ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2012


ჩანასახი

ამ შემთხვევაში, ვერავინ
შეადარებს მას,
მეხის გავარდნას მოწმენდილ ცაზე.
ყოველი მომდევნო დღე,
მისთვის ის დღეა,
როცა ის უფრო ცუდად გრძნობს თავს,
ვიდრე წინა დღეს გრძნობდა...
ყველანი ვხედავთ, თუ როგორ
მიემართება იმქვეყნად,
თუ როგორ ალაგებს თავის ნივთებს:
ფეხსაცმელებს, სამოსს, თეთრეულს...
თადარიგს იჭერს და თითქოს,
მუდმივ მზადყოფნაშია,
თვალებიც კი უფრო ხშირად აქვს დახუჭული.
წამლებმა ალყაში მოაქციეს
თითქოს სიკვდილი
და მისი სიცოცხლისათვის წირავენ თავებს.
ის ხელიდან გვეცლება ყველას,
უპირველესყოვლისა კი,
მეუღლეს,
რომელიც უძლური შეჰყურებს
მის ტანჯვას
და ამ დროს, ძალიან მიჭირს იმის გარჩევა,
თუ რომელი უფრო იტანჯება...
რამდენჯერ ყოფილა, რომ სიკვდილს
მთხოვდა თავისდაუნებურად თუ გააზრებულად:
ვუმალავდი წამალს, სასმელს,
უიმედობას...
ყველაფერს, რასაც ჭარბი რაოდენობით იღებს ახლაც.
ის კი მწყევლიდა
და
ვგრძნობდი,
ამ წყევლის გარდაუვალობას,
როგორც მეხის დაცემას
ელოდება, ტრიალ მინდორში ეულად მდგარი
ხე.
ამ ბრძოლაში ყველანი ეულები ვართ:
უსუსურები,
ისიც კი არ შეგვიძლია, რომ
ყველამ ერთად მოვკიდოთ დანას ხელი
და
მასში შესახლებული სიკვდილი
ჩავკლათ...
ხანდახან მგონია, რომ
ის უკვე კაი ხანია რაც შეეჩვია მას:
როგორც გარდაუვალობას,
რომელიც მეხივით არ დაეცემა,
რომელიც მან, არჩასახული შვილივით
ჩაისახა თავის სხეულში
და ელის შობას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები