ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2012


== კიტრა. დუნიაჰ. თავკომბალები (ნაწილი 3) ==

  წამოიზარდნენ ვაჟიკო და დუნიაჰი. 
  შეხედავდი და ვერ დაიჯერებდი, რამე საერთო თუ შეიძლებოდა ჰქონოდათ ამ ორ, ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავებულ ამხანაგს.
 
დუნიაჰი იმთავითვე უფერული ბავშვი იყო. ძვლების ნაცვლად თევზის ფხისგან გეგონებოდა აწყობილი. წვრილი და თითქმის უყურო თავით.  ერთადერთი რაზეც ბუნებამ თავისი ბარაქიანობა არ დაიშურა  დუნიაჰის ნაკვთებში - ეს ცხვირი იყო. ცხვირის გამო ამას უფრო შეჰფეროდა ვაჟიკოს მეტსახელი.
ფეხები წვრილი და ნახევარრკალები. მისი გაფშეკილი თმის შემხედვარე ქოსა კაცს - გული სიამაყით ევსებოდა თავისი სიქოსის გამო. მოკლედ, ვაჟიკოს გვერდით დუნიაჰი უფრო ჰგავდა შვიდთვიანს.

ვაჟიკო კი, პირიქით ზურგიდან რომ შეგეხედა ზრდასრულ კაცში აგერეოდა - ფერ-ხორციანი, სქელი კისერით. თავი იმაზე ბევრად დიდი ზომის, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს რამეში შეიძლება გამოადგეს. ფეხები -განზე გასული. მსხვილი კოჭებით. ბუღა ხარივით აბრდღვიალებდა თვალებს და თუ განწყობაზე ვერ იყო და ვინმეს ამ თავის შავ თვალებს მიანათებდა, იმას შიშის ჟრჟოლა თუ არა, უსიამო გრძნობა აუცილებლად დაუღიტინებდა მუხლის სახსრებში.

  უყვარდა ვაჟიკოს ძილი. დუნიაჰი კი, მზეს როგორ დაასწრებინებდა ამოსვლას – სირაბიძეების სახლისკენ ჩაირბენდა, კაკლის ხეზე აძვრებოდა და სარკეში მომწყვდეული მზის სხივით შუბლს და ლოყებს უხურებდა მძინარე კიტრას. ბოლოს, თვალებშიც ჩაანათებდა და საწოლიდან წამომხტარი ვაჟიკიეს ღრიალს – გულიან სიცილს აუყოლებდა.

  დილას ერთად იწყებდნენ, მთელ დღეს ერთად ატარებდნენ და მხოლოდ ძილით ეძინათ სხვადასხვა ჭერქვეშ.

  გართობა და ინტერესიც უცნაური ჰქონდათ ბიჭებს.
  დაზამთრებამდე ღელის სამხრეთით – დაჭაობებულ ადგილებში ატარებდნენ  დროს. ჩაჰქონდათ ნაირნაირი ქილები, ბოთლები, ჭიქები – აგროვებდნენ მწერებს, გველებს,ბაყაყებს. მაგრამ,  რაც ყველაზე მეტად უყვარდათ,რასაც ყველაზე დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ ეს იყო  – თავკომბალები.
  ეცოდებოდათ,განა არა – შუაზე წრფივად ჩაჭრილი თავკომბალა, მაგრამ, გამოკვლევები ითხოვდა მსხვერპლსაც და ცივსისხლიან ხელ–სკალპელ–მომარჯვებულობას  ამათგან. აბა, ხომ უნდა გაეგოთ წლის სხვადასხვა პერიოდში რა და როგორი შიგთავსი ჰქონდათ ჯერბაყაყადარქცეულ საჯიშე საბაყაყეებს.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები