ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2012


სევდისგორი

    როგორც იქნა,  მოვიცალე. ისე სწრაფად ჩავალაგე ბარგი, მე თვითონაც გამიკვირდა.  არტანში მივდივარ!!!  მიხარია, მაგრამ სამზადისმა დამღალა. „ჩავალ და იქ დავისვენებ“ _  ვიიმედებ თავს. თუმცა, ხომ ვიცი,  იქ უფრო ვერ ვისვენებ: საქმეს ისედაც რა გამოლევს თვეობთ მიტოვებულ სახლში,  მაგრამ ყველაფერს რომ მივხედავ  თითქოს, მერე მე თვითონ ვიგონებ საკეთებელს _ ახალ ფარდებს ვკერავ, თაროებს ვხერხავ და ვაჭედებ, ვხეხავ და ვღებავ, ვრგავ და ვრწყავ...
    ღამე კი,  როცა ბავშვები იძინებენ და სოფლის მყუდროებას მხოლოდ ივრის შხუილი არღვევს, საყვარელ წიგნებს საწოლთან ვილაგებ და კითხვაში ჩამეძინება ხოლმე.
აბა,  რა იცის სანათამ.  ყოველ ღამე მის „სკივრში... სახლში... წიგნში...“ რომ დავძვრები  და  ვიქექები  ჩემი  (რა თქმა უნდა)  ფირუზისფერი,  პატარა ფანრით ვანათებ (ბავშვები რომ არ გავაღვიძო)  და სულს  ვინათებ  მარიამის  ნაფიქრ-ნაწერებით.  აფხაზეთშიც  ხომ  წავიღე  თამთას  კაბებში  გახვეული,  რომ  საზღვარზე რუს-აფხაზებს არ ენახათ ქართული წიგნები.  იქაც ხომ ვკითხულობდი ღამღამობით და არტან-თეთრაულების მონატრებას ამით ვიქარვებდი, მაგრამ აქ, ფშავში, სულ სხვა იყო,  აქ სხვანაირად აღვიქვი ყველაფერი. აქ თავიდან ვკითხულობდი  სხვა სუნთქვით, უფრო სწორად,  სუნთქვაშეკრული,  ფარდაგადაწეულ  ფანჯარასთან მიკრული,  უზარმაზარ ვარსკვლავიანი ცა თავზე რომ მემხობოდა თითქოს _ უფრო ავსებდა და მიფორიაქებდა სულს მარიამის:

შარახევასთან დიდ ლოდზე
ამსხლტარი შემეჩეხები,
არაგველების სისხლისა
გაყრია ტანზე შხეფები.
ჩქერიდან ამოვარდნილი
ხელისგულებზე მიხტიხარ,
ჩაგსვამ არაგვში, ოღონდაც
აღმა სადამდე მიდიხარ?!
_  კლდეზე დავახევ ლაყუჩებს,
რა თავში ვიხლი იოლ გზებს?
ვუწევდი, მზემდეც  ვუწევდი,
წვიმა რომ მიწყივ დიოდეს.

ანდა ეგ:

ნისლი აცვია ავისგორს,
კარატისწვერით მზე ნათობს.
მადლია _ გერქვას ამ მიწის,
ვალი ლექსებად გემართოს.
ხატს გაუზრდიდე კაიყმებს,
იღბალს ნატრობდე მწყემსების.
უბეს ივსებდე საუფლო,
არაგვნასვამი ლექსებით.
ლუდს ხარშავდე და სვილს მკიდე,
მესანთლე იყო ჯერ მარტო.
თავისი გერქვას და ამ ცის
მადლი ლექსებად გემართოს.

    ჰოდა, აბა, რა მომასვენებდა. თანაც  მარიამ წიკლაურის  სიტყვებიც სულ ჩამესმოდა ყურში:  „მაიკო...  თუ არტანში წახვედი, ერთი ის  გაბზარულკედლიანი ეკლესია მოილოცე და მიათვალიერ-მოათვალიერე სოფლის სასაფლაო, ეგებ შენ ყველაზე მეტად გაგიმართლოს და სულაც, ხვარამზის საფლავის ქვაც იპოვო... ძალიან მინდა, ეს მოხდეს!“
როგორც კი ზედიზედ სამდღიანი წვიმების მერე გამოიდარა,  ჩემი ფშაველი დედამთილი (რომელიც ყველაფერში მყვება, რასაც მოვიფიქრებ) ავიყოლიე,  გზად ჩვენს  წინასწარ  შეგულებულ  მეგზურს  ნაზი ჯაბუშანურს  გავუარეთ  და წავედით _
ხვარამზეს საფლავის საძებნელად!
    როგორი იმედიანი მივდიოდი!  თავიდანვე ვთხოვე ნაზი ძალოს, ახალი სასაფლაო არ მინდა, ძველში წაგვიყვანე, იქ უფრო სავარაუდოა რამეს მივაგნოთ-მეთქი.  ისე,  ჩემი დედამთილის ბებია,  ხვარამზეს თანატოლი და მეგობარი,  ქალიკელ გორზამაული,  ვინც ხვარამზეს ლექსი პირველმა ჩააწერინა თავის ახლო ნათესავს თედო რაზიკაშვილს,  სოფლის შედარებით ახალ სასაფლაოზეა დაკრძალული, რომელიც გაბზარულ საყდართანაა. შესაძლოა, ხვარამზეს საფლავის ქვაც აქ უნდა მეძებნა, მაგრამ გული რატომღაც ძველი, საუკუნეების წინანდელი სასაფლაოსკენ მიმიწევდა.
გაბზარულ საყდართან შევყოვნდი. ვილოცე და წამოსვლისას ჩემთვის ჩავილაპარაკე: _ აჰა, მარიამო, შევასრულე შენი დანაბარები-მეთქი.
      ისევ გავუყევით გზას.
    ჩვენი მეგზური კი ანა კალანდაძეს კითხულობდა მცირე პაუზებით.

ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!
   
    უყვარს ნაზი ძალოს ლექსები. ფრუშკას შთამომავალია, თვითონაც კარგი მოლექსეა და საოცარი მეხსიერება აქვს.
    გზიდან რომ გადავუხვიეთ და გორალას აღმართს ავუყევით,  ტყის სურნელმა თავბრუ დამახვია. ხეებს შორის ძლივს შესამჩნევ  ბილიკზე  მივიკვლევდით გზას. ხშირ ფოთლებში მზეს ვერ შემოეღწია. წინა დღის წვიმის წვეთები გვეწვეთებოდა ფოთლებიდან. საოცრად მისტიკური განწყობა დამეუფლა ტყეში შესვლისთანავე.  ნაზი ძალო ისევ ანას მიუბრუნდა:
ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა...
    ჩვენც მივიკვლევთ გზას მაღლა-მაღლა. ტყეც უფრო ხშირი და უფრო გრილი ხდება. პატარა,  ცივ და ჩქარ წყაროზეც გადავედით და  უცებ აღმოვჩნდით მზით გაჩახჩახებულ მინდორში,  სადაც მხოლოდ ერთი უზარმაზარი, ბებერი პანტა იდგა. ტანზე ხავსი შემოტმასნოდა, მყარად და ამაყად იდგა. მივედი, ხელები შემოვხვიე და ლოყით მივეკარი.  ასე ვისვენებდი და მსიამოვნებდა.
    იქვე,  გვერდზე,  წრიულად დიდი  ქვები  ელაგა.  შესაძლოა, აქ რაიმე რიტუალი ტარდებოდა ადრე.  ქვების ამგვარი განლაგება სახლთავშიც მინახავს,  კვირიაზე.
    ასვლა განვაგრძეთ. გზადაგზა ყვავილების თაიგულს ვკრავთ.

მწვერვალო, შალშავს შემოვყევ,
ნისლს და ქარს მომაძალებო...
შავ ბურუსს ირგვლივ შემომხვევ,
უგზოდ, უკვალოდ მარებო...

    განაგრძობს ჩვენი მეგზური, ოღონდ უკვე სვენებ-სვენებით. ზოგჯერ ჩერდება, რომ ამოისუნთქოს...

მინდოდი?
არად მინდოდი,
ზესკნელ-ქვესკნელის კარებო!
„ჩემ ღმერთის არ მეშინოდეს“,
ფეხსაც არ დაგაკარებო!

    მოვედითო, თქვა ბოლოს და რამდენიმე ნაბიჯში ძველი სასაფლაოც გამოჩნდა.
საფლავის ქვები უწესრიგოდ იყო განლაგებული. ზოგი გვერდულად აშვერილი, ზოგიც ამოყირავებული დაგვხვდა. წარწერები არ იკითხებოდა და მე მონდომებით დავიწყე მათი ფხეკა. ვასუფთავებდი ხავსისა და ტალახისაგან და ვცდილობდი წარწერები ამომეკითხა. ჩემდა გასაკვირად, პირველივე საფლავი, რომელიც გავასუფთავე, თეთრაულისა აღმოჩნდა. გავოცდი, მესიამოვნა და თან რაღაც მინიშნებად ჩავთვალე:  მე ხომ თეთრაულების რძლობით გავხდი ნახევრად ფშაველი, იმ ადგილას ვიყიდეთ სახლი, რომელსაც თეთრაულებს ეძახიან;  საერთოდაც , ფშავი ჩემთვის სწორედ თეთრაულებთან ასოცირდება  და...
    გახარებული ვარ.  უფრო გულმოდგინედ განვაგრძე საფლავების დასუფთავება. ზოგზე გვარი ამოვიკითხე, ზოგზე ვერა. მაგრამ მიხარია,  ვგრძნობ,  რომ რაღაც  კარგს ვაკეთებ...
      _  ასე უწესრიგოდ რატომაა საფლავები მოფანტული და ამოყირავებული-მეთქი,  _ ვიკითხე. 
    _  ტყიდან მორებს აქედან ეზიდებოდნენო _ მოვისმინე პასუხად და ამის წარმოდგენამ შემზარა.
    ქვების ნაწილი შუაზე იყო გადამტვრეული და ერთმანეთს დაშორებული.  ზოგი ქვა მიწაში ღრმად იყო ჩაფლული და მხოლოდ წვერიღა ჩანდა. ალაგ-ალაგ ჩვეულებრივი ლოდებიც ელაგა. შავი ჭირის დროს ქვის გამოთლას ვეღარ ასწრებდნენ და საფლავებს ასე ინიშნავდნენ თურმე.  ყველაზე სევდისმომგვრელი ბავშვების პაწაწინა საფლავებია.
    ერთმა საფლავმა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სხვა ქვებისგან განსხვავებით, ზედ ქალის სახე იყო ამოტვიფრული.  აშკარად ეტყობოდა, მდიდარი ქალის საფლავი უნდა ყოფილიყო. წარწერა აქაც ცუდად იკითხებოდა.  ძალიან მოვინდომე.  ვფიქრობდი, იქნებ მივაგენი იმას, რასაც ვეძებ-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ამოვიკითხე.
ჩემი დედამთილი და ნაზი ძალო ბავშვობის ამბებს იხსენებდენენ, ხან მხიარულს, ხან სევდიანს. ლაპარაკით დაღლილებს უკვირდათ მე საფლავების გასუფთავებით როგორ არ ვიღლებოდი. ბოლოს მართლა დავიქანცე.
    უკვე ბინდდებოდა.
    ერთ  უსახელო და უფორმო საფლავის ქვასთან გავჩერდი, სანთელი დავანთე, სხეულით ავეფარე, რომ ნიავს არ ჩაექრო  და ძალიან გულით ვილოცე მიცვალებულთა სულებისთვის...
    ის ერთი საფლავი გულში ჩამრჩა.  ნაკლებად სავარაუდოა, ხვარამზეს საფლავი ყოფილიყო, თუმცა,  ვინ იცის!..
    უხმოდ ვეშვებოდი გორალადან დაღლილი და დარდიანი.
გორალაო, აბა, რა გორალა, მე „სევდისგორი“ დავარქვი იქაურობას.  ჩემთვის ასე მოვნათლე და ასეც მოვიგონებ ხოლმე. ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს, როცა არტან-თეთრაულებში ჩემს მარტოობას ნაჩვევ სახლს ამოვაკითხავ, აუცილებლად ავივლი  ჩემს  „სევდისგორზეც“.  სანთელს ავუნთებ მიტოვებულ საფლავებს და დავიწყებულ მიცვალებულთა სულებისთვისაც  გულმოდგინედ  ვილოცებ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები