ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2012


== კიტრა. დუნიაჰ. თავკომბალები (ნაწილი 2) ==

  გადიოდა დრო და ეს ამბავი ბევრად არც არავის აგონდებოდა. არც უყვარდათ გახსენება და ვაჟიკოს და დუნიაჰის დაბადების გადაჭარბებული მნიშვნელობაც ნელ–ნელა მიივიწყა ყველამ.

ერთადეთი ვინც ვაჟიკოს დანახვაზე თვალის გუგებს გაიფართოვებდა, ფითრის ფერს გადაიკრავდა ისედაც დამჭკნარი და ჩამოღვენთილი და კიდურებს კიდევ მეტად აიცახცახებდა–ხოლმე, ას წელს მიტანებული ვერონიკა იყო, სულგულაძე.
  ორიოდ სიტყვა მასზეც უნდა ითქვას, როგორც მისტიური ამბების გუდასა და შემგროვებელზე. ხან ნოეს დროინდელ ლეგენდებს უყვებოდა და ხან უსაკურთხოდ მობოდიალე მკვდრების შეშფოთებულ აჩრდილებზე აწვდიდა ინფორმაციას თვალებდაფართოებულ პატარებს.  რამდენი რამ სმენოდა ვერონიკას ასეთი აჩრდილების შესახებ, რამდენი ლეგენდისთვის მოუკრავს ყური.
რამდენი მოისმინა და  დაიმახსოვრა სხვისი ნათქვამი.
მაგრამ, რაც თვითონ შეემთხვა, რაც თავისი თვალით ნახა – ერთხელ მოხდა მხოლოდ მის ცხოვრებაში და ყველაზე გაუხუნარი, ვერმიჩვეული ჟრუანტელით იმ ამბავს იხსენებდა–ხოლმე, სწორედ.
ოღონდ ამას თავისთვის, ჩუმად.
არ იქნებოდა და არაფრის დიდებით არ გაბედავდა ვინმესთვის გაენდო ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი  ეს უცნაური ამბავი.
როგორ მოხდა, რომ სოფელში ის დღე მხოლოდ ვერონიკას აგონდებოდა, ვერ გეტყვით, შეიძლება ყველა წასული იყო იმ ქვეყნად, ან დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს შემსწრეებმა და მიივიწყეს.
ვერონიკას კი ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ახსოვდა.

  იმ წელს ისეთი სიცხეები დაიჭირა – სოფელი მხოლოდ შეღამებულზე თუ გამოეფინებოდა–ხოლმე გარეთ. 
  ვერონიკას მამისეული სახლი მოზრდილ გორაკზე იდგა. სულგულაძეების ეზოში ზაფხულობით ხშირი შეფოთვლით ხეები ისეთ ჩეროს აჩენდნენ – იქ ჯდომას ან წოლას– არაფერი ჯობდა.  შემაღლებულიდან კარგად მოჩანდა თუკი ვინმე დაადგებოდა მათი სოფლისკენ მომავალ ალმურაკლაკნილ შარას. ხოდა, უნდოდათ-არ უნდოდათ, მაინც  ვერონიკას ხედვის არეალში უნდა ამოევლო ყველას - სხვანაირად ვერ იქნებოდა.
 
იმ დილითაც ასე იყო. შორს წერტილად დააჩნდა გზას მუქი ლანდი.  უახლოვდებოდა სოფელს და ნელ–ნელა იძენდა უცნაურ ფორმას.
აკვირდებოდა ვერონიკა და რაღაც უჩვეულოს მოლოდინში მეტად და მეტად უცემდა გული. მითუმეტეს რომ ლანდმა შარაზე ამოიარა და ყოველი ეზოდან მოჯადოებულებივით გამოიყოლა ადამიანები. მოდიოდა და კვალში მოჰყვებოდნენ იმსოფლელები ჩურჩულით, მხრების ჩეჩვით და  სიფრთხილით.
ვერონიკაც სასწრაფოდ დაეშვა თავდაღმართში.
ლანდი წყაროსთან შეჩერდა. წყალი დალია. სული მოითქვა და იქვე  ჩამოჯდა, ხის მორზე.
  ვერავის ამჩნევდა თითქოს. იჯდა უძრავად. არც ეხამუშა შუბლზე დაბჯენილ–მინათებული ათეულობით  ცნობისმოყვარე თვალი.
 
  გაგაკვირვებდათ. ნახევრად დათვის და ნახევრად მგლის ბეწვით შეკერილი, ჭრელი ნაჭრებით და ზანზალაკებშებმული  მოსასხამი ეცვა. კი არ ეცვა, თავზე ჰქონდა გადმომხობილი. არც თვალები  უჩანდა და არც ცხვირი და მხოლოდ ძაფივით წვრილი ტუჩ–პირი და დროდადრო მეჩხერი ღოჯები გაკრთებოდა–ხოლმე მოსასხამიდან.
  ნელ–ნელა მიუჩოჩდნენ, ჩამოუსხდნენ აქეთ–იქიდან. ზოგმა ზანზალაკები აუჩხარუნა თითებით, ზოგმა ვაშლი ჩაუდო ხელში. „მოიშინაურეს“.

  მონღოლი იყო. ტუდიფი ერქვა. ცხოველ–ბალახების და გარდაცვლილების  ენა მესმისო. ქალი იყო თუ კაცი – ვერ გაიგეს. ხან წრიპინით საუბრობდა, ხან ბოხი ხმით.
  "წარსულს ვხედავ, აწმყოს ვგრძნობ და მომავლის წინთქმაც შემიძლიაო."

  ზოგმა – გიჟიაო, ზოგიც გამომცდელ შეკითხვებს უსვამდა. ზოგმა რაღაც დაიჯერა – რაღაც–არა.
    ზოგმა – არსებობს აუხსნელი და ზებუნებრივიცო.
    სულგულაძე ვერონიკას კი, არც ერთი სიტყვა გამოჰპარვია.
    ჰოდა, "კიტრის ბაღჩაში დაბადებული ან დაგაქცევთ ან აგაშენებთო", რომ დაიბარა ტუდიფმა, ეგ სიტყვები ვერონიკას გარდა – არავის გახსენებია სირაბიძის ამ ქვეყნად მოვლინებისას.
ეგ მიზეზი იყო, მოხუც ქალს, ვაჟიკოს დანახვაზე რომ ათრთოლებდა და აზრით პირჯვარს აწერინებდა.
  ეშინოდა ვერონიკას კიტრასი. ძალიან ეშინოდა. უფრო იმის ეშინოდა, რომ ბავშვობაში განაგონი წინასწარმეტყველება ახდებოდა და ამ ერთადერთი თვალით ნანახი სასწაულის აცხადება – მთლიანად შეძრავდა მის ზემგრძნობიარე არსებას.

  ვაჟიკოც, თითქოს, გრძნობდა იმის შიშს და თითქოს, განგებ ჩადიოდა მის დასანახად ისეთ რამეებს, ვერონიკას გულის წასვლამდე ბევრი არაფერი დააკლდებოდა–ხოლმე.

  მაგრამ, მივანებოთ სულგულაძის ქალს ჩვენც თავი. მითუმეტეს, რომ არც გაგვახსენდებოდა, მხოლოდ მის მეხსიერებას რომ არ შემორჩენოდა ტუდიფი და იმისი წინასწარმეტყველება.


(გაგრძელება იქნება...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები