ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2008


კ _ ს

თქვენ გამშვენებდათ ლურჯი კაბა, საქალბატონევ....
და ნიავქარზე აღელვებულ დალალებს შლიდით,
ფერმკრთალ ფურცელზე ტუჩისანაბეჭდად დატოვეთ
ბუნებრივობით შემოსილი სიშიშვლე... რიდით.

მერე წახვედით... რა თქმა უნდა, სუყველა მიდის,
მაგრამ, თქვენ ბევრად ჰაეროვნად, რაღაც, ხატოვნად...
ის ღამე, სადმე, შეხვდებოდა უთუოდ სინდისს,
ალბათ, მის მერე სინანულიც დაიახლოვა.

ბავშვობისფერმა კარუსელმა გადაგიყოლათ,
ოცნება იქცა უფრო შორად, ვიდრე სიშორე...
შემდეგ კი, უკვე, ყველაფერი, არა იყო რა,
მოგონებებიც, სუნთქვასავით, ვეღარ გიშორებთ.

თქვენ მარადლურჯი გეცვათ კაბა, საქალბატონევ...
ჟღერდა საღამო უკანასკნელ სიმღერად გედის,
სულშეშლილობაც დაამდება და... სიმარტოვე
დარჩება, როგორც დარჩენილი უღმერთოდ ბედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები