიან საყვარელი ნაწარმოებია, ჭკუის სასწავლებელი და თავისი შინაარსით ბავშვს კეთილშობილებისკენ უბიძგებს. ასწავლის, რომ შეიძლება ნისკარტი ჰქონდეს ბიჭუნას, მაგრამ ის ისეთივე კარგი და, შეიძლება, უკეთესიც კია, ვიდრე მისი ბევრი თანატოლი. :) თითქოს აქაოდა არაფერ შუაშიაო, მაგრამ ეს ბავშვს იმასაც ასწავლის, რომ სხვა პატარას ნაკლზე არ უნდა მიუთითოს. უბრალო ენითაა დაწერილი და მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, პატარების ფსიქიკაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|