ოდესღაც ერთი შეძლებული გლეხი ცხოვრობდა, რომელსაც შაქრო ერქვა. ჰყავდა ცოლი და ერთიც პრანჭიკელა გოგო, სახელად მაია. ეს გოგო სულ სარკესთან ტრიალებდა და მთელ დღეს კოხტაობას ანდომებდა. შაქროს ერთი მოჯამაგირეც ჰყავდა _ თანდილა. მოჯამაგირე მუხლჩაუხრელი და ჯანმაგარი ბიჭი იყო, ყველა საქმეს დაუზარებლად აკეთებდა. თანდილას გლეხის გოგო უყვარდა, პრანჭიკელა მაია კი მოჯამაგირეს ზედაც არ უყურებდა. შაქრომ და თავისმა ცოლმა იცოდნენ, რომ თანდილას მათი შვილი გულში ჩავარდნოდა და წინააღმდეგნი სულაც არ იყვნენ. შრომა არც თვითონ ეთაკილებოდათ და გამრჯე სიძეზე უარს ნამდვილად არ იტყოდნენ, მაგრამ გოგო იყო უარზე, მე ქმრად თეთრცხენიანი უფლისწული შემეფერება და არა მამაჩემის ცინგლიანი მოჯამაგირეო. ამასობაში დროც გადიოდა. თანდილა ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ მაიას გული ვერა და ვერ მოინადირა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და შაქროს უთხრა: _ შენი ქალი ცოლად არ მომყვება. უკვე ოცდაათი წლისა ვარ. უნდა ავდგე და წავიდე სადმე. უცოლოდ ვერ დავრჩები. გულის კარს ვინც გამიღებს, ცოლადაც იმას შევირთავ. _ ნუ წახვალ, _ სთხოვა გლეხმა, _ ჩემი სულელი შვილი თეთრცხენიან უფლისწულს ელოდება. ჰოდა, ის უფლისწული შენ იქნები. _ მე და უფლისწული? _ გაუკვირდა თანდილას, _ უფლისწულისა არაფერი მცხია. შენი ქალი მიხვდება, უფლისწული რომ არა ვარ და უარესად ამითვალწუნებს. _ ვერაფერსაც ვერ მიხვდება; შენთვის ხეირიანად არც კი შემოუხედავს. ყური მიგდე და ის გააკეთე, რასაც გეტყვი. ფულს მოგცემ. წადი და სამი ცხენი იყიდე; ერთი თეთრი და დანარჩენ ორზე კარგი უნდა იყოს. თეთრ ცხენზე შენ შეჯდები, დანარჩენ ცხენებზე კი შენი მეგობრები შესხდებიან. სამი ხელი მდიდრული სამოსიც უნდა იყიდო. ერთი სამოსი დანარჩენ ორზე უფრო მორთულ-მოკაზმული უნდა იყოს, რომელსაც შენ ჩაიცვამ, დანარჩენ ორ სამოსში კი შენი მეგობრები გამოეწყობიან. მანამდე კი შენ და შენი მეგობრები აბანოში წახვალთ და კარგა გემრიელად იბანავებთ; დალაქსაც მიაკითხავთ, რომ გაკოხტავდეთ. ხვალ დილით კი სამივე ჩემს ჭიშკარს მოადგებით. შენ იტყვი, უფლისწული ვარ და აქ მშვენიერი ქალის სათხოვნელად მოვედი-თქო. დანარჩენი მე და ჩემმა ცოლმა ვიცით. შაქრომ მოჯამაგირეს ფული მისცა და თანდილამაც ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც გლეხმა დაარიგა. მეორე დღეს, ინათა თუ არა, გლეხის ჭიშკარს სამი ერთიმეორეზე ახოვანი ცხენოსანი მოადგა. თანდილა მდიდრულ სამოსს, თეთრ ცხენსა და კოხტად შეკრეჭილ-დაყენებულ თმა-წვერს ისე შეეცვალა, რომ გლეხმა და თავისმა ცოლმაც კი ძლივს იცნეს _ ნამდვილ მეფისწულს დამსგავსებოდა! _ უფლისწული ვარ და აქ მშვენიერი ქალის სათხოვნელად მოვედი, _ ომახიანად შესძახა თანდილამ. _ მობრძანდით. სტუმარი ღვთისაა, _ გაეღიმა შაქროს და თავის მოჯამაგირესა და მის მეგობრებს ისე მიესალმა, როგორც უფლისწულსა და მის ამალას ეკადრებოდა. თანდილამ და მისმა მეგობრებმა ეზოში შეაგელვეს ცხენები და ძირს ჩამოხდნენ. _ ვაითუ რამეს მიხვდეს შენი ქალი, მერე რაღა ვქნა? _ გადაუჩურჩყლა თანდილამ შაქროს. _ ვერაფერს მიხვდება, ამაზე ნუ იდარდებ, _ ჩურჩულითვე მიუგო გლეხმა და წინასწარ დარიგებულ ცოლს უთხრა, _ აბა, დედაკაცო, უფლისწული მოსულა ჩვენი ქალის სათხოვნელადა. სახლში შედი და მაია გამოიყვანე. ბატონიშვილი ვეღარ იცდის, ასე ამბობს, ჯვარი ახლავე უნდა დავიწეროო. გლეხის ცოლმა ქალი გამოიყვანა. მაიამ თეთრცხენიანი, მდიდრულად მორთულ-მოკაზმული მშვენიერი ვაჟკაცი რომ დაინახა, ნამდვილი უფლისწული ეგონა და კმაყოფილებით თქვა: _ აკი ვამბობდი, თეთრცხენიანი უფლისწული მომაკითხავს-მეთქი! თქვენ კი იმ ვიგინდარა მოჯამაგირეზე გათხოვებას მიპირებდით. თანახმა ვარ, ჩემო უფლისწულო, შენი ვარ, მუდამ შენთან ვიქნები და შენთან ერთად, სადაც გინდა, იქ ვიცხოვრებ. დრო აღარ დაუკარგავთ, ყველანი მაშინვე სოფლის ეკლესიაში მივიდნენ მღვდელთან. მღვდელმაც სიძე-პატარძალს ჯვარი სახელსახელოდ დასწერა და ცოლ-ქმრად გამოაცხადა. გაიმართა ქორწილი, ჭამა-სმა და ცეკვა-თამაში. ღამით კი, როცა თანდილა ცოლთან შევიდა და მორთულ-მოკაზმული სამოსი გაიხადა, გლეხის ქალი მაშინღა მიხვდა, რა უფლისწულის ცოლობაც არგუნა ღმერთმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო და რაღას იზამდა?! _ უი, ქა, მეხი კი დაგაყარე, _ შეუბღვირა ქალმა, _ შენა ყოფილხარ, შე ცხივრმოუხოცავო ვიგინდარავ, შენა. _ აკი შენი ვარ, მუდამ შენთან ვიქნები და შენთან ერთად, სადაც გინდა, იქ ვიცხოვრებო, _ ქალს მისივე სიტყვები შეახსენა თანდილამ. _ რაღა გაეწყობა, ჯანი გავარდეს! ისე კი არა გიშავს, კარგად ჩაცმულ-დახურული და თეთრ ცხენზე ამხედრებული მართლაც უფლისწულივით კოხტა ხარ... ისე მომეწონე, რომ თვალი ვერ მოგწყვიტე, ქა, _ გაეღიმა მაიას და ქმარს მკერდზე მიეხუტა. გლეხის ქალი ბედს დამორჩილდა, ქმარი შეიყვარა და მას შემდეგ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ამ ამბის გახსენებაზე კი ყოველთვის გულიანად ეცინებოდათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან საინტერესო ავტორია, უშუალო ფანტაზიით და სიკეთის კეთების მცდელობით ძალიან საინტერესო ავტორია, უშუალო ფანტაზიით და სიკეთის კეთების მცდელობით
2. რა ჭკვიანი მამა ჰყოლია პრანჭიკელა მაიას:) რა ჭკვიანი მამა ჰყოლია პრანჭიკელა მაიას:)
1. :) ხერხი სჯობია ღონესაო...
კორექტურას მიხედე. :) ხერხი სჯობია ღონესაო...
კორექტურას მიხედე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|