ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2012


ჩემი სოფლის რომანტიკა

    როგორ მინდა...როგორ მწყურია, დღის ამ საათზე და საათის ამ წუთას ვიყო ჩემს წახანში...და თან სად! ჩვენს "რვაასიანში"... (ასე სამიწათმოქმედო მიწის ნაკვეთს ჰქვია) ვიყო იქ და ხახვის დასათესად გაყვანილ კვლებთან ჩამუხლული, ხელში თასმომარჯვებული, თასიდან სათითაოდ ვიღებდე ხახვებს და მათთვის განკუთვნილ ადგილას ვაკალათებდე, ვაბინავებდე, მიწას ვაბარებდე, რომ მან შვილივით მოუაროს, ფესვები გამოუკვებოს და კოკორი ხახვი ჯერ წამოზარდოს, მერე გაფურჩქნოს, "დააქალიშვილოს",  ამწვანოს, აყვაოს,დალალებივით ფოჩები უკეკლუცოს, მერე კი ზრდასრულქმნას, იერი უცვალოს: ფესვები გაუხშიროს, მუცელი ფეხმძიმესავით გამოუზნიქოს და ერთდროს ხასხასა დალალები მოუჭკნოს, გაუშემოდგომისფეროს..ამ  გარდასახვითი პროცედურით კი ახალი მეურვესათვის გადასაბარებლად მოამზადოს. ნიადაგი ხომ, თავისთავად, ამ არსების დედულეთია, რომელმაც გაახარა, ასაზრდოვა და გამოზარდა, ამასთანავე, ადამიანც (მისი მიწისგან გადამბარებელი) ნახევარმშობელია ხახვისა, როგორც მისი დამთესველი, მაშასადამე, მისი სიცოცხლის ფუძემდებელი, ამიტომ ხახვს თავიდან კი ეტკივება თავის მკვიდრ მშობელთან, მიწასთან გამოთხოვება, მაგრამ  თავისივე მოამაგე, მომვლელ დამთესავს- ადამიანს მაინც არ ეძვირება, რომ თავი ძღვნად შესწიროს. მან კარგად იცის თავისი განჩინების ბუნებრივი წესდება, რომლის მიხედვითაც, იგი, ადამიანისგან მოყვანილი, ადამიანისავე ლუკმა ხდება, მაგრამ მისი ხანმოკლე, თუმც მაინც მაგრამ  ლაღი სიცოცხლე მაინც ყველაფრისთვის უღირს.  ხოდა,  იმას ვნატრობდი, რომ ახლა სწორედ ასეთ სიცოცხლეს  ვუყრიდე საფუძველს...ყოველ მათგანს სათუთად ვეხებოდე და ხალისით ვამკვიდრებდე თავისეულ წუთისოფელში-მიწაში, ვგრძნობდე ბაბუასა და მისი სამუშაო იარაღის ერთობლივი გარჯისაგან გაფხვიერებული მიწის სიფაფუკეს, ნოყიერებას, ენერგეტიკას...ამ სტიქიაში სულ-ხორცით შეჭრილი და წელმოხრისაგან ოდნავ მოღალული ვიმართებოდე და ჩემს "ნამუშაკარს" კმაყოფილებით  გადავხედავდე , ამ შექოქინებისას ბუნებას ვავლებდე თვალს და მის ჰარმონიაში ვიკარგებოდე: მისი სიო ნაზად მელაქუცებოდეს, თითქოს მეამბორებოდეს, ალერსს მიძღვნიდეს და მასთან შეთამაშებული და ამით განაბული წმინდა, სურნელოვან ჰაერს ჩავისუნთქავდე, ამით ორგანიზმს საზეიმოდ მოვუკითხავდე ჰაეროვან, ორგანული ფერმენტებით მდიდარ ჟანგბადს, თუმცა მომკითხავი მე კი არა, ბუნება იქნებოდა, რომლის ბუმბერაზ სილამაზეს, შთამბეჭდავ მედიდურობას ჩემი ხილვადობა ვერ გასწვდებოდა... ჩვენი "რვაასიანი" ხომ შიგ წახნის ბუნების საგულე განზომილებაშია და ბუნების დიდძალი მადლითაა შემკული, მოპენტილი.. მერედა რა თვალწარმტაცი, სულისშემრხევი და გულისაღმაფრთოვანებელია მის სიტურფესთან ზიარება: როცა ჰორიზონტს მწვანეში ჩაფლული მინდვრები იპყრობს, მდელოებზე ყვავილების პოდიუმია, თაკარა მზის ნათებას ცის სილაჟვარდე ერწყმის და ორივეს შეხამებული სინთეზით არემარე გასაოცარი ნათელითაა მოცული, ატმოსფეროში მფრინველთა მძივია მიმობნეული და ზოგი ჩვილგულა ბეღურების, ზოგი კუდმაკრატელა მერცხლების, ზოგიც ფრთაჭრელი პეპლების სახით ბუნებას "გასაპრანჭ" აქსესუარებად ევლინებიან და მას კიდევ აფერადებენ, შარმის ტონს უმკვეთრებენ...დაბლა, მიწაზე კი მწირ მწერთა "ასოციაცია" დაფუსფუსებს, თან ისე გამალებით და საქმიანად, თითქოს ყველაზე მაღალ გრადუსზე მათში დუღდეს ამქვეყნიური ქაოსი...იქ ხომ ყველაფერში იგრძნობა სითბო, ძალა, სიცოცხლე...ასეთი საოცრებაა იქაურობა და მე კი გულით მოვუბოდიშებ მას, მისი ღირსების სრულფასოვნად წარმოჩინების უუნარო რომ ვარ... მისი დიადი ცოცხალი სურათის ცქერა ხომ უბადლო ბედნიერებაა და ამიტომ მიმიწევს მისკენ გული.. მე ხომ ეს მრავალგზის დაგემოვნებული მაქვს და ვერც ვერასდროს "გავძღები" მისით..  აი, იქ ყოფნაზე ვოცნებობ ახლაც, მისგან მონატრებული და მისი სიშორით სევდამოძალული...როგორ მინდა, ახლა იმ სამყაროს ვესისლხორცებოდე, მისგან ვლაღდებოდე, საამოდ ვიმუხტებოდე, სააქაოს შფოთს განვერიდებოდე და სულიერ სიხმატკბილეში ვიძირებოდე... როგორ მინდა... მაგრამ  სწორედ ახლა, მე ჩემი სოფლის ნატურალური არომატის ნაცვლად ქალაქური გამონაბოლქვით აჩქოლებულ ჰაერს ვყნოსავ, ხოლო უმშვენიერესი, უხმოდმეტყველი და თანამგრძნობიარე პეიზაჟების მაგიერ თვალში უაზრო სტრუქტურის გახევებული შენობები მეჩხირებიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები