ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2012


ადამიანები არ იცვლებიან, მათ ცხოვრება აიძულებთ გახდნენ სხვაგვარი, ვიდრე უფალმა მოავლინა...

  ადამიანები არ იცვლებიან, მათ ცხოვრება აიძულებთ გახდნენ სხვაგვარი, ვიდრე ისეთები, რისთვისაც უფალმა მოავლინა ისინი...

  ადამიანები არ იცვლებიან - დეფორმაციას განიცდის ინდივიდის გარეგნული მასა ასაკის მომატებასთან ერთად, ჩნდება განსხვავებული ემოციები, გრძნობები: თუ ღრმა ბავშვობაში ზოგიერთი მათგანი ბარბის სახლსა და უზარმაზარ გერმანული გამოშვების სათამაშო VW-ზე ოცნებობდა, ზრდასრულობის მიღწევისას ადამიანებს აღარ აკმაყოფილებთ მოჩვენებითი მატერიალური ღირებულებებით გაჟღენთილი არსებობა, ცდილობენ, უზრუნველყოფილი ბავშვობის მანქანები თუ მათი განუყრელი ნივთები, რომლებთან ერთადაც სასთუმალზე იძინებდნენ, რეალურით ჩაანაცვლონ.
სინანული,
აღსარება და...
ცოდვების მონანიება ადამიანს კი არ ცვლის, არამედ - აკეთილშობილებს, რადგან არ არსებობს უფლის მიერ ამქვეყნად მოვლენილი ადამიანის ცუდი და კარგი პროტოტიპი...
ყოველი ადამიანი უფლის ხატად და მსგავსადაა შექმნილი, როგორც ამას აღნიშნავს  რუსთაველი ვეფხისტყაოსანში'' და, რადგანაც თითოეული ჩვენგანი პოტენციური დამნაშავე, ნარკომანი და სხვა დანარჩენი ცოდვის მატარებელი სულიერი არსებაა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი დამნაშავედ არ იბადება! ყველა ბავშვი უცოდველია დაბადებიდან და მათ არ მოეკითხებათ ზემოთ არაფერი, თუმცა გზა, რომლის გავლაც უწევს ბავშვობიდან მოყოლებული ინდივიდს, საწინდარია ადამიანის პიროვნებად და ადამიანად ჩამოყალიბებისათვის, ვინაიდან, ,,ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.''
გარემო პირობები,
ყოველი დღის გათენება,
ცხოვრების რითმი და...
რწმენის ხარისხი ქმნის ადამიანის შინაგან ,,მე-ს.''
ადამიანები არ იცვლებიან, მათ ცხოვრება აქცევთ სხვაგვარ არსებებად...
სწორედ, ეს არის ბუნების ევოლუციისა და გამოცდის მთავარი მიზანი - ცვლილება მიმართული უნდა იყოს გამოსწორების, სულიერი გაზრდისა და რწმენაში გაღრმავებისაკენ...
მოითმინე და... მოიგებ!
საბედნიეროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უჭირთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, საკითხს სხვადასხვა მხრიდან აფასებენ და უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ამბობენ...
აღნიშნულიც ცხოვრების გამოცდილების ნაყოფია, ვინაიდან, დუმილი არის რჩეული ოქრო, რომელიც მიწაში კი არ უნდა ჩავფლათ, არამედ - სხეულში შევინახოთ და დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ, რადგან, რაც უფრო იშვიათად წარმოვთქვამთ ღირებულ სიტყვას, მით უფრო დაფასდება ჩვენი აზრი, რასაც ღიმილზე ვერ ვიტყვი, რადგან ის იმედის უმცროსი დაა და  ვერავინ, ვერაფერი ვერ დამაკარგვინებს ღიმილის უნარს!
მწამს, რომ ცხოვრება უარყოფითისაკენ არ შემცვლის!
ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ მათ ცხოვრება უწესებს გამოცდას და ყველას თავისი წილი გამძლეობა აქვს ნარგუნები ამ განსაცდელის გადასატანად: ზოგიერთს უფალი საყვარელ ადამიანს არგუნებს და იმ წუთიდან  მოყოლებული,. როდესაც ორი ადამიანის გრძნობა გადაებმება ერთმანეთს, უკვე ორი ებრძვის ცხოვრების კლანჭებს. ზოგიერთი კი, მარტოა, საყვარელი ადამიანის გარეშე, რაც ერთგვარი განსაცდელია, რომელსაც უნდა გავუძლოთ, რადგან ადამიანები განსაცდელით კი არ იცვლებიან, პირიქით, რწმენაში მტკიცდებიან და ერთ ნათელ საგზურს მოიპოვებენ იმქვეყნიურ სასუფეველში თვითდამკვიდრებისათვის და, რადგან ,,აწმყო ნაშობი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა'', ჯერ ამქვეყნად უნდა მოვიპოვოთ სახელი, რომ იმქვეყნად ვცხონდეთ და ნათელში ამყოფოს ჩვენი სული უფალმა.

ა მ ი ნ!
                                                                                                          13/10/2012 წელი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები