ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

Cabo Verde ანუ სიტყვა თქმული „იან“–ისა დასაბამიდან – ვიდრე დღემდე

ჰო, მოვედი.... მოვედი ქვიშისფერის დაღლილი ბედუინი...

დავჯექი მიწაზე, შენს წინ. ავანთე თვალები. გამოვრთე ჩემში „იან“-ი _ ჩავრთე „ადამიანი“ და გისმენ.

გისმენ, თუ როგორ გიღალატე, როცა უფალს სიტყვა ვუთხარ შენზე: „მან მაიძულა–მეთქი გამესინჯა
აკრძალული“. მახსოვს – მაშინ სიმართლე ვთქვი სწორედ... მახსოვს და ვიღიმი...

გისმენ, თუ როგორ გძულდა წითელი, ბლანტი სითხე, რომელსაც მთვარის პირამიდის ძირას ისვამდი
ან ტეოტიუაკანის მზის პირამიდასთან აგდიოდა ამრევი გულის – სუნი, იმავე საცხის, საძულველი
შენთვის და უძლებდი, უძლებდი იმისთვის, რომ შემეგრძენი ყველა შეგრძნებით. გისმენ და მახსოვს – თვალებით
მეტად იშრომე მაშინ! მახსოვს და ვიღიმი...

გისმენ, თუ როგორ შემიყვარე დადუმებულ ქვათა მხარეში და რა ცივი იყო შესაგრძნობად გველის სხეული
კერტებთან მკერდის. ბოლო წუთამდე როგორ გართობდა ნაკბილართაგან გადმოსული სისხლი, წვრილი
ხაზები– სისხლმარჩხი დელტა. ამოსუნთქვის პროპორციული სისავსე ნაკადის ან ჩასუნთქვისას უკან, სხეულში
შეწოვა მისი.

გისმენ და მახსოვს, შენს სიდიდეში მარტოობის გეშინოდა შენ მხოლოდ მაშინ... მახსოვს და ვიღიმი.

გისმენ, თუ როგორ დაიბადე ნიჟარებიდან და მოიყოლე ზღვის ხმაური – იმისათვის რომ მემზირა მე
და მეფიქრა შენით!

გისმენ და მახსოვს, რომ მე გშვი სწორედ, მე დაგხატე და მე ვიღიმი...

    გისმენ, თუ როგორ გტკიოდა ბარიკადებზე ხელი სიმძიმით დროშის. როგორ ვერ შესძელი მიტოვება
იქ ჩემი და როგორ მეძებდი ათას,მილიონ დასახიჩრებულ მძორში.

  გისმენ და მახსოვს, არანაკლები თავგამოდებით შესთხოვდი  დელაკრუას – შენ ყოფილიყავ
ერთადერთი ქალი ტილოზე! მახსოვს და ვიღიმი...

<> <> <>
ვიღიმი... გიღიმი.

  ჰო, მოვედი.... მოვედი  ქვიშისფერის დაღლილი ბედუინი...
ჩავჯექი მიწაზე, შენს წინ – ჩემს სიმწვანესთან მოვედი, ჩემს კონცხთან – დაღლილი ხომალდი.

ხო, შენ ხარ ის ერთი –  ვისი სიტყვის ნებასაც დავყევ, ვისი თვალების შრომაც შევიგრძენ, ვისი მარტოობაც
ავიტკივე, ვისი დაბადებაც ვიზეიმე, ვისი თავდადებაც  მაძლევდა ძალას და ვებრძოდი ქვიშისფერის სამუმებს!

უკვდავებაში თვითნასწავლი ქალღმერთი ხარ  და Cabo Verde_მწვანე კონცხი!!!


მირკანის 8
2011 შენი სისავსით მწიფე  წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები