ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2013


დროში გარდატეხილი ტობი


                                                                                                                                                                                               
                                         
                                              ტობავარჩხილის პირას

ადრიანი შემოდგომის წყნარი დარი იდგა. ჩვენს წინ გადაშლილიყო, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, მარადი თოვლის ძირას მოლივლივე კამკამა ტბა _ ტობავარჩხილი. წლების წინ მე, ჩემი ცხონებული ტყუპისცალი ძმა ტობი და ჩვენი ბავშვობის მეგობრები დათა და წათე ხშირად ვსტუმრობდით ამ ადგილს, _ ქეიფშიც ხშირად დაქვთენებია, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი ძმა დაიღუპა, ტრადიციამ რომელიც ტობავარჩხილზე ხშირად სტუმრობას ითვალისწინებდა, განვითარება ვეღარ პოვა და აი კარგა ხნის შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხეთ და ვეწვიეთ ვერცხლადწოდებულ ამ ულამაზეს ტბას.
ჩვიდმეტ წელზე ცოტა მეტი იყო გასული ჩემი ძმა შავი ზღვის ტალღებმა, რომ შთანთქა და იმ დროიდან მოყოლებული ზღვის, ტბის ან თუნდაც მდინარის პირას ყოფნა ჩვიდმეტი წლის წინანდელ ავადსახსენებელ დღეს მახსენებდა, _ ჰოდა, მეც ყოველთვის თავს ვარიდებდი წყალუხვ ადგილებს. მიუხედავად ამისა დრო ყველაფრის მკურნალია და ჩემს მეგობრებთან ერთად, შემოდგომის ამ მშვიდ საღამოს, ძველი ჩვეულებისამებრ, ოჯალეშის დანაკვერჩხლებულ წალამზე ციკანს ვბრაწავდი, _ ჩემს წინ კი მზის სხივების გარდატეხით შეფერადებულ ციროსტრატუსის* ღრუბლების გარსს ირეკლავდა ულამაზესი ტობავარჩხილი.
ცოტა ხანში სავსე მთვარე ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გამოჩნდა ცის ტატნობზე აქა-იქ ფერმკრთალად მოკიაფე ვარსკვლავთა შორის. ნაკვერჩხალი შეშის მოზრდილი ნაჭრებით კვლავ კოცონად გარდავსახეთ და წყნარ ღამეს მხოლოდ ცეცხლის ტკაცატკუცთან შეზავებული ჩვენი საუბარიღა არღვევდა.
უცებ ცაზე გაიელვა ისე, როგორც ჭექაქუხილის წინ იცის ხოლმე, მაგრამ ეს გაელვება ძალზე თვალისმომჭრელი გამოდგა. ორიოდ წამში ულტრაიისფრად მბჟუტავი დისკო ტობავარჩხილისკენ დაეშვა და როგორც კი წყლის ზედაპირს შეეხო, მთელ ტბას პორიზონტალურად ულტრაიისფერივე სწორი ხაზი გადაეკრა. შემდგომ ამისა ციდან მოვლენილი უცხო სფერო ლარივით გავლებულ ხაზზე ერთხელ გადაგორდა და ისევ იმ მდგომარეობაში გაჩერდა რა მდგომარეობაშიც დაეშვა წყალში. ამის შემყურე, მათემატიკის მცოდნე ადამიანს ეგონებოდა, რომ თითქოს დისკომ მათემატიკურ რიცხვით ღერძზე მთელსა და რაციონალურ რიცხვებს შორის ირაციონალური რიცხვი პი (π)** დააფიქსირავო.
მემილიარდედის სიზუსტით π-ის დანიშნულების დადგენა კი არის შესაძლებელი, მაგრამ მისი ზუსტი მნიშვნელობის გამოთვლა შეუძლებელია. მე კი ბევრი ფიქრის მერე ამ მანევრს, ჩემეული სიმბოლური ახსნა მაინც გამოვუძებნე.
ჩვენ გაოცებული შევყურებდით ამ უჩვეულო სანახაობას. ჩემ გვერდით მდგარ წათეს ის იყო არყით სავსე ჭიქა ხელიდან გაუვარდა, რომ უმალ დისკოს სარქველიც გაიღო, საიდანაც რიგრიგობით გამოვიდნენ უცნაური არსებები და წყლის ზედაპირზე დაიწყეს სიარული. დედამიწის სტუმრები, რომლებიც შვიდნი იყვნენ, ადამიანის აგებულებისანი კი გახლდნენ, მაგრამ დედამიწის მკვიდრთაგან გარეგნულად მაინც საკმაოდ განსხვავდებოდნენ.
მათ წყალში ჩაყვინთეს და თითქმის ხუთი წუთის განმავლობაში არ ამოუყვინთავთ. წყლის ზედაპირზე დარჩა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მაღალი იყო. კარგად ვხედავდით როგორ უმზერდა ის კოცონისგან და ფერმკრთალი ბადრი მთვარისგან სუსტად განათებულ ჩვენს სახეებს. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ ეს უცხო არსებები მთვარიდან ბრძანდებოდნენ, _ ოღონდ არა დედამიწის თანამგზავრიდან, არამედ მზის სისტემის უდიდესი პლანეტის მთვარიდან _ ევროპიდან. ევროპა, _ იოსთან, განიმედესთან და კალისტოსთან ერთად იუპიტერის გიგანტურ მთვარეთა კვარტეტს ქმნის და ჩვენი სტუმრებიც მისი დაზიანებული და დახრამული ყინულის სქელი ქერქის ქვეშ მოქცეული თხევადი ოკეანის ბინადრები იყვნენ. ისინი ადამიანებისაგან განსხვავებით წყალში ცხოვრობდნენ, თუმცაღა უწყლოდაც მშვენივრად შეეძლოთ ყოფნა.
ასე ხუთიოდე წუთით ტბაში ყოფნის შემდეგ უცხო არსებებმა წყლიდან ამოყვინთეს და რიგრიგობით შევიდნენ თავიანთ მფრინავ ხომალდში. ხომალდის სარქველი დაიკეტა, _ რამდენიმე წამში დისკო ნელა აიწია წყლიდან და უცებ ისე მოწყვეტით გაფრინდა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით _ მათ კი ჩვენგან, ალბათ უკვე მრავალი ათასი კილომეტრი აშორებდათ...
გაშეშებულები შევყურებდით ცას. მოულოდნელად დათამ მხარი გამკრა და ტბისკენ თითი გაიშვირა. ტბიდან ხმაური შემომესმა _ თითქოს ვიღაც ჩვენსკენ მოცურავდა.
მართლაც, როცა ცურვით მოგვიახლოვდა, მასში უცნაური არსების ნაცვლად ადამიანი აღმოვაჩინეთ და ერთბაშად შვება ვიგრძენით. როგორც იქნა იდუმალებით მოცულმა მოცურავემ ნაპირს მოაღწია. ის წყლიდან ამოვიდა, ჩვენ წინ დადგა და ჰოი საოცრებავ! _ ეს კაცი ჩემი ტყუპისცალი ძმა იყო, რომლის შესანდობარი სადღეგრძელოც რამდენიმე საათის წინ დავლიეთ. ტობი ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩვიდმეტი წლის წინ, _ წლები საერთოდ არ ეტყობოდა.
                                                     
                                                        გამოღვიძება

მე შევეცდები მოკლედ გიამბოთ ამბავი, რომელიც ჩემი ძმისაგან შევიტყვე _ ხოლო განსჯა ამ ამბისა თქვენთვის მომინდია.
ჩვიდმეტი წლის წინ, შავი ზღვის აზვირთებულ ტალღებში ლაღად მოცურავე ტობისთან ულტრაიისფრად მბჟუტავი დისკო დაეშვა. იქიდან გამოსულმა დედამიწის სტუმრებმა ჩემ ძმას მკლავებში ხელი გამოსდეს, თავიანთ მფრინავ ხომალდში შეიყვანეს და იმ სიჩქარით, რომელიც სინათლის სიჩქარის 99%-ის ტოლი იყო, კოსმოსში დაფარეს ის მანძილი, რაც დედამიწიდან დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის ბინადარ, სიკაშკაშით მზეზე ოცდაორჯერ მძლავრ სირიუსამდე გაფრენას და უკან ჩამოფრენას დასჭირდებოდა. ასე და ამრიგად მის დედამიწაზე დაბრუნებამდე 17,5 წელი გავიდა, მაგრამ ამ სიჩქარით მოძრაობის პირობებში მისთვის დრო შენელდა. დაბრუნების მომენტისთვის მისი ასაკი მხოლოდ 2,5 წლით გაიზარდა. დედამიწაზე ტობი 35 წლის დაბრუნდა, ხოლო მე, მისი ტყუპისცალი ძმა უკვე ორმოცდაათი წლის ვიყავი.
ამ ხნის განმავლობაში ევროპელები ტობიზე, როგორც დედამიწის მკვიდრზე დაკვირვებებს აწარმოებდნენ, მაგრამ ჩემ ძმასაც ბევრი სამყაროსეული საიდუმლოება გადასცეს. მათ ტობის ტვინის ნეირონების დენდრიტებში*** ლაზერული სხივით შეიყვანეს თითო-თითო ნანომეტრის**** სხეულები, რომლებშიც მოთავსებული იყო უამრავი ინფორმაცია და აქედან გამომდინარე ტობის გადაეცა ისეთი საიდუმლოც კი როგორიც არის წარსულში დაბრუნება. მან იცის რანაირად უნდა ააგოს საჰაერო ხომალდი, რომელიც იფრენს იმ სიჩქარით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სინათლის სიჩქარეს და რომლის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი წარსულში მოგზაურობა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ სინათლის სიჩქარე შეადგენს 300 000 კილომეტრს წამში. ისეთი სიჩქარის შესატყვისად რაც აღემატება სინათლის სიჩქარეს ხდება დროის უკან სვლა _ ეს მათემატიკურადაც მტკიცდება, მაგრამ აქ ვხვდებით ერთ დიდ პრობლემას. ფარდობითობის თეორიის თანახმად, თუ სხეული სინათლის სიჩქარით იმოძრავებს, მისი მასა უსასრულოდ დიდი გახდება, თუმცა ტობის გადაეცა ცოდნა იმისა, თუ რა გზებით შეიძლება მასის ზრდის შეჩერება და სხვა ნიუანსები...
სხვათაშორის აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყენება, უკვე დედამიწაზე აპრობირებული ტექნოლოგია, _ მასკანირებელი ტუნელური მიკროსკოპის დახმარებით შექმნილი მოლეკულა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დარგში, ნანოტექნოლოგიებშიც***** მიიღება.
გეტყვით იმასაც, რომ ეს ამბავი შეიტყვეს ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კანავერალის კონცხზე არსებულ, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალურ სამართველოშიც და ტობი მიიწვიეს რათა ...
და აი ამ დროს ბერს გაეღვიძა! ის ნელ-ნელა გამოვიდა ძილბურანიდან. მას რაღაცნაირად გულიც კი დაწყდა. იგი ხომ თითქოს თავისი ხელით დაწერილ ძალიან საინტერესო წიგნს კითხულობდა სიზმარში, ჰოდა ამბის დასასრულიც აინტერესებდა _ მით უფრო, რომ ორმოცდაათი წლის ბერი პროფესიით ასტროფიზიკოსი გახლდათ, _ მის გონებაში კი სამყაროს შექმნის მეცნიერული და ბიბლიური ვერსიები, _ საერთოდ სამყაროსადმი შეხედულება, უცხოპლანეტელების არსებობა თუ არარსებობა, ხშირად თანხვედრაში ვერ მოდიოდა ერთმანეთთან. ერთ მხარეს იყო დიდი აფეთქება, ხოლო მეორე მხარეს ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო... კარგა ხანია მსგავსი ფიქრები ბერს ტვინს უღრღნიდა.
უცებ სენაკი უჩვეულოდ აელვარდა! ბერს ნეტარი ავგუსტინე***** გამოეცხადა და ერთი ამბავი უამბო...
                                                   
                                                      გამოცხადება

ერთხელ, როდესაც ნეტარი ავგუსტინე ქალაქ იპონში წმინდა სამებაზე****** წიგნს წერდა, უდიდესი გონებრივი დაძაბულობისგან დაღლილი, სასეირნოდ გარეთ, აფრიკის სანაპიროზე გამოვიდა. თუმც წიგნის წერას ცოტა ხნით მოსწყდა, მაგრამ წმინდა სამების მიუწვდომელ საიდუმლოს გონებით წვდომას კვლავ განაგრძობდა. უეცრად ზღვის ნაპირზე მისი ყურადღება ლამაზმა ჭაბუკმა მიიპყრო, რომელიც პატარა ვერცხლის კოვზით ზღვიდან წყალს იღებდა და პატარა ორმოში ასხამდა. ნეტარი ავგუსტინე ჭაბუკს მიუახლოვდა და ჰკითხა, _ რას აკეთებო?.. _ ჭაბუკმა კი უპასუხა, _ ეს ზღვა მინდა ამოვხაპო და ორმოში ჩავტიოო. როცა ნეტარმა ავგუსტინემ ამ აზრის აბსურდულობას გაუსვა ხაზი _ ჭაბუკმა უპასუხა, _ მე უფრო ადვილად შევძლებ ამას ვიდრე შენ გონებით მისწვდები წმინდა სამების მიუწვდომელ საიდუმლოს და ჩატევ შენს წიგნშიო. ის ჭაბუკი ანგელოზი იყო.
როდესაც ნეტარი ავგუსტინე უჩინარი შეიქნა _ ბერი ჩაფიქრდა, შემდეგ კი თავში ასეთმა აზრმა გაუელვა…
_ სამყაროს ყველაზე უმთავრესი და დიდი მტერი შავი ხვრელიც ხომ ფიზიკის კანონებს არ ექვემდებარებაო?.. ის რატომღაც ამის შესახებ ადრე საერთოდ არ ჩაფიქრებულა. ღრმად არ დაფიქრებულა არც იმაზე, რომ სამყაროში, უმცირესი პოზიტრონიდან უდიდეს სისტემებამდე და გალაქტიკამდე ყველაფერი ზედმიწევნით კანონზომიერების ჩარჩოში ჯდება.
მსგავსი არდაფიქრებები ერთგვარად მეცნიერების ავადმყოფობას წარმოადგენს. ისინი მოვლენებს განიხილავენ მათ განვითარებაში, ურთიერთკავშირში და ამტკიცებენ, რომ ეს არის ესე, მაგრამ ამის იქით ვეღარ მიდიან.
ნელ-ნელა ბიბლიურმა ვერსიამ ბერის ქვეცნობიერში დამაჯერებელი გამარჯვება დაიწყო. მის გონებაში ქრისტიანულ სარწმუნოებრივმა ლოგიკამ დაჯაბნა მეცნიერების, _ მთავარ სიღრმისეულ აზრს მოკლებული შეხედულება, რომელიც არ არის სრულყოფილი ჭეშმარიტება და თვით მეცნიერების განმარტებითაც კი მეცნიერების ჭეშმარიტება პირობითია.
ბერი ფიქრებში იყო ჩაფლული. ამ დროს სენაკის კარი ნელა გაიღო. მან კარისკენ გაიხედა და ბოლოსდაბოლოს მაინც ვერ გამოერკვა, _ სიზმარში იმყოფებოდა თუ ცხადში.
ბერს ტყუპისცალი ძმა ესტუმრა, რომელიც თითქმის ორი ათეული წლის წინ შავ ზღვაში დაიხრჩო და ბევრი მცდელობის მიუხედავად მის გვამსაც კი ვერ მიაკვლიეს.
_ ეს მე ვარ ტობი! რომ იცოდე რა აღარ გადამხდა თავს.
თქვა ახალმოსულმა და ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
                                               
                                                მომავლის ინტერვიუ

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, მზის ოქროსფერი სხივები წყნარ ლურჯად შეფერილ შავ ზღვას ელამუნებოდა, ხოლო ბუნების ამ სადა კომბინაციას ანკესმომარჯვებული, ნავში მჯდომი მოხუცი კაცი და თეთრი თოლიების მიერ სივრცეში შესრულებული ირაოები ამდიდრებდა.
სისხამ დილით მალთაყვის სანაპიროზე კაცის ჭაჭანება არ იყო, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. მან ხმელეთზე უქმად მდგომი ნავი ზღვაში შეაცურა, ზედ შეხტა, ნიჩბები მოუსვა და მოხუცს მიუახლოვდა, რომელიც მეტად უცნაური შესახედაობის გახლდათ _ მელოტს და ქოსას წარბებიც არ ჰქონდა.
ახალგაზრდამ მოხუც მეთევზეს სალამი მისცა და ასეთი წინადადებით მიმართა:
_ ჟურნალ ინტელექტის კორესპონდენტი გახლავართ, მთავარი რედაქტორისგან დავალებული მაქვს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ხალხს დაახლოებით ერთნაირი შინაარსის კითხვებით მივმართო _ მათი პასუხებიდან გამომდინარე საზოგადოების ინტელექტუალური კოეფიციენტის მიღებას შევძლებთ, _ საინტერესო ინტერვიუები კი ჟურნალის ახალ რუბრიკაში _ „ნაპოვნ ინტელექტში“ _ განთავსდება. დიდად დამავალებთ თუ ინტერვიუზე დამთანხმდებით.
მოხუცმა ახალგაზრდა კორესპონდენტს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
_ შეგატყვეთ ღრმად იყავით ჩაფიქრებული და თუ საიდუმლო არ არის რაზე ფიქრობდით?
_ თქვენ როგორ ფიქრობთ.
_ ალბათ დიდი თევზის დაჭერაზე ფიქრობდით, არა? _ პასუხმა მაინც კითხვითი ინტონაცია მიიღო.
_არა, ასეთ რამეზე ფიქრი ხომ ძალზე მატერიალისტურ შინაარს შეიცავს. მსგავს თემებზე დროის ხარჯვა და ტვინის დაღლა ფუჭ საქმიანობად მიმაჩნია.
_ მაშ რაზე ფიქრობდით?
_ რომ გითხრათ გაგეცინებათ.
_ გპირდებით მთელი სერიოზულობით მოგისმენთ.
_ კარგით, მოგახსენებთ. ანტიმატერიალურ სამყაროზე ვფიქრობდი.
_ უკაცრავად, ვერ გავიგე?..
_ მატერიალური სამყაროს უმაღლეს პლანეტა ბრაჰმალოკაზე******* სიცოცხლის ხანგრძლივობა 4 300 000 X 1 000 X 2 X 30 X 12 X 100 მზის წელიწადია. მიუხედავად ამისა მოვა დრო და ისიც განადგურდება. ბრაჰმალოკაზე დედამიწასთან შედარებით სიცოცხლე ბევრად გრძელია, მაგრამ ისიც კი ერთი გაელვებაა არამატერიალურ სამყაროთა მარადიულ სიცოცხლესთან შედარებით. მატერიალურ სამყაროში ყველაზე სწრაფი სინათლის სიჩქარეა _ ის წამში დაახლოებით 300 000 კილომეტრს ანვითარებს. ამ სიჩქარით წამში დედამიწას არაერთხელ შემოუვლით, _ თუმც მე ჩემი ფიქრით, რომელიც თავის ანტიმატერიალობიდან გამომდინარე, სინათლის სიჩქარეს ბევრად აღემატება, _ ვმოგზაურობდი ზეციდან ესოდენ დაშორებულ ანტიმატერიალურ სამყაროში, _ იმ სამყაროში სადაც მთელი კოსმოსური გამოვლინება შევა და მატერიალური სამყაროს განადგურების შემდეგ დაეშვება მატერიალური საწყისები. ვმოგზაურობდი დაუსაბამო ანტიმატერიალურ სამყაროში და იქ ჩემს ადგილს ვეძებდი.
ჟურნალისტს სახეზე დაბნეულობა შეეტყო. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი სხაპასხუპით თქვა:
_ თქვენს საყვარელ საქმიანობას რა წარმოადგენსო... რაზეც მოხუცმა მიუგო _ მუშაობაო _ და როცა ახალგაზრდა კაცის თვალებში გაკვირვებისმაგვარი გამომეტყველება შენიშნა, გადაწყვიტა პასუხისთვის მეტი სრულყოფილება შეეძინა. პასუხი კი ასეთი იყო:
_ მუშაობა საკუთარ თავში.
_ რამდენი წლის ბრძანდებით? მომდევნო შეკითხვაზე გადავიდა ჟურნალ ინტელექტის კორესპონდენტი.
_ მე მომავლიდან ვარ ჩამოსული და მართალი გითხრათ არ ვიცი რა კრიტერიუმებით ვისარგებლო, რომ თქვენთვის გასაგები გახდეს ჩემი ასაკი.
ჟურნალისტს გაეცინა _ ერთი პირობა ინტერვიუს შეწყვეტაც კი გადაწყვიტა, თუმცა რაღაც ძალამ უბიძგა რათა მოხუცისთვის კითხვები კვლავ დაესვა და ირონიული, დაცინვაშეპარული ტონალობით კითხა:
_ თქვენ ისეთი კაცი ჩანხართ უცხოპლანეტელებიც ნანახი გეყოლებათ...
_ იმათ ვისაც თქვენ უცხოპლანეტელებს უწოდებთ ძირითადად მომავლიდან დაბრუნებული ადამიანები არიან...
ვინაიდან მოხუცმა ახალგაზრდის ირონიული დამოკიდებულება იგრძნო, იქვე დაამატა:
_ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელთაც ყოველდღიური წვრილმანების გარდა არაფერი აინტერესებთ, ამაში საკვირველებას ვერ ხედავენ, ვერც გონებით წვდებიან ასეთ რამეებს და ამგვარი საკითხები ყოველთვის ყეყეჩურ ირონიას იწვევს მათშიო.
_ გთხოვთ სერიოზული პასუხები გამცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერვიუ არ შედგება და მე იძულებული ვიქნები დაგემშვიდობოთ.
_ ნუ ღელავთ ყმაწვილო, ვეცდები უფრო სერიოზულად მივუდგე საკითხს, გისმენთ!
_ ვინ არის თქვენი რჩეული მწერალი?
_ რჩეული მწერალი არ მყავს.
_ ხელოვნება თუ გიტაცებთ?
_ დიახ.
_ თქვენი რჩეული მხატვარი ვინ არის? ეგ მაინც მომახსენეთ.
_ ღმერთი
_ მე ადამიანზე გეკითხებით.
_ განა, ყველა ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში _ ღვთის ხელდასმით არ არის შექმნილი? ყველაზე დიდი შედევრი _ სამყარო _ ხომ ღმერთმა შექმნა?
_ გასაგებია, მაგრამ...
_ არავითარი მაგრამ... თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ჩვენ, ადამიანები და სხვა ყველაფერი, მატერიალურ სამყაროში სხვადასხვა ელემენტებისგან შევდგებით, რომლებსაც მენდელეევის პერიოდულ სისტემაში მოუყრიათ თავი. თითოეულ ამ ელემენტს მისთვის დამახასიათებელი ერთნაირი ატომური მასა აქვს და ამაში საკვირველს ვერაფერს ხედავთ? ანდა შემთხვევითობას მიაწერთ ელექტრომაგნიტური სპექტრის არსებობას თავის ხილული სინათლით თუ გრძელი და მოკლე ტალღებით, რომლებიც ერთი სიჩქარით _ სინათლის სიჩქარით ვრცელდება? გრავიტაციის შესახებ რაღას იტყვით? დედამიწის გრავიტაციული ველი ხომ მთვარეს დედამიწის გარშემო ორბიტაზე აკავებს, მზე კი დედამიწას და მზის სისტემის ყველა სხვა პლანეტას თავიანთ ორბიტაზე. ხედავთ ყველაფერი როგორი სიზუსტით არის მოწყობილი? კარგით, ამასაც შევეშვათ, მაგრამ მიმოიხედეთ ირგვლივ რა სილამაზეა. მხატვარი მოვა, ამ ყველაფერს დახატავს, _ არა მართებული იქნება ვთქვა გადაიხატავს, დიახ გადაიხატავს ღვთისგან შექმნილ სილამაზეს.
_ უკაცრავად ცოლ-შვილი გყავთ?
_ მყავს, მაგრამ მომავალში დავტოვე. რამოდენიმე დღეში ჩამომაკითხავენ და მეც კვლავ გავემგზავრები მომავალში ჩემს ცოლ-შვილთან :)
ჟურნალისტმა მოხუცი შეშლილად ჩათვალა და გადაწყვიტა ბოლო კითხვა დაესვა მისთვის.
_ თუ თქვენ მართლა მომავლიდან ხართ, რატომ საუბრობთ ასე ღიად, _ არ გეშინიათ, რომ დაგიჭირონ და სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის გამოგიყენონ?
_ ეგ გამორიცხულია.
_ რატომ?
_ თქვენი ჩათვლით, ყველა შეშლილ მოხუცად ჩამთვლის.
_ კარგად ბრძანდებოდეთ მოხუცო! თუმცა ბარემ ამ კითხვაზეც მიპასუხეთ, _ რა მისიით დაბრუნდით მომავლიდან?
_ თქვენთვის ინტერვიუ რომ მომეცა :)
ჟურნალისტმა დამცინავი მზერა სტყორცნა მეთევზეს, დაემშვიდობა, ნიჩბებს მოუსვა და გამოტრიალდა ნაპირისკენ.
მოხუცმაც ირონიული მზერით გააცილა „დიდად განსწავლული“ ჟურნალისტი.
ამასობაში ნემსკავას კარგა მოზრდილი თევზი გამოედო.
ჰო მართლა, ეს მოხუცი _ დროში გარდატეხილი ტობი იყო.
                                               
                                            ტობის თამამი ჰიპოთეზა

მეცნიერული აღმოჩენები დღითიდღე სულ უფრო მეტად დახვეწილ სახეს იღებს, მაგრამ მათი მატერიალური წინსვლა-მიღწევები კვლავაც სწორხაზოვანი _ სიღრმისეულ აზრს მოკლებულია და ამიტომ საჭიროა ამ სწორხაზოვანი ჰორიზონტის ჩაზნექა ქვევით _ სიღრმისკენ, რათა ჰორიზონტს იქით გამოჩნდეს სინათლე, რომელსაც აინშტაინის ცნობილი ფიზიკის ფორმულა E=mc2******** ვერ მიესადაგება, რამეთუ აღნიშნული სინათლე ფიზიკის კანონებს უარყოფს _ ის მეტაფიზიკური ფენომენია.
სწორედ ზეგანზომილების ღვთიური სინათლით იყო დამუხტული ტობი, _ როდესაც თავისი სხეულის სულით, პირადი „მე“ _ ოსტატ არგოს მიერ,დოდონეს წმინდა მუხისაგან გამოთლილ გემზე გაამგზავრა... _ რის შემდეგაც მის გონში ჩაისახა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ბერძნები კოლხეთს _ ადამის ნაქონი საწყაულისთვის _ ბიბლიური წარმომავლობის გრაალისთვის მიადგნენ.
ამ ჰიპოთეზის ერთგვარი კაბალისტიკური ფორმულირება ტობიმ გამანდო და მე შევეცდები მოკლედ აგიხსნათ თუ რას ეყრდნობა მისი ეს თამამი აზრი.

                                                            ***

ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პითაგორა რიცხვ შვიდის განსაკუთრებულობას სამისა და ოთხის ჯამში ხედავდა. ანტიკური ხანის მათემატიკოსებისთვისაც სამკუთხედი და ოთხკუთხედი წარმოადგენდა სრულყოფილ გეომეტრიულ ფიგურებს. შვიდს ეგვიპტელები და ბაბილონელებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, _ „სიცოცხლის რიცხვად“ მიიჩნევდნენ და მათთვისაც შვიდი სამისა და ოთხის ჯამს შეადგენდა.
სამი და ოთხი _ სამი და მეოთხე _ „სამოთხე“. შვიდი ასოსგან შემდგარი ეს სიტყვა, კაბალისტიკური მნიშვნელობის რიცხვით ჯამში 6325-ს აფიქსირებს. ამ რიცხვის ციფრთა შეკრებით 16-ს ვიღებთ, _ შემდეგ კი 7_ს. შვიდის კაბალისტიკური მნიშვნელობის ქართული ასოა „ზ“. ამ ასოს სრული სახელწოდება „ზენი“ ბადებს სიტყვას _ „ზენა“, რომელიც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს _ „ზეციურ ძალას“.
მოდით ეხლა სიტყვა „ზეციური“ გავშიფროდ: „ზე“_ შესაძლებლობებით, ხარისხით მეტი. „ც“_ სინათლე. „ი“_ პარადოქსული უზუსტობის გამომსახველი ასოა და ამასთანავე ასოს სრული სახელწოდება „ინი“_ დედრული საწყისის სიმბოლოა. „ური“_ ორი მდინარის, ტიგროსისა და ევფრატის შესაყართან, ოდესღაც არსებული, ბიბლიური ქალდეას, აბრაამის სამშობლოდ წოდებული ქალაქია.
ვიდრე ტობის ჰიპოთეზის ახსნას განვაგრძობდე, მოდით ქართველი ეზოთერიკოსი მწერლის _ გივი ალაზნისპირელის წიგნიდან _ „მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა“ შემოგთავაზებთ ნაწყვეტს:
„მაშ ასე; გავბედავ და გაგიზიარებთ კიდევ ერთ მოსაზრებას, რომლის მიხედვით ეს ქალაქი, ნაშენი ოქროთი და სხვა ძვირფასი თვლებით საქართველოს ქვეშ _ მიწაში მდებარეობს. მას არ ესაჭიროება არც მზე, და არც მთვარე, რამეთუ ღმერთის დიდებამ გაანათა იგი... (გამოცხადება; 21-23).
დიახ ბატონებო, ეს ის ნათებაა, რომელიც ამ რეგიონში ზეციდან სვეტიცხო-ველით შემოდის. სწორედ ეს ნათებაა საფუძველი, რათა რომელიღაცა ადგილზე, მიწაში ჩაშენებულ ქალაქს არ დასჭირებოდა არც მზე და არც მთვარე.
საქართველოს წიაღის ეს უდიდესი საიდუმლოება პირველ რიგში სულიერი სამყაროს იმ ცოდნას გულისხმობს, რომელსაც მიწაში დაგროვილი ნათება შეიცავს. ასეთი პროცესი ბუნების თვითმყოფადობაა, ან ასე შეიძლებოდა ამ მოსაზრების ფორმირება: ამ ნათებაში კოდირებულია უდიდესი (ვიმეორებ) ... უდიდესი ცოდნა და აზროვნების უნარიანობა. შემეცნების ასეთ უნარს ბადებს ის სიმშვიდე, რომელსაც ქვესკნელში ჩასული ადამიანები აღწევენ. სიღრმეში ჩასული მამაკაცის „იან“ სხეულზე, მიწისქვეშ დაგროვილი „ინ“ ველის ზემოქმედების გამო მამაკაცის ენდოკრინული ცენტრები ზე-განვითარებას განიცდიან, რაც საფუძველი ხდება ჯირკვალთა სისტემის გახსნისა კოსმოსის მიმართ.
უნდა დავუშვათ ალბათობა, რომ ვგონებ მიგნებულია ჭეშმარიტი ქალაქი „ჰ-ური“, რომლის გამოყენებაც უკანასკნელად ამ ქალაქის მკვიდრთ _ შუმერებს უნდა სცოდნოდათ. მხედველობაში მაქვს: მათი ზეციური მანანით დაპურება; კოსმოსში გარდასხეულება; დროის ხელოვნური გამოცვლა და სხვა... თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არსებული, ორი მდინარის _ ტიგროსისა და ევფრატის შესაყართან ოდესღაც ნამდვილად არსებობდა ქალაქი „ური“, მაგრამ იგი მხოლოდ კოპიოს წარმოადგენდა ჭეშმარიტი „ჰ-ური“ ქალაქისა. მოგონილი „ური“ ეპოქების თვალის ახვევის მიზნით ჩვენი პლანეტის სხვა ტერიტორიაზე იქნა აშენებული და არა იქ, სადაც დედამიწის აზრობრივი ღერძი პროექცირდება. ამიტომ, შეთხზულ შუამდინარეთში აგებულ ქალაქ _ „ური“-ს „ჰ“ გამოაკლდა, ვინაიდან ეს ასო დედამიწიდან კოსმოსში გამსვლელ პროცესს გულისხმობს. „ჰ“-პროცესის არსის გადამალვა კი ბაბილონის გოდოლისა და მასთან დაკავშირებული კოსმოგონიური სისტემის ტაბუმ განაპირობა“.
ასეთია ქართველი ეზოთერიკოსის მოსაზრება ქალაქ „ჰ-ურის“ შესახებ და მას ისეთი სარწმუნო მტკიცებულებებით ამყარებს, რომ დაფიქრება ყოველივე ამის შესახებ ნამდვილად ღირს. სხვათაშორის ის არგონავტების ძებნის ობიექტად საქართველოს მიწის ქვეშ აგებულ ქალაქ „ჰ-ურის“ და მასში დაგროვებულ ცოდნას მიიჩნევს.
ახლა თქვენს ყურადღებას შუმერული რიცხვების აღმნიშვნელ მთავარ სიმბოლოზე შევაჩერებ და ავღნიშნავ, რომ სამკუთხედს ქვემოთ პროექცირებულია შვეული ხაზი, რომელიც ამოტრიალებული სამკუთხედის წვეროზეა შეერთებული და შუმერულ რიცხვს სასმისის ფორმას აძლევს. ტობის აზრით სამკუთხედი _ მიწიური სამი განზომილების აღმნიშვნელი სიმბოლოა, ხოლო შვეული ხაზი _ ზეგანზომილების სინათლე, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილულ სინათლესთან.
შუმერული რიცხვების გამომხატველი მთავარი ნიშანი _ ამქვეყნიური სამი განზომილების და მეოთხე ზეგანზომილების _ ასევე ადამის ნაქონი სასმისის ერთგვარ სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ გრაალი, შუმერული მითოლოგიით ქვესკნელში აგებულ, საქართველოს ქვეშ დამარხულ ქალაქ _ „ჰ-ური“-ში უნდა იყოს.
გრაალის მეორენაირ დასათაურებაში თუ ასო „წ“ მოთავსდება _ მივიღებთ არა სასმისს, არამედ საწმისს. „წ“ კი ამ შემთხვევაში _ სიტყვებთან: „წმინდა“ ან „წყალი“ და სასმისის საწმისად გარდასახვის აღმნიშვნელ ასოდ შეიძლება მივიჩნიოთ.
საწმისი, სასმისი და სამოთხე!!! _ თუ დავუკვირდებით შვიდი ასოსგან შემდგარი სიტყვებია, ხოლო სამოთხის კაბალისტიკური ფორმულირებით ამოხსნილი ამოცანა, თავისთავად მიუთითებს სამოთხისა და ადამის _ როგორც სამოთხეში დაბადებული პირველი ადამიანის ურთიერთკავშირზე.
აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ _ დროში გარდატეხილი ტობის ჰიპოთეზა, სრულიად შესაძლებელია, რომ სიმართლის საბურველში იყოს გახვეული.

--- 2013 წელი ---


სქოლიო:

*ციროსტრატუსი _ ყინულოვანი ღრუბლების ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია მზის სხივები გარდატეხოს, რის შედეგადაც მათი გარსი ფერადდება.

**(π) _ სხვადასხვა ჯგუფის რიცხვებს სხვადასხვა სახელი აქვს. თეორიულად, რიცხვები შეიძლება სწორ ხაზზე _ რიცხვით ღერძზე განვალაგოთ. წილადი რიცხვები მთელ რიცხვებს შორის თავსდება. ირაციონალური რიცხვები არც ერთ წილადს (ანუ რაციონალურ რიცხვებს) არ უტოლდება. მათი მაგალითია π. მიუხედავად იმისა, რომ π ირაციონალური რიცხვია, მას მაინც აქვს თავისი ადგილი რიცხვით ღერძზე. მისი სათანადო ადგილის მოძებნა შესაძლებელია ერთეულოვანი დიამეტრის მქონე წრეწირის შემოხაზვით და რიცხვით ღერძზე მისი ერთი სრული გადაგორებით.

***ნეირონები, დენდრიტები _ თავის ტვინში ნერვულ უჯრედებს, ანუ ნეირონებს, ელექტრული შეტყობინებები ძალიან სწრაფი სიჩქარით გადააქვს. თითოეულ ნეირონს აქვს რამდენიმე „მიმღები“, რომლებსაც დენდრიტები ეწოდება. მათში გავლით ინფორმაცია მთავარი უჯრედისკენ მიემართება.

****ნანომეტრი _ ნანო არის 1/1 000 000 000 (1 მემილიარდედი).

*****ნანოტექნოლოგია _ მასკანირებელი ტუნელური მიკროსკოპის დახმარებით, რომელსაც ცალკეული ატომების გადაადგილება შეუძლია, მეცნიერებმა ახალი მოლეკულა შექმნეს. მას პროპელერის ფორმა და მეტრის მემილიონედზე ოდნავ მეტი დიამეტრი აქვს. გათბობისას ეს „პროპელერი“ ბრუნვას იწყებს. ამ მოლეკულების გაერთიანებით მტვრის ნაწილაკების სიდიდის მიკრომანქანების შექმნაა შესაძლებელი.

*****ნეტარი ავგუსტინე _  ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი, დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი, პატრისტიკის წარმომადგენელი, რომელმაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანული ღვთისმეტყველური კანონიკის განვითარებაში.

******სამება _ სამება არის ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც მზისგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია, მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს ანუ იესო ქრისტეს.

*******ბრაჰმალოკა _ ინდუიზმში – ცა (პლანეტა), სადაც ღმერთები ბინადრობენ.

********E=MC2 _ ინშტაინის ფორმულა E = MC2 მეოცე საუკუნეში აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ფორმულად ითვლება, თუმცა ერთი ანომალია წარმოიშვა… ამ ფორმულის გამოყენებისას აღმოჩნდა, რომ სამყაროს მხოლოდ 4%-ია მატერია. მეცნიერები ამბობენ, რომ რაღაც ნაწილი არის ე.წ. “შავი მატერია”. ის ყველგანაა, სადაც არაა ხილული მატერია. შავ მატერიას არა აქვს ფორმა, წონა, გარეგნობა, სიმყარე, სინათლე… რადიოტალღები კი მასში დაბრკოლების გარეშე გადის.
                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები