ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ-612
ჟანრი: პროზა
17 სექტემბერი, 2012


,, რა უცნაური ხალხია ეს დიდები"

- ადე, უკვე ცხრა საათი ხდება...

პირველად მოვიყრუე, თითქოს ვერ გავიგე
–ადექი, რა ხანია ეკლესიაში არ ვყოვილვართ

–ოუუ, მაკო მეძინება, თან კაბაც არ ჩამომიტანია, ვიმართლე თავი.

–ადექი, ჩემსას გათხოვებ და წავიდეთ სამებაში.

ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩევი, თუმცა მანდ სიარული მიყვარს, უფრო ხშირად მაშინ დავდივარ როცა რამე მჭირდება... ალბათ ღმერთსაც მოვაბეზრე თავი ამდენი წუწუნით..
... დამეხმარეთ, დამეხმარეთ შვილებო, ვაგონში შემოდის შავებში ჩაცმული, ხელჯოხიანი  ქალი, თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას, ალბათ მერამდენეა დღეს ან მერამდენედ შემოდის ვაგონში. დამეხმარეთ შვილებო, დაგლოცოთ უფალმა.
შემომხედა, ცალი თვალი ერთმანეთზე აქვს მიწებებული, ალბათ ბრმაა იმ თვალით.
დამეხმარეთ გოგონა–არ მაქვს დეიდა... არ ვიცი ეს სიტყვები საიდან მოვიდა, ერთი წამით ჩემსკენ მოშტერებული მგზავრების მზერამ თუ ჩემი სულის სიბრმავემ მათქმევინა...არა ხურდები საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ხომ მაქვს ბოლო ხუთლარიანი? ხვალ რითი წახვალ? ნიშნისმოგებით მეუბნება ბრმა მხარე. რამეს მოვიფიქრებ, მაიკოს ვესესხები ან ჯანდაბას საერთოს არ წავალ იმ წყეულ ... იმდენი ხარახურა მიგდია, ზოგჯერ ჩემი ხელების პოვნა მიჭირს რომ უკან ამოვიღო, ჩემი ჩანთის რომელიღაცა კუნჭულში მაინც ვიპოვე ის 5 ლარიანი... ავდექი და გავეკიდე, უკვე ვაგონის ბოლოში იდგა, next station...შავოსანი დეიდის ლანდი უკვე ამ ჯართის მინებს მიღმა იდგა...დავაგვიანე...ყოველთვის ვიგვიანებ..
რისთვის ადიხარ სამებაში? რომ 3 ცალი 10 თეთრიანი სანთელი იყიდო და ეპირფერო უფალს რომ რაღაცის გაკეთება გინდოდა და არ გამოგივიდა? ან ხომ შეიძლება რომელიმე ,, მორწმუნე“ ნაცნობი ნახო და აფიქრებინო რომ გამოსწორდი და აწი ყოველ კვირას ივლი წირვაზე. ქლესური ღიმილით დაემშვიდობებით ერთმანეთს და დამშვიდობებით თუ არა გადაუჩურჩულებთ დაქალს: ,, გო, ლუის ვილტონის ჩანთა ეკიდა, ზუსტად იმნაირი მე რომ მაქვს“...მაკო სანთლებს მაწვდის...სული მეხუთება და ქვედა სართულზე ჩავდივარ, იქ თითქმის არასოდეს არავინ არის, უზარმაზარი სივრცე და საოცარი სიმშვიდე, მიყვარს აქ ჩამოსვლა, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ყველზე კარგად აქ ვფიქრობ იმ სისულეებზე რომელიც გადამხდენია, ან შეიძლება მომავალში გადამხდეს და შემდეგ უფალს ვთხოვ მომიტევოს ეს სისულელეები...

მესანთლის მეტი არავინაა, სანთელი ხელებს მიოფლიანებს... მიცვალებლთა კუთხესთან მივდივარ და თან მსიამოვნებს რომ ჩემი ფეხსაცმლის ძირი ასე უცნაურად სრიალებს და ჭრაჭუნობს ისედაც სრიალა ფილებზე...

... იქიდან მაინც დამიფარე, ავანთე და ჩავარჭვე სანთელი ქვიშის სანიშნეში, უცებ ვიღაცის ,, სანთლიანი“ ხელი, ჩემი სანთლიდან უკიდებს სანთელს, ავხედე, ის შავოსანი დეიდა იყო ვაგონიდან... გავშრი, თითქოს აქეთაც მიცნო? მისი ტუჩის რომელიღაცა კუთხე ღიმილის მაგვარს ჰგავდა... არ ვიცი ის 5 ლარიანი როგორ აღმოჩნდა ჩემს ხელში... დეიდა ხელებზე რა გჭირთ? ხელებს მაჩვენებს , მე ვიღებ მის მაჯას და მუჭში ვუდებ...თან ისე რომ არ მინდა თვალებში ჩავხედო, ვტრიალდები და უკანმოუხედავად ავრბივარ კიბეებზე, კინაღამ დავეცი, ეგ სულ არ მადარდებს...გარეთ გავედი, სუფთა ჰაერის შემოგებება მესიამოვნა... მოდი ბასეინთან მივალ... ახლოს მივედი, უფრო მეტად პატარა ბავშვები არიან...პატარა ბიჭის ტიტინი მესმის:

–მა, ეს რა არის?
–გედები არიან მამი.

–ეს ჭაობია?

–არა, ბასეინია
–ის პატარა ამათი მამა? და თან უთითებს მოყავისფრო ყვითელნისკარტა იხვზე...

– ხო მამი, მაგათი მამაა...


დღეს პირველად მეღიმება გულწრფელად და ვფიქრობ : ,, რა უცნაური ხალხია ეს დიდები“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები